საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


" რომ ამბობენ ემიგრანტების მხრებზე დგას საქართველოვო - დაიჯერეთ"! -ემიგრაციაში მყოფი გორელი დედების ამბავი

personuser access_time24-01-2019, 20:51


90-იანი წლების შემდეგ, ოჯახის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად და შვილების შიმშილისგან დასახსნელად, ემიგრაციაში ათასობით ადამიანი წავიდა. მათი დიდი ნაწილი ქალია.

"აეროპორტში წასვლამდე მძინარე შვილებს ფრთხილად მივეფერე. ისე თბილად, როგორც არასდროს მანამდე. შემდეგ ცრემლებით დასველებული სახე შევიმშრალე და კარი უჩუმრად გავიხურე..." - საკუთარი ამბის მოყოლა სულ თავიდან დაიწყო - 38 წლის ელენე გურამიშვილმა.

ახალგაზრდა, მარტოხელა დედამ უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა 11 წლის წინ გადაწყვიტა. იმ დროისთვის, 27 წლის ელნეს უკვე 2 შვილი ჰყავდა - 6 წლის ქეთა და 4 წლის იაკო. როგორც იხსენებს, ქერაკულულებიანი გოგონები მძინარეები დატოვა, რომ მათი ცრემლები არ ენახა. ბავშვებს უჩუმრად გამოემშვიდობა და შინ მოკლე დროში დაბრუნების იმედით, თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში, ანტალიაში გაემგზავრა.

"გამგზავრებამდე, ბოლო დღე იყო საშინელი ასატანი. ეზოშიც კი არ გავუშვი ჩემი პატარები, მთელი დღე ვეფერებოდი, ვკოცნიდი... თითქოს ბოლოჯერ ვხედავდი. შემდეგ ჩემს მშობლებს ჩავაბარე და წავედი. თავს დღემდე იმით ვიიმედებ, რომ ეს მხოლოდ მათი კეთილდღეობისთვის გავაკეთე. პირველი კვირები ძალიან გამიჭირდა. ხშირად ვერ ვრეკავდი,არ ვიცოდი როგორ იყვნენ სახლში. ბავშვებს ხომ არაფერი უჭირდათ, ავად ხომ არ იყვნენ. უდედოდ როგორ ძლებდნენ. მერე ნელ-ნელა გონზე მოვედი. სამსახური ჩასვლისთანავე ვიშოვე - სხვისი შვილების ძიძად... საბედნიეროდ, კარგი ოჯახი შემხვდა, ხელფასიც ნორმალური მქონდა და სახლშიც უფრო ხშირად ვუკავშირდებოდი ჩემიანებს. რამდენიმე თვის შემდეგ სახლში ჩასვლაც მოვახერხე. ყველაზე ტკბილი წუთები იყო შვილებთან შეხვედრის. ლამაზი ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული ჩამოვუტანე. იცით, რა იყო საოცარი? პაწაწინა ბავშვებს ბრჭყვრიალა ნივთებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევიათ. მაშინ მივხვდი რამხელა სტრესის გადატანა მოუხდათ და რას ნიშნავდა მათთვის ჩემი დაბრუნება"- იხსენებს ელენე.

ახალგაზრდა ემიგრანტი მიყვება, რომ ამის შემდეგ ხშირად უხდებოდა საქართველოსა და თურქეთში მიმოსვლა. ცდილობდა შვილებთან ხშირად ჩამოსვლას, შეძლებისდაგვარად ახერხებდა- კიდეც. თანხის მოგროვებაც გადაწყვიტა, საკუთარ ქალაქში რაიმე საქმის წამოწყების იმედით, თუმცა ამ მცდელობაში წლები ისე გავიდა, ვერაფერი გაიგო.

"მენანებოდა ყოველი დღე, რომელსაც ჩემი შვილების ნაცვლად, სხვის პატარებზე ვზრუნავდი. გოგონები გაიზარდნენ და შეეჩვივნენ კიდეც უდედობას. უფროსი უკვე სტუდენტია. მეორე სკოლას ამთავრებს. ერთმანეთთან კავშირს არ ვწყვეტთ, თუ ვერ ჩამოვდივარ სოციალური ქსელით ვეკონტაქტები, მაგრამ მონატრებას ვერაფერს ვშველი. მჯერა, ერთ დღესაც სამუდამოდ ჩამოვალ და ჩემი გულიც დაასრულებს ტანჯვას"- ასეთია, ელენეს მოკლედ მონაყოლი საკუთარი ამბავი.

იმ დედებს შორის, რომლებმაც ცხოვრების მნიშვნელივანი წლები ემიგრაციაში გაატარეს, ერთ-ერთია ეთერ ვარდიძე. შუა ხნის ქალი საკუთარის ნაცვლად, სხვისი ოჯახის დიასახლისად იქცა. წლებია, იტალიური ცხოვრების რიტმშია ჩართული. საკუთარ სახლში ჩამოსვლა მხოლოდ ერთხელ შეძლო. იმედი აქვს, ამას მეორედაც მოახერხებს და უცხო ქვეყანაში გამგზავრება აღარ მოუწევს.

"იცით, რთულია , როდესაც დედას, ბებიას, უბრალოდ ოჯახის წევრს მხოლოდ ფულის შოვნისა და სახლში გაგზავნის ფუნქცია აქვს შემორჩენილი. ბანკში, რიგში ხშირად მიტირია. იმაზეც კი მიფიქრია, ფულს რომ არ ვგზავნიდე სახლში თუ გავახსენდები ვინმეს. ასეთია ძალიან ბევრი ემიგრანტის აზრი, დამერწმუნეთ. პირველად რომ თვითმფრინავში ჩავჯექი და გავფრინდი, მთელი გზა ფიქრებში, მიზნებს ვისახავდი. მხოლოდ კარგზე ვფიქრობდი, მაგრამ წლებთან ერთად გალეულმა ჯან-ღონემ მიმახვედრა, რომ არც ისე კარგადაა საქმე"- მიყვება ეთერი, რომელმაც საქართველო 18 წლის წინ დატოვა.

ჩემი, კიდევ ერთი რესპოდენტი, 21 წლის ლიზია. ემიგრაციაში რამდენიმე თვის წინ წავიდა. მის ოჯახს ვალი დაუგროვდა, მშობლების დარდს და პატარა და-ძმის ნახევრად მშიერ მდგომარეობაში ყოფნას ვეღარ გაუძლო და გამგზავრება გადაწყვიტა. მშობლებს საკუთარი გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ შეატყობინა, როდესაც უცხო ქალაქში ჩავიდა. ის ქალაქ აფიონის ერთ-ერთ კაფეში მიმტანად მუშაობს.


"ავტობუსით წამოვედი თურქეთში. ნაცნობი დამეხმარა სამსახურის მოძიებაში. ვიცოდი,რომ ჩასვლისთანავე თავშესაფარიც მექნებოდა და სამსახურიც, მაგრამ მაინც ძალიან ვღელავდი. გზა ისე გაიწელა, ტითქოს არასოდეს დასრულდებოდა. როდესაც დავბინავდი, ოჯახს შევატყობინ, ძალიან განიცადეს, მაგრამ სეეგუვნენ ჩემს მტკიცე გადაწყვეტილებას. თანხას ვგზავნი. ვალსაც იხდიან და საარსებოდაც რჩებათ ცოტა. მინდა დავეხმარო და გაჭირვებას დააღწიონ თავი. როდესაც ამბობენ საქართველო ემიგრანტების მხრებზე დგასო, არ გაგეღიმოთ, დაიჯერთ! ჩემი პრობლემები მავიწყდება, აქ ისეთ მდგომარეობაში ვხედავ ქართველ ქალებს. გაჭირვებით ალაგებენ და შრომობენ დილიდან დაღამებამდე. ხან ვფიქრობ, უღირდათ კი, ეს მსხვერპლი. საკუთარ თავზე აღარ ვდარდობ, მე შვილები მაინც არ დამიტოვებია, რომლებსაც დედის სითბო ჯერ ისევ სჭირდებოდათ..."

ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტების რიცხვი 100 000- მეტია. მათი დიდი ნაწილი ქალია და ისინი უცხო ქვეყნებში სამუშაოდ მიდიან.

წასვლამდე ყველას საერთო მიზანი აქვს - რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს.

თუმცა, წლები ისე გადის, ეს ფიქრი, მხოლოდ განუხორციელებელ სურვილად რჩება.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია