საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ტელეკომპანია “დია“-ს ჟურნალისტი ევროკავშირის კონკურსის გამარჯვებული გახდა - ნიკა გაბლიშვილმა მშვიდობის ჟურნალისტიკაში დაწესებული პრიზი მოიგო

personuser access_time30-01-2019, 14:37


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი, რომელიც სამშვიდობო ჟურნალისტიკის თემას ეხება, წელს უკვე მეოთხედ გორელი ჟურნალისტი გახდა.


“ როდესაც გამარჯვებულად გამომაცხადეს ძალიან მომაწვა ემოციები. აღარ მახსოვს, როგორ მივედი და გამოვართვი ჩემკენ გამოწვდილი ჯილდო, რა სიტყვებით მივმართე დამსწრეებს. ეს პირველი დიდი გამარჯვებაა პროფესიულ საქმიანობაში და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ“- გვითხრა ნიკოლოზ გაბლიშვილმა, რომელიც ევროკავშირის მიერ, სამშვიდობო ჟურნალისტიკაში დაწესებული სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ჟურნალისტი მილოცვებს მეორე დღეა იღებს.

“ზარდო და მისი იმედი ლუდა“ - ასე ჰქვია სტატიას, რომელმაც, ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ტელეკომპანია “დია“-ს ჟურნალისტს წარმატება მოუტანა. ნიკა გაბლიშვილის ნაშრომი ჟიურიმ, 131 საკონკურსო ნამუშევარს შორის შეარჩია და უპირატესობა მიანიჭა. სტატია dianews.ge - ზე გასულ წელს გამოქვეყნდა. ჟურნალისტმა, მკითხველს ეთნიკურად ოსი ქალისა და ზარდიაანთ კარში მცხოვრები ქართველების კეთილმეზობლურ თანაცხოვრებაზე უამბო.

“როდესაც კონკუირსი გამოცხადდა, ძალიან ბევრს ვფიქრობდი რა შეიძლებოდა დამეწერა, თან ისეთი, რომ განსხვავებულიც ყოფილიყო, რეალობაც აესახა და საინტერესო გამხდარიყო ჟიურის ყველა წევრისთვის. ბევრი მასალა იწერება ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, კონფლიქტებზე და ყველა არის მსგავსი ტიპის. ამიტომ ვიფიქრე, რომ ნაშრომში, რომელზეც ვიმუშავებდი ცოტ რამ საკუთარ თავზეც მომეყოლა. მე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან ვარ და ვფიქრობ, ბევრად უკეთ ვიცი იქ არსებული სიტუაცია, ის რაც ქართველებისა და ოსების თანაცხოვრებას ეხება. საკუთარი თვალით ვხედავ, როგორც ცდილობენ ერთ სოფელში მცხოვრები ორი ეროვნების ადამიანები, რამდენიმედღიანი საომარი მოქმედებების შედეგად დანგრეული ურთიერთობების აღდგენას და ძველებურად ცხოვრებას“- გვიყვება ნიკა.




ნიკოლოზ გაბლიშვილმა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ, დაჯილდოების ცერემონიალზე მიწვევა, რამდენიმე დღის წინ მიიღო. ამბობს, რომ წინასწარ იმის განსაზღვრა გაიმარჯვებდა თუ ვერა, არ შეეძლო. საკუთარ თავს არ უტყდებოდა, თუმცა, გულის სიღრმეში იმედიანად იყო განწყობილი.

“ რა თქმა უნდა ვფიქრობდი, რომ შესაძლო იყო ჩემი ნაშრომი გამხდარიყო ჟიურის რჩეული, თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგები მაიმედებდნენ, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი. არ ვიცი, რატომ. სულ ნახევარსაათიანი ცერემონიალი იყო, თავიდანვე დაიწყეს ნომინაციების წარდგენა. როცა მივიდნენ მეექვსე ნომინაციაზე და ჩემი სახელი და გვარი კიდევ არ იყო გამოცხადებული, იმედი გადამეწურა. ვიფიქრე, რომ სულ ტყუილად ჩავედი. ხოდა, სწორედ ამ დროს, სპეციალურ პრიზზე ფინალისტებს შორის, გამომაცხადეს. აი იმ წუთიდან კი განწყობა სრულიად შემეცვალა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. რამდენიმე საათი გავიდა სულ, მაგრამ უკვე გავაცნობიერე რამდენად კარგი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში. ველოდები ლონდონში წასვლას, სადაც ერთი თვის განმავლობაში დავრჩები “.



ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებისთვის 131 ჟურნალისტი იბრძოდა. ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, სულ 7 კატეგორიაში გაიცა. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამშვიდობო ჟურნალისტიკაში გამოაცხადა, ტელეკომპანია “დია“-ს ჟურნალისტმა ნიკოლოზ გაბლიშვილმა გაიმარჯვა. „დიას“ რეპორტორი უახლოეს მომავალში ლონდონში გაემგზავრება, სადაც ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში ერთი თვის განმავლოობაში სტაჟირებას გაივლის. 2012 წელს დაარსებული კონკურსის მიზანი, პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერაა.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია