საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორელი ანა ძიძიგურის აღწერილი - ევროპული შობის დღესასწაული

personuser access_time8-12-2018, 16:15


გერმანია საკუთარი საშობაო სამზადისით მსოფლიოს ხუთეულშია. ადგილობრივები დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. დიდ ქალაქებში საშობაო ბაზრობები ეწყობა. შენობებისა და ფასადების მორთულობა კი, პირველია, რაც თვალს ხვდება. სიცივის მიუხედავად, ქუჩებში ხალხმრავლობაა. ყველა თბილ “გლინტვეინს“ მიირთმევს და პოზიტიური განწყობით დახეტიალობს აბრჭყვრიალებულ ქუჩებში.



“ ადგილობრივებს ეზოები, სახლები, მიმდებარე ტერიტორია სულ განათებული და გადაპრანჭული აქვთ. აქ მთავარი დღესასწაული შობაა. ახალ წელს უბრალოდ ისვენებენ“-გვიყვება გორელი, ქალი ანა ძიძიგური, რომელიც წლებია გერმანიაში ცხოვრობს.

ანა ძიძიგური, გერმანიაში, ქალაქ მარბურგში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მეუღლე ტიპიური ევროპელია და მათი ოჯახი შობას ტრადიციულად ხვდება. როგორც გვიყვება, ცდილობენ დღესასწაული სადად აღნიშნონ. სახლში ცოცხალ ნაძვის ხეს დგამენ, საღამოობით კი, ზედ თაფლის სანთლებს ანთებენ. სუფრისთვის მხოლოდ ერთ ტრადიციულ კერძს ამზადებს.

“საშობაო, ტრადიციული კერძია, ბატი წითელი კომბოსტოთი და კარტოფილით. ბატი მოთავსებულია თიხის თავსახურიან დიდ ჭურჭელში და კეთდება ელექტრო ღუმელში. ღამე ეკლესიაში ვხვდებით. ტკბილეულს ვამზადებთ. აქ მარციპანი ძალიან მიღებულია, ტრადიციული ტკბილეულია და ყველაფერზე ნახავთ. მე დიდად არ ვემზადები, ქართული ახალი წელი უფრო მიყვარს. მხოლოდ ნაძვის ხეს ვდგამ აქ“-ამბობს ის.



ანა, ევროპულ საშობაო ბაზრობებზეც ამახვილებს ყურადღებას და Dianews-ის მკითხველს დღესასწაულთან დაკაშირებით, გერმანულ ტრადიციებზე უამბობს.

“პირველად რომ გერმანიას ვესტუმრე, თვალებს არ ვუჯერებდი- ყოველთვის მეგონა, ქართველები ვიყავით ჭამა- სმის მოყვარულები. ასე არ არის. გერმანიაში, რომ გურმანები ცხოვრობენ, სხვაგან არსად, ჩემი აზრით. მთავარი და საინტერესო მაინც ისაა, რომ ამბევრ ჭამა-სმაშიც კი, ზომიერებას, გართობას, სიამოვნებას ხედავ.

ყველამ ვიცით, რომ შობის დღესასწაულს ქვეყნების უმრავლესობა, 24-25 დეკემბერს ზეიმობს. მათ შორის გერმანიაც. მაგრამ, შობამდე ვინ ითმენს ...

გერმანელებს ხომ დაგეგმილი და მომზადებული, გათვლილი ცხოვრება უყვართ ( მაგ, მეგობარს აგვისტოში ქორწილი აქვს და მოსაწვევები მარტში მოგვივიდა ). ხოდა, ასეა შობაც.



მზადება და განწყობა სექტემბერიდან შეინიშნება. სუპერმარკეტები გადავსებულია უკვე საშობაოდ - განსაკუთრებულად, ლამაზად შეფუთული ტკბილეულითა და საჩუქრებით.
საჩუქრებსაც თვეებით ადრე იძენენ და იმარაგებენ.

პირველ დეკემბერს სავალდებულოა, საშობაო დეკორაციებით შეხვდენ ქუჩები, ოფისები, მორთულ-მოკაზმულია უკვე ყველაფერი და პირველ დეკემბერს იხსნება ზუსტად გურმანებისთვის მოწყობილი სივრცეები და შეხვედრების ადგილი - საშობაო ბაზრობა.

იყიდება ხელნაკეთი სხვადასხვა სახის ნივთები. მზადდება გრილზე აშიშხინებული სოსისები ფუნთუშით და მდოგვით. ცხელ- ცხელი ჩვენებური ბლინების თხელ, დიდ ცომზე წასმული თაფლი, ლიქიორი, ნუთელა, ბანანი, ცხელი მთვრალი ალუბალი. გადაგიხვევენ და იქვე მიირთმევ ახლადმომზადებულს.



სწრაფი კვების დაწესებულებებში, უგემრიელესი ნაწარმის დიდი არჩევანია.
ისმის საშობაო სიმღერები.
და რაც მთავარია “გლნტვეინი“-ტრადიციული სასმელი, სპეციალურად შეგემებული ცხელი ღვინო. გისხამენ სქელი კერამიკით ნაკეთ ფინჯანში, რომ სწრაფად არ გაცივდეს.
ხშირად ყინვაში, მინუს გრადუსებში დგანან და მიირთმევენ. ღვინო ცხელია, რადგან ცივა და ხალხი თბება-კიდეც. თან, ხალისისა და გართობის ხასიეთზეც დგებიან.
ეს ხდება, ყოველ დღე - პირველი დეკემბრიდან შობამდე.

შობის დღესასწაულზე იხურება ყველაფერი, ლაგდება და უკვე სახლებსა და ეკლესიებში ინაცვლებს ხალხი. ჩვენც ტაძარში ვხვდებით ხოლმე.

ჩემ მეუღლეს უყვარს საშობაო ბაზრობა, ტიპიური გერმანელია და ყოველ დღე რომ იქ გამოტანილი ნაწარმი დააგემოვნოს არ მოსწყინდება. მე პირიქით, ერთხელ ან ორჯერ მყოფნის გასვლა. მღლის ამ ყველაფრის ყურება.

აქ შობაა მთავარი და ახალ წელს უბრალოდ დასვენებაა ერთი დღით, თორე ვერც მიხვდებიან, რომ ახალი წელია. ახლა ნუ ვიტყვით, რომ ჩვენთან პირიქითაა და უკუღმა ტრიალებს ყველაფერი, თან მორწმუნე ქვეყანა და ერი ვართ.

ჯერ ახალ წელს დიდი ზეიმი. თანხის ბოლოკაპიკებამდე დახარჯვა და მაცივრების გადატენა. მერე კი, შობა და თანაც, თუ მიგვყვა იქამდე ენერგია, განწყობა და ფინანსები“-გვიყვება გერმანიაში მცხოვრები ანა ძიძიგური.



ის მარბურგში მეექვსე წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ მათი რეგიონი არც ისე დიდია. ფრანკფურტთან ახლოს მდებარეობს. გერმანიას პირველად 2010 წელს ესტუმრა.

“როგორც გადმოცემით ვიცი, ცხოვრობენ ქართველები ჩვენს ქალაქში, მაგრამ მე არავის ვიცნობ. არიან სტუდენტებიც. ყველა დაკავებულია. აქ ცხოვრების სხვა რიტმია. არ ვიცი სხვა ქართველები თუ იცლიან ერთმანეთისთვის. მე მხოლოდ ერთ თბილისელ ქალთან მაქვს კონტაქტი, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს. ისე მიყვარს საქართველო, ხშირად ჩავდივარ, რომ ძალიან არ მომენატროს მანდაუობა.

ხაზგასმა უნდა იმას, რომ ხალხი აქ ბედნიერია...

არ ვიცი, რამდენად მართლა უყვართ ერთმანეთი, მაგრამ უცინიან. მადლობასა და ბოდიშს ნებისმიერ გარემოში უხდიან. მე დიდად არ მჯერა ამის, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა, მუდამ მომღიმარი ადამიანების ყურება და კეთილი სურვილების მოსმენა“- ასე დაასრულა ამბის მოყოლა, ჩემმა რესპონდენტმა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია