საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"მშობლებს სკოლაში მისასვლელად განა არ სცალიათ, არ მიუხარიათ, რადგან იქ ნეგატიურად დახვდებიან" - რისი მოთხოვნის უფლება აქვს მშობელს სკოლისგან

personuser access_time5-02-2019, 15:00


ბლოგერი და ჟურნალისტი მეგი კავთუაშვილი არც ისე დიდი ხანია, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებელია. ბევრ პრაქტიკულ, საჭირო და აუცილებელ საქმეს აკეთებს იმისთვის, რომ მშობლები გაცილებით მეტად იყვნენ ჩართული შვილის სასკოლო ცხოვრებაში, მეტად ჯანსაღი გარემო იყოს სკოლაში და ცივილიზებული ურთიერთობა სკოლასა და მოსწავლეს, სკოლასა და მშობელს შორის.

- არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" დაარსდა ერთი წლის წინ, ჟურნალისტი, იურისტი, განათლების სპეციალისტი და დიასახლისი მშობლების მიერ. ორგანიზაციის დამფუძნებლები გავერთიანდით იმ იმედით, რომ მოვიძიოთ მშობლებში არსებული პოტენციალი და მივმართოთ ეს ძალა განათლების სისტემაში პოზიტიური

ცვლილებების მოხდენისკენ. ჩვენი ხედვით, კარგი სკოლა/ბაღი არის ის ადგილი, სადაც მეცნიერულ მიდგომებს, დასაბუთებული არჩევანის გაკეთებას, დამოუკიდებლად ცხოვრებას და სხვებთან მშვიდობიან თანაარსებობას თანაბარი სიხარულით სწავლობენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. ჩვენ, ამ ასოციაციის დამფუძნებლებს მიგვაჩნია, რომ განათლების სისტემაში ბავშვზე ორიენტირებული, პოზიტიური ცვლილებების მოხდენა, შეგვიძლია მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ ვიქნებით ერთად. თუ ჩვენი ბევრი ხმა, როგორც ერთი ძლიერი, ჩამოყალიბებული აზრი ისე გახმაურდება.

...მინდა გითხრათ, რომ მშობლების ჩართულობა ნამდვილად პრობლემაა დღეს. სკოლაში
არმისვლის მიზეზი ის კი არ არის, რომ მშობლებს არ სცალიათ, არამედ ის, რომ სკოლაში არ მიუხარიათ. მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში სკოლებში ისეთი გარემოა, სავალდებულო რომ არ იყოს, ბავშვებიც არ ივლიდნენ. ჩვენ ჩავატარეთ მშობლების გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს, რომ სკოლასთან უფრო მეტად ის მშობლები თანამშრომლობენ, რომლებიც თვლიან, რომ მათ სიხარულით ელოდებიან. და პირიქით, სკოლასთან უფრო აქტიური თანამშრომლობა არ სურთ იმ მშობლებს, ვინც თვლის, რომ სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებელი მათ ნეგატიურად ხვდება. მთავარი პრობლემა არის კომუნიკაცია.
საგანმანათლებლო პროცესში მშობლების პასიურობის პრობლემა სხვა მიზეზებიც აქვს, რასაც ხშირად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის:
• სოციალური ფონი (რომელიმე მშობელი ან ორივე მშობელი ხშირად უცხოეთში მუშაობს და ბავშვზე მხოლოდ ახლო ნათესავები ზრუნავენ, რომლებიც იმ ხარისხით არ არიან ჩართული ბავშვის ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებაში, როგორც სასურველია. მშობლებს საქართველოში იმყოფებიან, თუმცა აქვთ იმდენად მძიმე სამუშაო გრაფიკი, რომ ისინი სურვილის მიხედავადაც ვერ ახერხებენ ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში გარკვევას).
• განათლების, კომპეტენციის, ინფორმაციის არასაკმარისობა (მშობელმა არ იცის, როგორ და რაში ჩაერთოს, რითი გაუწიოს შვილს და სკოლას დახმარება, როგორ ითანამშრომლოს, როგორ მოითხოვოს ხარისხიანი განათლება და რა გზები თუ საშუალებები არსებობს ამისთვის).
• მშობლების გარკვეული კატეგორია ფიქრობს, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიონ პრობლემების დაძლევას, კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრებას და თავის გადარჩენას, რის გამოც ისინი არ ერთვებიან შვილის სასკოლო ცხოვრებაში, თუმცა ამ მოსაზრებაში არ არის გათვალისწინებული, რომ ბულინგი არ არის ჯანსაღი კონკურენცია, ხოლო სწავლების დაბალი ხარისხი ბავშვს ვერ აქცევს დამოუკიდებელ და კონკურენტუნარიან მოქალაქედ. ამაში არასრულწლოვნებს მშობლების თანადგომა სჭირდებათ.
არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის და მშობელთა დახმარებისთვის ჩვენ ავამოქმედეთ სატელეფონო მომსახურების ცენტრი. ტელეფონის ნომერზე 032 219 60 80 დარეკვის შემთხვევაში მშობელი იღებს უფასო სატელეფონო კონსულტაციას სკოლასთან და შვილთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ასევე, დავიწყეთ მშობელთა გადამზადების პროგრამა ანუ ტრენინგები მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებში.

- რა უფლებები აქვთ მშობლებს?
- სამწუხაროდ, მშობლებმა არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ და დიდწილად არც სკოლები ცდილობენ საქმის კურსში ჰყავდეთ მშობლები, რაც ბუნებრვია ართულებს კომუნიკაციას. მშობელს უფლება აქვს ნებისმიერი სახის პრეტენზია/მოსაზრება სკოლას წარუდგინოს ვერბალური ან წერილობითი ფორმით; მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია მუდმივი კავშირი ჰქონდეს სკოლასთან და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია შვილის ქცევის, აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ; მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს შეხვდეს დირექციის წარმომადგენელს, მასწავლებელს ან სკოლაში დასაქმებულ სხვა პირს. მშობელი უფლებამოსილია დაათვალიეროს სკოლის შენობა და ტერიტორია; იმ შემთხვევაში თუ შინაგანაწესით განსაზღვრულია მშობლის სკოლაში შეშვების საკითხი და მშობლებს ეს არ მოსწონთ, შეუძლიათ ერთობლივად მოითხოვონ შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა. მშობელი უფლებამოსილია იცოდეს შვილის დღიური განრიგი და სასწავლო პროგრამა; მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ წერილობითი საჩივრით მიმართონ სკოლის დირექტორს, დისციპლინურ კომიტეტს და სამეურვეო საბჭოს, თუ მისთვის ცნობილი გახდა ბავშვთა ან მშობელთა უფლების დარღვევის შესახებ. მოსწავლის გათავისუფლების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. მშობელს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ფსიქოლოგის ჩართვა, სპეცპედაგოგის დანიშნვა და ა.შ.

- იქნებ რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა გაიხსენო, როდესაც თქვენ მოგმართეს და როგორი იყო თქვენი ჩართულობა ამ პროცესში?
- როდესაც მშობელი მოგვმართავს, სამი ტიპის რეაგირებას ვახდენთ. რიგ შემთხვევებში ჩვენ ვაძლევთ რჩევას მშობლებს, რათა თვითონ იმოქმედონ სწორად; რიგ შემთხვევაში ვამისამართებთ იმ უწყებაში, რომელსაც ეხება კონკრეტული საქმე. არის შემთხვევები, როდესაც მშობელი მარტო ვერ ართმევს თავს პრობლემის მოგვარებას და გვთხოვს ჩართვას საქმეში. ორგანიზაცია განიხილავს ასეთ საქმეებს და რასაკვირველია, სკოლაშიც მივყვებით მშობლებს. თუ ადგილი აქვს ბავშვის უფლებების დარღვევას, რასაკვირველია ასეთ დროს ბავშვთა უფლებადაცველებთან ერთად მიმდინარებს პროცესი. ჩვენ არ ვცდილობთ გავაღრმაოთ პრობლემა. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სკოლას, მშობელს და მოსწავლეს იმეგობრონ. ერთმანეთს გაუგონ, ოღონდ არა კომპრომისების ხარჯზე, არა ბავშვების და მშობლების მოთმინების, თვალების დახუჭვის ხარჯზე. როგორც წესი, ჩვენი მედიაცია დადებით როლს ასრულებს ოჯახისა და სკოლის ურთიერთობაში, რადგან ჩვენ ვიცავთ სწორი კომუნიკაციის პრინციპებს. მაგალითისთვის ბევრი შემიძლია გავიხსენო. მაგალითად, 15 წლის ბიჭების შემთხვევა. თანაკლასელები მასწავლებელმა სიცილის გამო გაკვეთილიდან გააძევა და მათ მიმართ აშკარა სიძულვილს გამოხატავდა. სკოლის დირექციამ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ადვილი გამოსავალი მონახა, დაიბარა მშობლები და მოსთხოვა ბავშვების სკოლიდან გადაყვანა. საბედნიეროდ, მშობლებმა მოგვმართეს მანამდე, ვიდრე დირექტორის კაბინეტში აღმოჩნდებობდნენ. ისინი უკვე მზად იყვნენ დირექციასთან შესახვედრად. სპეციალისტებთან გასაუბრებით შეიტყვეს, რომ სკოლას არ აქვს უფლება მე-10 კლასამდე მოსწავლე გარიცხოს ან მოითხოვოს მისი სხვა სკოლაში გადაყვანა. დირექტორის კაბინეტში მშობლებმა დასვეს კითხვები, რომლებზეც პასუხი სკოლამ ვერ გასცა. მაგალითად, რა გააკეთა სკოლამ იმისთვის, რომ 15 წლის მოზარდები გარიყვის პირას არ აღმოჩენილიყვნენ? ჩაატარა თუ არა დამრიგებელმა სადამრიგებლო საათი? ჰქონია თუ არა მოზარდებთან ადამიანური საუბარი, არა როგორც მასწავლებელსა და მოსაწავლეს, არამედ როგორც თანასწორი ადამიანები ერთმანეთს. უმუშავია თუ არა მოზარდებთან ამ საკითხზე ფსიქოლოგს? რატომ გამოხატავდა საგნის მასწავლებელი მოსწავლეების მიმართ სიძულვილს სიტყვებით, „ვერ გიტანთ“, „თქვენს დანახვაზე ცუდად ვხდები“ და ა.შ. როგორც კი სკოლამ იგრძნო, რომ საქმე ჰქონდა ინფორმირებულ და მომზადებულ მშობლებთან, რომლებიც რასაკვირიველია, მხარს არ უჭერენ შვილებს გაკვეთილის ჩაშლის მცდელობებში, თავად შეეცადა აეხსნა და დაენახა პრობლემა. მათ შორის საგნის მასწავლებელს ურჩიეს იუმორის სასწავლო მიზნებში გამოყენება და გაკვეთილის საინტერესო ჭრილში გადატანა. მოსწავლეები დაუშვეს გაკვეთილზე და პრობლება არათუ გაღრმავდა, მოგვარდა კიდეც.

- ყველაზე ხშირად რა პრობლემებია სკოლაში? რა არის აქტუალური - ბულინგი მოსწავლეების მხრიდან, მასწავლებლების მხრიდან, არაკომპეტენტურობა, კორუფცია...
- მშობლები ძირითადად 4 მიზეზის გამო მოგვმართავენ. ა) ძალადობრივი და ზოგადად ნეგატიური გარემო სკოლაში, სადაც ყოველდღიურობის ნაწილია, როგორც ბავშვებს შორის ძალადობა, ისე მასწავლებლის მხიდან მოსწავლეზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ზეწოლა, დამამცირებელი რეპლიკა და უგულებელყოფა. სამწუხაროდ არ არის იშვიათი, მოზარდის გარიყულობის პრობლემა. ბ) უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც სწორედ ძალადობრივი გარემოდან გამომდინარეობს. გ) ანტისანიტარია სკოლებში. მოუწესრიგებელი სველი წერტილები და კლასები, სადაც სკოლის დამლაგებელი თვეობით არ შედის. დ) საბჭოური მეთოდებით სწავლების პრობლემა, რაც ბავშვებისთვის მიუღებელია.


- ჩვენს თანამედროვე განათლების სისტემაში რა პრობლემებს გამოარჩევდი და რაში ხედავ გამოსავალს?
- რომ შევაჯამო, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოში ურთულესი გამოწვევების წინაშე დგანან. სახალხო დამცველის ბოლო ორი წლის ანგარიშები მოწმობს, რომ სკოლაში არ არის დაცული მოსწავლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ქართველი მოსწავლეების აკადემიური მოსწრების დონე ბევრად ჩამოუვარდება განვითარებული ქვეყნების მოსწავლეთა მაჩვენებლებს. მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს წაკითხულის გააზრება, კრიტიკული აზროვნება და რეპეტიტორის გარეშე ვერ ახერხებს სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში. მშობლების უმრავლესობა გამოსავალს მხოლოდ რეპეტიტორებში ხედავს და არ ენდობა სკოლას. მშობლების მონაწილეობას სკოლის მართვაში დიდწილად ფიქტიური ხასიათი აქვს. ის მშობელი იყრის კენჭს სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე, რომელიც დირექტორისთვის მისაღებია. მე ამას დავარქმევდი შეკოწიწებულ დემოკრატიას. მთავარი პრობლემა ის არის, რომ სკოლა არ არის თავისუფალი, ის იმართება ცენტრალიზებულად. ხოლო ადგილობრივად სკოლაში ნაცვლად დემოკრატიისა გვაქვს შეკოწიწებული, გამოგონილი დემოკრატია, რომელიც საზრდოობს კოლექტიური აზროვნებით და სადაც ყველაფერი კეთდება ინდივიდუალიზმის გამოვლინების წინააღმდეგ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, სახალწლოდ და მარტის დღესასწაულებზე თანხების აგროვება მასწავლებლებისთვის, რასაც ძალიან ბევრი მშობელი არ ეთანხმება, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ კოლექტიური გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლას. არავინ თქვას რომ ეს სკოლის გარეთ ხდება და სკოლას არ ეხება. ეს არის მთლიანად სკოლის პასუხისმგებლობა, რადგან ის არ ამბობს უარს კოლექტიურ ძღვენზე.
გამოსავალი არის განათლების სისტემის პარტიული პოლიტიკისგან გათავისუფლებაში და დეცენტრალიზაციაში. ასევე, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების დაფინასნების ზრდაში, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაში და საგნობრივი პროგრამების ყოველდღიურ ცხოვრებასთან ადაპტირებაში. მიზანი მთელი ამ ცვლილებების უნდა იყოს ერთი - მოსწავლეს უნდა უყვარდეს სკოლა!
"მშობლებს სკოლაში მისასვლელად განა არ სცალიათ, არ მიუხარიათ, რადგან იქ ნეგატიურად დახვდებიან" - რისი მოთხოვნის უფლება აქვს მშობელს სკოლისგან

- ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ რომ შეაჯამოთ, რა პრობლემებს ხედავთ მშობლებში, რას - მასწავლებლებში და რას - სისტემაში.
- მშობლებს სჭირდებათ მომზადება, მათ ბევრი რამ არ იციან, როგორც სკოლასთან, ასევე შვილებთან მიმართებაში. როცა მათ შვილებს სკოლაში ელემენტარული პრობლემა ექმნებათ, ვერ ახერხებენ სათანადო რეაგირებას. ამიტომ დავგეგმეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგები, რომ ამ საშუალებით, სახალისო მეთოდებით ვცდილობთ გავაძლიეროთ ისინი, აღვჭურვოთ საჭირო უნარებით.
მასწავლებელს რაც შეეხება, სისტემაში არის ასობით ან შეიძლება ათასობით გულანთებული პედაგოგი, რომლის ზურგზეც დგას სკოლა. მაგრამ სამწუხაროდ, უფრო მეტია განვითარების წინააღმდეგი. მასწავლებლებს უჭირთ საგაკვეთილო პროცესში თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვა. უჭირთ გაკვეთილები მოარგონ ყოფა-ცხოვრებას და მოსწავლეებს პრაქტიკული თვალით დაანახონ საგნობრივი კომპეტენციები. უჭირთ ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მოქცეულები არიან ჩარჩოებში და არ შეუძლიათ სიახლეების შეტანა. საკლასო ოთახებში ჯერ კიდევ ძალადობენ ბავშვებზე და ვერ ხედავენ საჭიროებას მოსწავლეს შეაყვარონ სწავლა.
სისტემა ცენტრალიზებულია. დირექტორი, რომელიც უნდა იყოს ლიდერი, შეზღუდულია გადაწყვეტილებებში. ნებისმიერი, თუნდაც სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების დროს, ის რისკავს, რადგან არ იცის, როგორ შეაფასებს ამას განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური და როდის ვის დასჭირდება მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. განათლების სისტემა არ არის თავისუფალი ვიწრო პარტიული პოლიტიკისგან. სკოლის ამორტიზებული შენობები კვლავ გამოიყენება საარჩევნო უბნებად, სკოლის დირექტორები კვლავ მოიაზრებიან თემის პარტიულ ლიდერებად, ზოგიერთი პედაგოგი საჯარო აგიტაციას ეწევა პარტიის სასარგებლოდ და ა.შ. სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების დაფინასნება ძალიან მცირეა. სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე არ იხარჯება საჭირო დრო და რესურსი. განათლების პოლიტიკის შემქმნელები ამ დრომდე ვერ ახერხებენ მიიღონ მასწავლებლის პროფესიაში შესვლის და პროფესიიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება. აი, ეს არის მთავარი პრობლემები, საიდანაც სათავეს იღებს სხვა დანარჩენი.

P.S. სამომავლოდ, ვფიქრობთ, რომ გავაძლიერებთ „მშობელთა სკოლას“. ამჟამად მიმდინარე პროექტი დაფინანსებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის საქართველოს“ მიერ. ის ითვალისწინებს მშობელთა ტრენინგებს 8 მუნიციპალიტეტში. ტრენინგები ჩატარდა ხაშურში, თელავში, გორსა და ახალციხეში. 9-10 თებერვალს ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში ვხვდებით მშობლებს (ვისაც ტრენინგში მონაწილეობა სურს, უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე). მარტის ბოლომდე ჩატარდება ტრენინგები ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთში. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვმუშაობთ მშობლებისთვის აქტუალურ პროგრამებზე, რომელსაც გაზაფხულიდან სიმბოლურ ფასად წარვუდგენთ მშობლებს. გვინდა მშობლების მომზადება 2019 წლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებითვის. აუცილებლად გვექნება საინფორმაციო კამპანია, საიდანაც მშობლები შეიტყობენ რამხელა ძალა აქვს მათ სწორ ჩართულობას სკოლის დემოკრატიული მართვისთვის.

წყარო:mshoblebi.geскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია