საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ვარდისფერი ლაბადებით დატოვებული ცხინვალი და ორჯერ თავიდან დაწყებული ცხოვრება

personuser access_time6-02-2019, 21:19


ქართულ ოჯახებს ცხინვალიდან წამოსვლა მოულოდნელად მოუხდათ. საცხოვრებელ სახლებს მათ, სიცოცხლე ამბჯობინეს. ჩაკიდეს ხელები ერთმანეთს და საყვარელი ქალაქი, წლების ნაშრომთან ერთად, უჩუმრად დატოვეს. ბევრ მათგანს ანალოგიურის გადატანა მეორედ 2008 წელსაც მოუწია.


" მახსოვს, სკოლაში ბავშვების გამოსაყვანად მივედი და დავინახე, ეზოსთან მიყენებული "ვილისებიდან" ირაღს ცლიდნენ. გადარეული შევვარდი კლასში, ბავშვებთან ერთად მათი საბუთებიც წამოვიღე და საჩქაროდ დავტოვეთ იქაურობა"- 29 წლის წინანდელ მოვლენებს კიდევ ერთხელ იხსენენს მალინა ჟუჟნიაშვილი.


33 წლის იყო, როდესაც იძულებული გახდა, ოთხი მცირეწლოვანი შვილისთვის ხელი მოეკიდა და იმ დროისთვის საშიშ ქალაქს გასცლოდა. მაშინ გოგონები დაწყებით კლასებში სწავლობდნენ. ვაჟი კი, თვეების - სახვევებში გამოკრული წაიყვანა უსაფრთხო ადგილზე.


"ჩვენი მეზობლები ძირითადად ოსები იყვნენ. არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, გიჟდებოდნენ ჩვენ ოჯახზე. არ უნდოდათ იქიდან გამოვეშვით, მაგრამ ერთ დღესაც ჩვენი ფანჯარა გარედან ნასროლმა ტყვიამ ჩაამსხვრია და წამოსვლაც მაშინ დავაჩქარეთ. აღარფრად ჩავაგდეთ რას ვკარგავდით და მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნებაზე დავიწყეთ ფიქრი. არაფრის წამოღების უფლებას არ გვაძლევდნენ, გზად ყველას ამოწმებდნენ. გოგონებმა იეშმაკეს და საყვარელი კაბები ერთმანეთზე ჩაიცვეს, გარედან კი ვარდისფერი საწვიმარი ლაბადები მოიცვეს და ფეხების ბაკუნით გამოგვყვნენ უკან. ისე უხდებოდათ, არ მავიწყდება ის წუთი. გზადაგზა უამრავჯერ გაგვაჩერეს. შეხვეული პატარა ათასჯერ გამახსნევინეს, ეგონათ იარაღი მიგვქონდა. არ იჯერებდნენ, რომ ბავშვი მყავდა შეხვეული. ამის გამო მას ფილტვების ანთება დაემართა და დევნილობის პირველ თვეს საავადმყოფოში ვიცხოვრეთ"- იხსენენს მალინა.


ის დილა კარად ახსოვს მათ შვილს. ნინო ოქროპირიძე გვიყვება, რომ დილით მშობლების კამათმა გააღვიძა, რომლებიც ცხინვალიდან წასვლა-დარჩენის საკითხზე ვერ თანხმდებოდნენ. ახსოვს, როგორ სასწრაფოდ ჩაიცვა დებთან ერთად და გაურკვეველი მიმართებით გამგზავრებას დაელოდა. ის დღე უკანასკნელი იყო, როდესაც ცხინვალის ქუჩებს თვალი შეავლო.


"ცხინვალიდან ბიძამ წამოგვიყვანა, რომელიც გაოგნებული მოვიდა, რა ხდება, რატომაა ამდენი შეიარაღებული ფორმიანი მობილიზებულიო გვეკითხებოდა. დედამ ჩვენზე და იმ ნიბთებზე მიუთითა, რომლებიც სახელდახელოდ შეაგროვა თან წასაღებად. ამასობაში სამსახურში წასულმა მამამ დარეკა და დედას უთხრა სასწრაფოდ დაგვეტოვებინა იქაურობა. ნივთები არ წამოუღიათ. გავიგეთ, რომ არავის არაფერს ატანდნენ. დაბნეულები ვიყავით. გზადაგზა გვჩხრეკდნენ. ციოდა ძალიან და ვიყინებოდით იმდენ ხანს გვაჩერებდნენ ყოველ ნაბიჯზე. მახსოვს დედას ნატანჯი, გაფითრებული სახე და ჩემი დების დამფრთხალი თვალები. წლები გავიდა და იმ განცდას ვერ ვივიწყებ" - გვიყვება ნინო.


ამის შემდეგ იყო 20 წლიანი ცხოვრება სოფელ დისევში. ოჯახმა ყველაფერი ნულიდან დაიწყო. მატერიალური დოვლათი რომ შექმნეს, შვილების განათლებაზე დაიწყეს ზრუნვა და სწორედ მაშინ, გზად 2008 წლის ომიც წამოეწიათ.


"დისევში კარგად ვცხოვრობდით. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ბავშვებს არაფერი მოჰკლებოდათ. მიუხედავად იმ მძიმე წლებისა რაც გამოვიარეთ, შევძელით და ცხოვრება ბედნიერად გავაგრძელეთ. თუმცა, ისევ ომმა შეგვიშალა ხელი. ისევ ომმა წაგვართვა ჩვენი მარჯვენით შეძენილი ყველაფერი და ისევ ომმა გვაქცია მეორეჯერ დევნილებად. ისე განვიცადე, ნერვიულობით მიომა დამემრთა. ექიმებმა თქვეს ცოტაც რომ დაგეგვიანათ სწრაფ სარკომად გარდაიქმნებოდაო. ახლაც თავზე სისხლძარღვები მეწვის იმ ყველაფერს რომ ვიხსენებ. მეორე დევნილობიდან 10 წელი დავამრგვალეთ და კიდევ ხელახლა დაწყებულ ცხოვრებას ვაგრძელებთ"- გვიყვება ოქროპირიძეების ოჯახის დიასახლისი.


მალინა ჟუჟნიაშვილის ოჯახი 2008 წლიდან გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
კითხვაზე, შეძლეს თუ არა გასული 29 წელი ეპატიებინათ მათთვის, ვის გამოც ცხოვრების ურთულეს გზას გადიან, მიპასუხეს, რომ არ იციან ეს ყველაფერი ვის უნდა აპატიონ.
მათ არ სძულთ ოსი ხალხი, უყვართ ქართველები და გული სწყდებათ, რუსეთის დაუნდობლობაზე.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია