საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


27 წლის შემდეგ პირველი შობა საკუთარ სახლებში - ანწუხელიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საახალწლო სამზადისი

personuser access_time24-12-2018, 21:52


“ეს სათამაშო საოჯახო რელიქვიასავითაა. უძველესია. ალბათ მისი სილამაზეა მიზეზი, რომ ასე გვიყვარს და მუდმივად განსაკუთრებული ადგილი აქვს მიჩენილი“- მიყვება ქეთევანი და თან, ხელში ატრიალებს, ფაიფურის სადღესასწაულო თოჯინას.
“მას საპატიო ადგილს ბოლოს გამოვუნახავ“- დაამატა და საყვარელი ნივთი ფრთხილად მოათავსა მაგიდის შუაგულში.

დევნილი ოჯახის დიასახლისი, ახალ ბინას მონდომებით რთავს. შესასვლელი სივრცე ფერადი ნათურებით უკვე ააციმციმა და ახლა მისაღები ოთახის გახალისებას ცდილობს. ქეთევანის ოჯახი ახალ წელს, საკუთარ სახლში 27 წლის შემდეგ, პირველად ხვდება.

“ძალიან მინდა, ახალი წლის ღამე ჯადოსნური, დასამახსოვრებელი გვქონდეს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ცუდი დღე, თვე, წელი გვაქვს გატარებული უკიდურეს გაჭირვებაში. ახლა, როგორც იქნა თავი დავაღწიეთ საერთო დერეფნებს, საერთო სამზარეულოსა და საპირფარეშოს და რატომაც არა, ზუსტად ისეთი იქნება ჩვენი ბინა შობას, როგორზეც აქამდე, მხოლოდ გვიოცნებია“- ამბობს ქეთევანი ისე, რომ ფანჯრის სხვადასხვა ფერის ორნამენტით გაფორმება არ შეუწყვეტავს.


ქეთევან ჭულუხაძის ოჯახი, ანწუხელისძის ქუჩაზე ახლადაშენებული კორპუსის ბინადარი 10 თვის წინ გახდა. მანამდე სასტუმრო “ქართლის“ შენობაში ცხოვრობდნენ. მათი ახალი მისამართი მეორე კორპუსის პირველ სადარბაზოში, მე-8 სართულზეა. ამბობს, რომ წარსული ცხოვრებიდან ცუდი მოგონებები, ნგრევად შენობაში დატოვა და ახალი ეტაპის დაწყებას სუფთა ფურცლიდან შეუდგა.

“ერთადერთი რაც დისკომფორტს მიქმნის, ქალაქის ცენტრიდან შორს ყოფნაა. მოგეხსენებათ გორის შუაგულში ვცხოვრობდით ( იღიმის), თუმცა ეს უმნიშვნელოა იმ ყველაფერთან რასაც განვიცდით. იცით რა მხიარულია ჩვენი ეზოც? მიყვარს, როდესაც ფანჯრიდან ბავშვების ხალისიან ჟრიამულს ვისმენ და მათ ლაღ თამაშს ვაკვირდები. მარტივად შესამჩნევია უფროსების განწყობაც. კი, მესმის, რომ ქვეყანაში რთული ეკოომიკური მდგომარეობაა და ეს ჩვენზეც მძიმედაა ასახული, თუმცა, სხვაა ადამიანური გრძნობების ფაქტორი. ჩვენ ბედნიერები ვართ ამდენი წლის შემდეგ“- ქეთევანი ნაძვის ხის დასადგამი ადგლის შერჩევას შეუდგა. მე კი, მზერა ფანჯრის მინაზე გამეყინა, საიდანაც მოპირდაპირე მხარეს, სხვა დევნილების ფანჯრები მოსჩანს. სხვებსაც გაუფორმებიათ მინები და აივნები. შებინდებულზე კარგად მოსჩანს, სახლებიდან გამოსული ბრჭყვრიალა სინათლეებიც.


ახალგაზრდა ქალმა ჩემი რჩევა გაითვალისწინა და მოზრდილი ნაძვის ხე, ფანჯრის გვერდით კედელთან დადგა. ეს კუთხე კარგად ჩანს ღია კარიდან. მორთვასაც ერთად შევუდექით მისივე თხოვნით.


“სულ მინდოდა დიდი და ლამაზი ნაძვის ხე გვქონოდა სალში, ისე როგორც ცხინვალში ცხოვრებისას, თუმცა მის ყიდვას ვერასდროს ვახერხებდი - სხვა უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებები გვქონდა. ახლა კი, მოვიტანეთ და დავდგი - კიდეც. მოსართავებიც წლების განმავლობაში მოვაგროვე. ვცდილობდი, სხვადასხვა ფერის, ფორმისა და შინაარსის სათამაშო მეყიდა. მართლა მოუხდება ახალ ნაძვის ხეს“ - მორთვაც დავასრულეთ ამასობაში. ქეთევანმა ბოლო დეტალად ის ოჯინა გამოიყენა, რომლისთვისაც დასაწყისშივე ეძებდა ადგილს. თოვლის ბაბუასთან ახლოს დაკიდა ერთ - ერთ ტოტზე.

ჭულუხაძეებს დევნილობამდე, რაიმე განსაკუთრებული კერძი არ ჰქონიათ. ტრადიციულად ამზადებდნენ ყველაფერს, რაც ქართულ საახალწლო სუფრას უხდება. ახლა კი, მცირე კორექტივების შეტანას გეგმავს.

“მთავარი, ჩვენს საახალწლო სუფრაზე მოხარშული გოგრა და გოზინაყი იქნება, რომელსაც თავადვე მოვამზადებ. მაგიდაზე რამდენიმე კერძი და ტკბილეულიც იქნება. ბევრი არაფერია საჭირო, მთავარია ჯანმრთელები შევხვდეთ მომავალ წელს და შრომის უნარი გვქონდეს, რომ ყოველდღიური სარჩო არ გაგვიჭირდეს“- ასე დაასრულა საკუთარი ამბის თხრობა ჩემმა რესპოდენტმა.


ამასობაში ბინდი სიბნელემ შეცვალა. მე წამოვედი აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე აშენებული დევნილთა კორპუსებიდან. რომლის ბინადრებიც ის ადამიანები გახდნენ, ვინც საომარმა მოქმედებებმა თითქმის სამი ათეული წლის წინ დააზარალა და წლების განმავლობაში ყოველგვარ მატერიალურ სიკეთეს მოკლებულები ცხოვრობდნენ.
სარკმლებისა და აივნების მსგავსად ეზოც გაენათებინათ, სადაც პატარები ზუსტად ისე ლაღად თამაშობდნენ, როგორც ქეთევანმა აღწერა. ღიმილის დროს ბავშვების სუნთქვის კვალი, ზოლებად უერთდებოდა გაყინულ ჰაერს.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია