საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ინტერვიუ ბავშვთა ფსიქოლოგთან და საჭირო რჩევები მშობლებს

personuser access_time31-01-2019, 13:54


რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვის ფსიქიკას ფიზიკურმა ძალადობამ და როგორ უნდა მიუდგეს მშობელი ბავშვს, რომელიც რთულ ქცევებს ავლენს, საკითხზე ბავშვთა ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ ისაუბრა და მშობლებს მნიშვნელოვანი რჩევები მისცა.


რისი უფლება გვაქვს ბავშვთან, სად გადის ზღვარი მკაცრ მშობელსა და ტირანს შორის?

- ხშირად ეს ორი გაიგივებულია. თუ მშობელი ბავშვს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს და ამავდროულად, ეხმარება მის განხორციელებაში, ამასთან, დიალოგში შედის მასთან და უკუკავშირის გზით ცდილობს, თავად მისცეს მას საკუთარი ქცევების შეფასების საშუალება, ასეთი მშობელი საუკეთესო მიდგომას იყენებს. ის თან აკონტროლებს შვილს და თან ზრუნავს, კიდევაც ანიჭებს პასუხისმგებლობას და მისი მხარდამჭერიცაა. ყველა დანარჩენი შემთხვევა, როცა მშობელი უგულებელყოფს ბავშვის ემოციურ საჭიროებებს, როცა არ ითვალისწინებს მის აზრს და ცდილობს თავისი სურვილების განხორციელებად გადააქციოს ან საერთოდ არ აინტერესებს ბავშვი - ეს უკვე ძალადობაა.


როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვი რთულად აღსაზრდელია და როგორც მშობლები იმართლებენ თავს: „ სიტყვა არ ესმის“? რას ურჩევთ ასეთი ბავშვების მშობლებს?

- ტერმინი „რთულად აღსაზრდელი“ ჩემთვის მიუღებელია. ესაა გარკვეული სტიგმატიზირება და სწორედ ეს იწვევს მის მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებას. ამით მშობელი ლეგიტიმაციას აძლევს თავის თავს. ფიქრობს, რახან რთულია, ე.ი. მკაცრად უნდა მოვთხოვო პასუხი.
პირველ რიგში, ბავშვებთან, რომლებიც რთულ ქცევას ავლენენ, მშობელი უნდა შეეცადოს, გასცეს პასუხი კითხვაზე, რისთვის სჭირდება ბავშვს ეს ქცევა, რას იღებს ამით? ყოველთვის, როცა ბავშვს უჩნდება რთული ემოციური თუ ქცევითი გამოვლინებები, ეს კავშირშია იმასთან, რომ ბავშვს აქვს უფროსებთან კომუნიკაციის პრობლემა და აქვს დაუკმაყოფილებელი საჭიროებები. ბავშვის ქცევა სიმბოლურად გამოხატავს იმას, რაც მას სჭირდება.
შესაძლოა, ამით ბავშვი ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს, რამაც შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ თვითშეფასების პრობლემა აქვს და სჭირდებოდეს ეს ქცევა, რათა აღიარონ. ეს შესაძლოა იყოს რევანში მშობლების მიმართ.
როცა მშობელი იმ ფარდის მიღმა, რომელიც სახეზეა, დაინახავს, თუ საიდან მოდის ეს ქცევა, უკვე შედის კომუნიკაციაში. ხშირად, ბავშვის რთული ქცევის მიზეზი არის ყურადღების დეფიციტი და როცა მშობელი შეცვლის სტრატეგიას და ბავშვი აქტუალური გახდება მისთვის არა მარტო მაშინ, როცა ცუდად იქცევა, არამედ სხვა შემთხვევებშიც, ეს ბავშვს ეხმარება დაძლიოს პრობლემები.
მშობელს აქვს ძალიან სერიოზული სამუშაო ბავშვზეც და საკუთარ თავზეც. პირველ რიგში, კი საკუთარ თავზე.


როგორ აისახება ფიზიკური ძალადობა ბავშვის ფსიქიკაზე?

- ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება, თუმცა ამის ძალიან ფართო სპექტრია. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს აგრესიული ქცევითი პატერნი ან პირიქით, პიროვნება გახდეს ზედმეტად მომთმენი და ჩრდილში დგომა ამჯობინოს. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს ძალიან მძიმე პოსტტრავმული მდგომარეობა.


უნდა ჩაერიონ თუ არა გარშემო მყოფები, როცა ოჯახში ბავშვზე ძალადობის შესახებ იგებენ?

- ცხადია. ყველამ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს - მეზობელმა, ქუჩაში გამვლელმა, ოჯახის წევრმა... როცა საქმენ ეხება ძალადობას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ობიექტი - ქალი თუ ბავშვი, ეს უკვე მთელი საზოგადოების საქმეა და ყველა ვალდებულია, გამოთქვას საკუთარი პროტესტი. скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია