საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს

personuser access_time17-12-2018, 10:46


როდესაც დიოსკორემ ქალიშვილის გაქრისტიანების შესახებ შეიტყო, განრისხდა. რისხვისგან გონებდაკარგულს მახვილით უნდოდა მისთვის თავი მოეკვეთა. ბარბარე გაექცა მამას და მთას მიაშურა, რომელიც გადაიხსნა და წმინდანი დიდ ნაპრალში შეიფარა. წმ. ბარბარემ აქ, ამ ნაპრალში დაიწყო ცხოვრება.

ერთხელაც დიოსკორემ ორი მწყემსის დახმარებით იმ გამოქვაბულს მიაგნო, სადაც ბარბარე ცხოვრობდა. მამამ ქალიშვილი დაუნდობლად სცემა, დილეგში ჩააგდო, მცველები მიუჩინა და დიდხანს აშიმშილა. ამის შემდეგ ქალაქის თავს მარტიანეს გადასცა. მარტიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაცდიოსკორემ, საკუთარმა მამამ, მას თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.

წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარაი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა. ასევე იყო ჩვენშიც.

წმ. ბარბარე და ბარბარობის დღესასწაული საქართველოში ბავშვთა ინფექციურ დაავადებებთანაა დაკავშირებული. წმინდა ბარბარეს საქრისტიანოში ბავშვთა მფარველად და შემწედ, ასევე საქონლის მკურნალადაც მიიჩნევენ.

ბარბარობა, დასავლურ ქართული ტრადიციით, დღესასწაულების დასაწყისი იყო. სვანეთში მას ბარბოლ/ბარბლაშს ეძახიან. სვანეთში დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები, ძველად კი მოხუცები, ეკლესიის ეზოში წინასწარ მომარაგებული შეშით ანთებდნენ დიდ კოცონს და შუაღამემდე ამ ცეცხლთან ატარებდნენ და ილხენდნენ.

სამეგრელოში კი თვლიდნენ, რომ ამ დღის მზე ერთი ნაბიჯით უკან ხტებოდა და იწყებოდა დღის გადიდება.

ხალხის რწმენით, რა დღესაც ბარბარობა მოდის, იმ დღეს ემთხვევა ახალი წელი და სხვა “ბედნიერი” დღეები.

თითქმის მთელ საქართველოში ბარბარობას ოჯახში მეკვლე მოდიოდა. იგი ბედობის დღედ ითვლებოდა. ხალხი უქმობდა, ზოგან რამდენიმე დღესაც კი. ვინაიდან ეს დღე ბედობის დღე იყო, ერთმანეთთან სტუმრობას ერიდებოდა.

რაჭასა და ლეჩხუმში აუცილებლად უნდა გამოეცხოთ სართვიანი ტაბლა (გულიანი რიტუალური პური), რადგან გავრცელებული რწმენის მიხედვით, ბარბარობა დღეს უსართვო/ გულცარიელი ე. ი. უნიგვზოდ, უკვახისგულოდ ან ულობიოდ გამომცხვარი ტაბლა, მთელი წლის მანძილზე ოჯახში სიცარიელეს, უბარაქობას გამოიწვევდა. იმის გამო, რომ ბარბარობა მარხვაში მოდიოდა, სადღესასწაულო სუფრა სამარხვო საჭმელებისაგან შედგებოდა. ამ დღისთვის სხვადასხვა კუთხეში სხვდასხვა რიტუალური პურები ცხვებოდა: სართვიანი (ლობიანი პურები), ჯვარსახიანი განატეხი (ლობიანი), ნიგვზიანი განატეხი, კვახკაკლიანი პურები, საბარბარო ტაბლა (რიტუალური პური)… ამ დღეს ლობიანი ყველგან უნდა გამომცხვარიყო, თუმცა სვანეთში რძის ფაფა და ყველიანი პურებიც ცხვებოდა.

რადგანაც ბარბარობა ბედობის დღედ ითვლებოდა, იცოდნენ მეკვლეობა. მეკვლე (ახალი წლის მსგავსად) იყო როგორც შინაური, ასევე გარეშე. შინაური მეკვლე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო, გარეშეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. შეიძლება ყოფილიყო კაციც, ქალიც და ბავშვიც. მთავარი იყო ის, რომ მეკვლეს კარგი ფეხი ჰქონოდა. თუ მეკვლე ფეხბედნიერი გამოდგებოდა, ოჯახი შემდეგ წელსაც მას მიიწვევდა.

სვანეთში ეს დღე საქონლის, კერძოდ კი ძროხის და წველადობის მომატებისათვის იყო განკუთვნილი, რაჭასა და ლეჩხუმში კი საქონლის, ქათმის და ადამიანის ჯანმრთელობისათვის; ასევე ნათესების სიუხვისათვის. სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში იგი ქათმების ფერხვის (მეკვლეობის) დღე იყო.

გურიაში ბარბარობა ექიმბაშ ქალთა დღესასწაულად ითვლევბოდა. ხალხის რწმენით წმინდა ბარბარე სიცოცხლეში თავად კურნავდა ავადმყოფებს. ექიმბაშ ქალებს იგი თავიანთ მფარველად მიაჩნდათ და ხშირად მიმართავდნენ დახმარებისთვის. ამ დღეს ისინი ლოცულობდნენ და წმინდანს შესთხოვდნენ, რომ მათ წამლებს ავადმყოფების განკურნება შეძლებოდათ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში აცხობდნენ ნიგვზის გულიან ქადებს, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ, რომ ბავშვებს ინფექციური დაავადებები მშვიდობიანად მოეხადათ. ოჯახში იშლებოდა სუფრა, ანთებდნენ სანთლებს, ზოგი შვიდი ანგელოზის სახელზე შვიდ კაკალს ჩააგდებდა ცეცხლში, ზოგიც ხატისთვის დიდ ქადას, ცხრაფურცელას, გმოაცხობდა. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მისული მლოცველი მამალს შეაფრენდა.”скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია