საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


12 წლის მომავალი ჟურნალისტი - სალი თეთრაძის მიზნები და თავგადასავალი

personuser access_time3-02-2019, 15:13


მე ვარ სალი თეთრაძე - 12 წლის. ვცხოვრობ ქალაქ თბილისში. ვსწავლობ N 177 საჯარო სკოლაში. ვცეკვავ ქართულ ხალხურ ცეკვებს და ვსწავლობ ყველაფერს, რაც მაინტერესებს.
თბილისში გადმოსვლამდე, გორში ვცხოვრობდი და N4 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. მინდა მოგიყვეთ როგორ მოვხვდი გორიდან დედაქალაქში და როგორ შევუერთდი სრულიად ახალ გარემოს. ასევე გიამბობთ, ჩემს მიზნებსა და მომავალ პროფესიაზე, რომელიც დიდი ხანია ავირჩიე.
ვიცი, რომ ჩემს ასაკში შესაძლოა პროფესიაზე მსჯელობა ადრეა, თუმცა, ბევრად უფრო პატარამ გავაკეთე არჩევანი და მჯერა, ამ მხრივ შეხედულებები არასოდეს შემეცვლება.


გორის მე-4 საჯარო სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. მიყვარდა ჩემი სკოლა. მინდა, შესაძლებლობით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გორელ პედაგოგებს. განსაკუთრებით კი, დამრიგებლებს - ნინო ოქროპირიძეს და თეონა ნასყიდაშვილს. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ცოდნა, რომელიც უანგაროდ მომცეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე ძალიან მეხმარება.



ჩემმა მშობლებმა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად დედაქალაქი აირჩიეს. ისინი თვლიან, რომ თბილისში მეტი პერსპექტივაა და ეს ჩემზე და ჩემს უმცროს დაზეც უკეთესად აისახება. მათი გადაწყვეტილება ჩვენ არ გაგვიპროტესტებია, პირიქით, გაგებით მოვეკიდეთ მათ სურვილს.
როდესაც პირველად გავიგე, რომ საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავდიოდით და შესაბამისად, ახალ სკოლაში უნდა მესწავლა, მოვრგებოდი ჩემთვის უცხო, სრულიად ახალ გარემოს, შემეძინა ახალი მეგობრები და სულ სხვა საზოგადოებას უნდა შევერთებოდი, ცოტა განვიცადე.
ძალიან განვიცდიდი კლასელებთან და მეგობრებთან დაშორებას, თუმცა, ახალ კლასელებთან პირველივე დღეს მივხვდი, რომ აქაც შემეძლო ისეთი მეგობრების შეძენა, როგორიც წინა სკოლაში მყავდა. კლასელებმა თბილად მიმიღეს და არ მაგრძნობინეს, ახალი მოსწავლე რომ ვიყავი.

ზოგადად, გამიგონია, ახალი თანაკლასელის მიღება უჭირს უკვე დამეგობბრებულ გუნდს. ახლები ხშირად დაცინვის ობიექტებიც ხდებიან. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა და მიხარია, რომ სგავსი არაფერი მომხდარა ჩემს შემთხვევაში.
ჩემი თანაკლასელები თბილები და კარგები აღმოჩნდნენ, არც მე გამიჭირდა მათთან ურთიერთობის დაწყება. ჩვენ დროს, ერთად ხშირად ვატარებთ. განვიხილავთ ჩვენს სამომავლო პროფესიებს. ვის რა მოგვწონს და როგორ ვაპირებთ სკოლის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებას. ყველას ვაპირებთ, სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებას. პროფესიებთან დაკავშირებით კი, სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს.



მე დიდი ხანია ვიცი რა მინდა გავაკეთო მომავალში. მინდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარო და ჩემი საქმის პროფესიონალი გავხდე. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ საკუთარ თავში ვხედავ მომავალ ჟურნალისტს - მიყვარს ბევრი ლაპარაკი, ყოველ დღიურად ათასამდე კითხვა მაინც მიჩნდება, რომელზეც პასუხები არ მაქვს. მაინტერესებს ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება და მინდა განმარტებები ჩემს რეპორტაჟებში ისმოდეს.

სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ, ერთ - ერთ ჟურნალისტურ კომპანიაში მიმიწვიეს. გავიარე გასაუბრება, რის შემდეგაც ამიყვანეს ჯერ სტაჟიორად, შემდეგ კი, საბავშო გადცემების წამყვანად. თუმცა, იმის გამო, რომ თავისუფალი დრო აღარ მრჩება, უარის თქმა მომიწია. გული დამწყდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა ვინერვიულო.

ყველაზე მეტად მომწონს ტელეკომპანია “დია“-ს ახალი ამბები, რომლის დღის გამოშვებები ჩემს ნათლიას, თათია გოგოლაძეს მიჰყავს. ასევე მიყვარს რუსთავი 2-ის კურიერი და მისი წამყვანი დიანა ჯოჯუა. სხვა ფავორიტი ჟურნალისტებიც მყავს, რომლებიც საინტერესო სიუჟეტებს ამზადებენ.

დარწმუნებული ვარ, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად განვახორციელებ ჩემს გეგმებს და წარმატებული ჟურნალისტების რიგებში, ერთ-ერთი ვიქნები. ვიცი 12 წლის ასაკში ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ მჯერა, თუ დასახული მიზნისთვის ბევრს ვიშრომებ, მას აუცილებლად მივაღწევ.


ავტორი: სალომე თეთრაძე

რედაქტორი: თათია გოგოლაძე




წერილი გამოქვეყნებულია მშობლის თანხმობით
скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია