საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


პრობლემური საკითხები კარალეთის დევნილთა დასახლებაში

personuser access_time7-02-2019, 21:06


კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლები, წლებია გზების მოასფალტებასა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.

"ამ გზაზე წვიმის დროს ვერ შემოხვალთ. იმხელა გუბეები და ტალახია. წყალს გასავალი არ აქვს და ეს ხშირად, უარეს პრობლემას ქმნის"- ამბობენ დასახლებაში.

უზარმაზარ დასახლებაში ბევრი შიდა გზაა. თითოეულს რძისფერი კოტეჯების მწკრივი მიჰყვება. საფეხმავლო ბილიკები არ არსებობს, სახლების წინ დევნილებს საკარმიდამო ნაკვეთები აქვთ შემოსაზღვრული. გამვლელი იძულებულია პირდაპირ შუა გზას დაადაგეს. როგორც მოსახლეობა ამბობს, უამინდობის დროს კარალეთის დევნილთა დასახლებაში გადაადგილება შეუძლებელია. სახლიდან გასვლას განსაკუთრებით ჭარბნალექიანობისაას ერიდებიან. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დახმარების თხოვნით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართეს, თუმცა, როგორც ამბობენ რეაგირება არ მომხდარა.

"რაც აქ ვცხოვრობთ მას შემდეგ ეს პრობლემაა. რამდენჯერმე მოხრეშეს,თუმცა ამით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ვწერთ განცხადებებს, შეგვაქვს შესაბამის სამსახურებში, მაგრამ თავადაც ხედავთ არაფერი შეცვლილა"- გვითხრა ამირან მარიამიძემ.

კარალეთის დევნილთა დასახლებაში დაზიანებული გზები ერთადერთი პრობლემა არ არის. იძულებით ადგილნაცვალი პირების თქმით, არ არსებობს სანიაღვრე სისტემა. რის გამოც ნალექიან ამინდში გზებზე ნიაღვრები მიედინება. ხშირია შემთხვევები, როდესაც საცხოვრებლებიც იტბორება.

" გული მისკდება რომ წვიმს. სახლიდან ვერ გავდივართ სანამ გუბეებიდან წყალი არ ამოშრება. არის ტალახი და სადმე თუ ვართ წასასვლელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი მიგვაქვს და ასფალტიან გზაზე რომ გავდივართ ვიცვლით. შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ თავს არავინ იწუხებს" - ამბობს ჟუჟუნა თედეევა.

"ძლიერი წვიმისას მეშინია განსაკუთრებით. სულ დაძაბული ვარ წყალი სახლებში არ შემოგვივარდეს. ის არ კმარა რაც გადავიტანეთ და ახლა ასეთ საკითხებზე გვიწევს ნერვიულობა"- გბარწმუნებს ნაზი გოჩაშვილი.

გორის მერისთვის უკვე ცნობილია დასახლებაში არსებული პრობლემები. გასულ კვირას კოტე თავზარაშვილი დევნილებს პირადად შეხვდა და 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი ინფორმაციით, 4 839 930 ლარი ორ მასშტაბურ პროექტზე გადანაწილდება. აქედან 3 889 930 ლარი შიდა გზების კაპიტარულ რეაბილიტაციაზე, 950 000 ლარი კი, საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობაზე დაიხარჯება.

"პროექტის ფარგლებში ჯამში 6 990 მეტრი სიგრძის გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ახალი რკინაბეტონის კიუვეტები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ წყლის შეგროვებასა და არსებული გრუნტის არხში გადატანას. გორის მერიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი 23 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 8 - დან 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.რაც შეეხება კანალიზაციის რეაბილიტაციასა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება"- განაცხადა გორის მერმა.

როგორც ირკვევა, პრობლემა კარალეთის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე წელს გადაწყდება. სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით განხორციელდება.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია