კვლევა: ერთნაირსქესიანი მშობლების მიერ გაზრდილი ბავშვები სკოლებში უკეთესად სწავლობენ

სტატიის ავტორი

ევროპელი ეკონომისტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთნაირსქესიანი წყვილების ბავშვები სკოლაში უკეთ სწავლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც დედასთან და მამასთან იზრდებიან. ამის შესახებ on.ge Washington Post-ზე დაყრდნობით წერს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერთნაირსქესიან ოჯახში გაზრდილ ბავშვებს გამოცდებში უკეთესი შედეგები ჰქონდათ, ხოლო სკოლის დამთავრების შანსი ასეთ ბავშვებში, დაახლოებით, შვიდი პროცენტით უფრო მაღალი იყო.

კვლევის ავტორები დენი მაზრეკაი, კრისტოფ დე ვიტე და სოფი კაბუსი ბელგიის ლევენის უნივერსიტეტის ეკონომისტები არიან, რომლებმაც კვლევისთვის ნიდერლანდებში 1995 წლიდან დაბადებულ ბავშვებზე სახელმწიფოს მიერ შეგროვებული ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენეს. 2001 წელს ნიდერლანდები გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

"კვლევები მიუთითებენ, რომ ერთნაირსქესიან ოჯახში გაზრდილი ბავშვები განსხვავებულსქესიან მშობლებთან გაზრდილ ბავშვებთან შედარებით სკოლებში უკეთეს შედეგებს აჩვენებენ. გამოთვლების მიხედვით, ასეთ ბავშვებს სკოლის დამთავრების შანსი 6,7 პროცენტით უფრო მეტი აქვთ", - ნათქვამია კვლევაში.

კვლევა იმით არის გამორჩეული, რომ მასში ნიდერლანდებში 1995-დან 2005 წლამდე დაბადებული ყველა ბავშვის მონაცემებია განხილული, მათ შორის ისეთი დეტალებიც, როგორიცაა მათი აკადემიური მოსწრება და მშობელთა ფინანსური მდგომარეობა.

ჯამში, კვლევაში ლგბტ წყვილების ოჯახში გაზრდილი 1 200 და ჰეტერო მშობლების ერთ მილიონზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა.

მეცნიერებმა დაადგინეს ისიც, რომ ერთნაირსქესიან მშობლებს უფრო უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები ჰქონდათ, ისინი ასევე უფრო განათლებულები იყვნენ, ვიდრე ჰეტერო წყვილები, რაც მთლიანობაში ბავშვებზე დადებითად აისახებოდა.

ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვის გასაჩენად ხშირად ძვირადღირებული რეპროდუქციული მეთოდების გამოყენება უწევთ. ამ მიზეზების გათვალისწინებით, ლგბტ წყვილები ხშირად ჰეტერო წყვილებზე უფრო მოტივირებულები და მონდომებულები არიან ხოლმე, რომ მშობლები გახდნენ. დიდი ალბათობით, ეს არის ის მთავარი მიზეზი, რატომაც ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები სკოლაში უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

"ერთნაირსქესიანი წყვილებისათვის შვილის ყოლა ადვილი არ არის, ამისათვის მათ მაღალი სოციოეკონომიკური სტატუსი უნდა ჰქონდეთ. ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ მაღალი სოციოეკონომიკური ფაქტორი ბავშვებზე დადებით გავლენას ახდენს", - აცხადებს მაზრეკაი, რომელმაც აღნიშნული კვლევა იანვარში ატლანტაში გამართულ ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის კონფერენციაზე წარმოადგინა.

როდესაც ეკონომისტებმა ფინანსური მდგომარეობის ფაქტორიც გაითვალისწინეს, ლგბტ და ჰეტერო წყვილების ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს შორის განსხვავება ბევრად უფრო პატარა იყო, თუმცა, ჰომოსექსუალი მშობლების ბავშვების შედეგები მცირედით მაინც უფრო უპირატესი იყო.

წინამორბედმა კვლევებმა გეი და ლესბოსელი ბავშვების შემთხვევაში საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობაზე სტატისტიკური სხვაობა არ აჩვენა, (რამდენიმე კვლევამ კი უარყოფითი გავლენა აღმოაჩინა ) თუმცა ამ უკანასკნელ კვლევაში მეცნიერებმა განქორწინების გავლენაც გაითვალისწინეს, რომელიც ხშირად ბავშვებზე უარყოფით გავლენას ახდენს და შედეგების ინტერპრეტირებას ართულებს.

"უამრავი ბავშვი ერთნაირსქესიან ოჯახში განქორწინების შედეგად ხვდება, როდესაც ერთ-ერთი ჰომოსექსუალი მშობელი საპირისპირო სქესის პარტნიორს შორდება, შესაბამისად ბავშვების ნაწილი შეიძლება ლგბტ წყვილის ოჯახში ცხოვრობდეს, მაგრამ გაზრდილი იქ არ იყოს. მშობლების განქორწინებას კი, ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე უარყოფითი გავლენა აქვს", - აცხადებენ ეკონომისტები.

როდესაც მეცნიერებმა კონკრეტულად ჰომოსექსუალი წყვილების მიერ გაზრდილი ბავშვების შედეგები ჰეტეროსექსუალი მშობლების მიერ გაზრდილ ბავშვებს შეადარეს, მათ უკეთესი აკადემიური მოსწრება ამ შემთხვევაშიც დააფიქსირეს. აღნიშნული კვლევა თანხვედრაშია 2014 წელს ავსტრალიაში გამოქვეყნებულ კვლევასთან, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ერთნაირსქესიანი წყვილების ოჯახებში ბავშვები უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები იყვნენ. ეს სავარაუდოდ იმიტომ, რომ გეი და ლესბოსელი წყვილები ოჯახში საქმეს უფრო თანაბრად ინაწილებენ.

ფოტო: movilh.clскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх