საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


დამწყები რეპორტიორის თვალით დანახული ჟურნალისტიკა - ანა კოსტანაშვილის პირველი ნაბიჯები მედიაში

personuser access_time3-02-2019, 20:30


ჩემ წარმოსახვაში, ჟურნალისტები ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები არიან. მათი ცხოვრება ძალიან საინტერესოდ მეჩვენება და ალბათ, არასოდესაა ერთფეროვანი. ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან აქვთ კომუნიკაცია. სხვადასხვა ადგილებში დადიან, შთამბეჭდავ და საინტერესო მოვლენებს კადრებად ასახავენ. შემდეგ კი, ამ ყველაფერს დაინტერესებული აუდიტორია უყურებს. ორ-სამ წინადადებაში თითქოს იოლი გადმოსაცემია, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს უზარმაზარი შრომა და ენერგია სჭირდება.


ეს ენერგიული, დაუღალავი ადამიანები რეალურად მაშინ ვნახე, როდესაც ჟურნალისტობა თავადაც გადავწყვიტე. დაახლოებით ორი თვის წინ, სტაჟირების გავლა ტელეკომპანია “დია“-ს ახალი ამბების სამსახურში დავიწყე. ეს არხი იმიტომ ავირჩიე, რომ მომწონდა მისი მუშაობის სტილი, ხარისხი, რეპორტაჟების შინაარსი.



მისვლიდან პირველი ერთი კვირის განმავლობაში, ცოტა უცხო იყო გარემო ჩემთვის. გადაღებაზე გასვლა, შემდეგ მოტანილი მასალის გადახარისხება/მონტაჟი, ტექსტის დაწერა. ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა მესწავლა ეს ყველაფერი. მეგონა, როდესაც გადაღებაზე გასვლა მომიწევდა, რესპონდენტს შეკითხვასაც კი, ვერ დავუსვამდი - ისე დავიბნეოდი. მეშინოდა, რომ ხარისხიან მასალას ვერ მივიტანდი, თუმცა, თანდათან ყველაფრის სწავლა დავიწყე. ახლა ნელ-ნელა გამომდის ის, რაზეც ვფიქრობდი, რომ არ შემეძლო.





ჟურნალისტებს მასალის გადასარებად, პირველად ტაძარში გავყევი. მახსოვს, წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე იყო. არ დამავიწყდება მაშინდელი ემოცია. ძალიან ბედნიერი ვიყავი. თვენახევრის შემდეგ კი, მასალის მოსამზადებლად დამოუკიდებლად გამგზავნეს.
სოფელ არაშენდას ერთ-ერთ მცხოვრებს ხეხილის ბაღი გაუჩეხეს ვანდალურად და მისი პრობლემის გაშუქება სწორედ მე მომიწია. საქმის დამოუკიდებლად გაკეთება უფრო გამიადვილდა. როდესაც ჟურნალისტს მაყოლებდნენ, მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებდი, მასზე ვიყავი დაყრდნობილი. მონტაჟის შესწავლაც მოკლე ხანში დავიწყე და ვფიქრობ, რომ რაღაცები ახლა უფრო უკეთ გამომდის. საკუთარი თავის მჯერა და ბევრად მეტის გაკეთებას ვაპირებ.



არასოდეს დამავიწყდება წინასაახალწლო პერიოდი, როდესაც გავაკეთე ჩართვა ქარელიდან. ის ემოცია, ჩემ სათქმელ სიტყვებს, რომ ვიმეორებდი და ვიზეპირებდი- ეს განცდა ძალიან სასიამოვნო იყო. ჩართვამდე პეპლები დაფრინავდნენ ჩემ მუცელში. ხელები კი, ისე მიკანკალებდა, მიკროფონს მთელი ძალით ვეჭიდებოდი.



გადაღებები მთელ რეგიონში გვიწევს. როდესაც დღის დასაწყისში თემების განაწილება ხდება, მე ყოველთვის სოფელს ვირჩევ. რადგან, ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა. სოფლად ბევრად უფრო თბილი გარემო მხვდება, იქ ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობს. მათ უამრავი პრობლემა აქვთ, ამის მიუხედავად კი, თვალებში სულ სითბო და სიხარული აქვთ აღბეჭდილი.


სამსახურიდან დაბრუბენული ემოციებს, ოჯახის წევრებს ვუზიარებ. შემიძლია შეუსვენებლად მოვყვე, თუ როგორ მომწონს სამსახური და ჩემი უსაყვარლესი თანამშრომლები.

არასოდეს მიოცნებია ჟურნალისტობაზე, რადგან სულ სხვა გეგმები და მიზნები მქონდა. ალბათ ამიტომაც, არ მეგონა, ასე ძალიან თუ მომეწონებოდა ეს საქმე. სწორედ “დია“-ში იქცა ჟურნალისტიკა, ჩემთვის საყვარელ პროფესიად.

ავტორი: ანა კოსტანაშვილი

რედაქტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია