საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


უცხო ქალაქზე მზრუნველი - საკუთარ მხარეს მონატრებული ადამიანები

personuser access_time5-02-2019, 19:28


გორის კეთილმოწყობასა და სისუფთავეზე მზრუნველ ადამიანებს შორის, 24 იძულებით გადაადგილებული პირია.
საკუთარ კუთხეს მონატრებულები, მეათე წელია უცხო ქალაქს უვლიან.



" დილის ექვს საათამდე გავდივარ სახლიდან. სამსახურში მისვლისთანავე მანქანა მომყავს მწყობრში და შემდეგ ქუჩებიდან ნარჩენების გატანას ვიწყებთ" - მიყვება თემურ პაპელიშვილი.

თემურის სატვირთოს ძრავის გუგუნის ხმა, დილის სიჩუმეს ჯერ კიდევ მაშინ არღვევს, როდესაც ყველას სძინავს. ორ მუშასთან ერთად საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ყოველდღე ოცამდე ქუჩიდან გააქვს.

"მე მხოლოდ ქალაქის ქუჩებში სიარული მევალება. მუშებს დავყვები, რომლებიც ყოველი სახლის კართან გამოდგმულ ურნას სათითაოდ ცლიან მანქანის საბარგულზე. ხშირად, ძაღლებისგან გაღავებული ნაგვის მოგროვებაც კი, უწევთ. ჩვენი სამსახური დაუღალავად ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე. მეეზოვეები პერიმეტრების დაგვას ჯერ ისევ სიბნელეში იწყებენ. ქალაქის ახლადგაღვიძებული მცხოვრებლები, ხშირად ჩვენს შრომას ვერც კი, ამჩნევენ “- ამბობს ის.



57 წლის თემურ პაპელიშვილი დევნილი სოფელ აჩაბეთიდანაა. სახელმწიფო კომპენსაციით 10 წლის წინ სახლი კარალეთში იყიდა და იქვე დასახლდა. მუშაობის პარალელურად, სოფლის მეურნეობასაც მისდევს.

"სამსახურში ყოველი დღე ერთმანეთს გავს. დასვენების დღეები თითქმის არ გვაქვს, კვირაში 7 დღე ვმუშაობთ. არ არსებობს ადვილი საქმე, ყველა სამსახური რთულია, სხვაგვარად არ გამოდის. ჩვენ, დევნილებს ხელალხლა მოგვიხდა ცხოვრების დაწება და სამსახურს, რომელიც შემოსავლის ძირითადი წყაროა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. დრო როცა მრჩება საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ვმუშაობ, ვცდილობ ცოტა რამ მაინც, საკუთარი ხელით მოვიყვანო"- გვიამბობს თემური.



დიდი ლიახვის ხეობის იძულებით დატოვების შემდეგ, გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს - ავთო კასრაძეც. რამდენიმე წელია საკუთარი კარ-მიდამოს ნაცვლად, ქალაქის სკვერებსა და გაზონებს უვლის.

"სტაბილური სამსახური გაჭირვებით ვიშოვნე. მანამდე ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. მცირედი ანაზღაურებისთვისაც კი, ნებისმიერ საქმეს ვაკეთებდი. მერე ახლობელმა მითხრა, რომ გამწვანების სამსახურში სჭირდებოდათ ადამიანი, ვინც მცენარის მოვლას სათანადოდ შეძლებდა და მივედი გასაუბრებაზე. ალბათ მოვეწონე და ასე დავიწყე მუშაობა. დევნილებისთვის დასაქმების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მთავარია, რომ ვმუშაობ, სხვა პრობლემები ნელ-ნელა მოგვარდება"-ამბობს ავთო კასრაძე.





ოფიციალური მონაცემებით, გორის კეთილმოწყობის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე სულ 24 დევნილია დასაქმებული.

" ჩვენი სამსახური ქალაქის კეთილმოწყობაზე ზრუნვის პარალელურად თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოსაც ქმნის. აქ მომუშავე დევნილთა რაოდენობიდანაც ჩანს, რომ მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში მცირე წვლილი ჩვენს სამსახურსაც შეაქვს" - გვითხრეს სააგენტოს პრესსამსახურში.


ოკუპირებული სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი ნაწილი, გორის მუნიციპალიტეტში დასახლდა. მათმა გარკვეულმა ნაწილმა შეძლო სამსახურის შოვნა. ზოგმა თვით დასაქმება, ზოგმა კი, სახვადასხვა სფეროში მუშაობა არჩია. მათ შორის არიან ნარინჯისფერ ჟილეტებიანი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც.




ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია