ნაციონალები განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვენ, უმრავლესობა მათ არ ეთანხმება

სტატიის ავტორი

მეორე დღეა, განათლების მინისტრი პარლამენტშია. მიხეილ ბატიაშვილი ისევ სესიაზე ისმენს კითხვებს და განცხადებებს - განათლების რეფორმასა და ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე. დეპუტატები დღეს ძირითადად ფრაქციების სახელით გამოდიან.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ მიმართა და თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

"გუშინ ია კერზაიას ტრაგიკული საქმის საპირწონედ მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე სკოლის მოქმედი დირექტორები, “ქართული ოცნების“ აქტივისტები მოიყვანა, რომელთაც ერთადერთი ფუნქცია ჰქონდათ - როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი დაიწყებდა საუბარს, გამოსვლა შეეწყვეტინებინათ. მათგან ისმოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები და 9 წელი, 9 წელი. ეს ნორმალურია?! სამარცხვინო იყო ის, რაც გუშინ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ვიხილეთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის საფუძვლებს ვერ ხედავს.

"ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენი განხილვების შედეგი გახლავთ ის სამი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც მე გუშინ გავაჟღერე. საბოლოო მიზანი გახლავთ, სკოლა და განათლების სისტემა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც საკმაოდ უხეში ჩარევა ხდებოდა პოლიტიკური სპექტრის მხრიდან სისტემებში და საჯარო უწყებებში. მსგავსი სისტემური ჩარევა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში არ ხორციელდება. თუნდაც, კითხვების გაჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ არც ერთი შემთხვევის მიმდინარეობას. სამი რეკომენდაცია, რომელსაც ვაწვდით სამინისტროს, გახლავთ: 1. მოხდეს უწყების შიდა რევიზია, რომ ანონიმური წერილებით განცხადების რეგისტრაციის უფლება არ ჰქონდეს პირს იდენტიფიკაციის გარეშე. 2. თავად მინისტრის მხრიდან შემოთავაზებული ინიციატივაა, ვიფიქროთ მორატორიუმზე გენერალური ინსპექციის თუ აუდიტის სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით საარჩევნო პერიოდში; 3. ჩემი კოლეგიალური რჩევა გახლავთ მინისტრთან, ვერ დავუშვებთ, რომ განათლების სისტემასთან ასოცირდებოდეს ინსპექტირების სამსახური, რომლის გამოცდილებაც სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში უკავშირდებოდა. მე ვფიქრობ, რომ მინისტრმა უნდა გადახედოს საკადრო პოლიტიკას. ბუნებრივია ყველა გამოცდილ კოლეგას უნდა მიეცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, მაგრამ ვფიქრობ, რომ განათლების სისტემაში ინსპექტირების სამსახური უნდა გადავიდეს კოლეგიალურ მხარდაჭერაზე და ხარისხობრივი ინდიკატორებით შეფასების სისტემაზე“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა კი აღნიშნა, რომ სრულ თანადგომას უცხადებს განათლების მინისტრს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებთ მათ ოჯახს, თუმცა ასევე მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ ჩემი მოსაზრებით, ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისთვის. მიმაჩნია, რომ ეს არის ამორალობა.

თუმცა, დავანებოთ ამას თავი. თუნდაც იქ ყოფილიყო რაღაც შეცდომები, რეაქცია ამაზე, რასაც გუშინაც ჰქონდა ადგილი და ახლაც აქვს, არის ამორალური. მინდა სრული თანადგომა გამოვხატო თქვენ მიმართ“, - მიმართა გია ჟორჟოლიანმა განათლების მინისტრს.

მთავარი საკამათო თემა ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზი იყო.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх