საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსბესელია კობახიძის გადასაყენებლად ბრძოლას იწყებს

personuser access_time28-02-2019, 13:30


საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გადინება გუშინაც გაგრძელდა - მმართველი პარტიისა და ფრაქციიდან გასვლის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა. ასევე, წასვლას არ გამორიცხავენ მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი და გია ჟორჟოლიანი. პარალელურად კი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტისათვის მუშაობის დაწყებას აანონსებს.

"ოცნების" ყოფილი წევრი, ბესელიას თანამოაზრე დავით ჭიჭინაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი უკვე გაზაფხულზე დადგეს დღის წესრიგში, რადგანაც, მისი ვარაუდით, გაზაფხულისთვის მმართველ პარტიას კიდევ ბევრი დეპუტატი დატოვებს.

თავად ბესელია კობახიძეს პარლამენტის "5 კაცის სათარეშო ადგილად ქცევაში ადანაშაულებს.

"მე მგონი, ვერ ხვდება, რა ხდება დღეს, რა პროცესი მიმდინარეობს, სამწუხაროდ. ის რომ ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, სამწუხაროდ, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი.

"ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება არსებობდეს. ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო. მე წინა პარლამენტში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ ეს ინსტიტუციური სიძლიერე ეჩვენებინა პარლამენტს და გული დამწყდა, როდესაც დავინახე, როგორ ინგრევა, რაც ძალიან დიდი რუდუნებით, 4 წელი ვაშენეთ. მე მგონი, ამას, უბრალოდ, ვერ აცნობიერებს. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა," - განაცხადა ბესელიამ ირაკლი კობახიძის შესაძლო იმპიჩმენტზე საუბრისას.

დავით ჭიჭინაძე კი ამბობს, რომ გუნდში თმენის ვალდებულება უკვე ამოწურულია და არ არის გამორიცხული, რომ გაზაფხულზე პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკიხი დადგეს. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ისინი მმართველი გუნდიდან კიდევ ბევრი დეპუტატის წამოსვლას ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ამაში ოპოზიციის მხადაჭერასაც მიიღებენ.

ჭიჭინაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან თანაპარტიელების დაბეზღებით არის დაკავებული და თანაც დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, რაც თავად ბიძინა ივანიშვილს წამოსცდა "ქართული ოცნების" დახურულ სხდომაზე.

"კარგია, რომ პარტიის შიგნითაც ძალიან ბევრი ადამიანი უკვე კობახიძის იმპიჩმენტზე საუბარს იწყებს. ეს ადამიანი ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას აფერხებს. კაცმა გუნდი დაშალა. როგორც თვითონ არის ცვილის ფიგურა, პარლამენტიც მაგას დაამსგავსა.

"ეს ადამიანი რომ დაბეზღებით არის დაკავებული, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ვინც კიდევ მაგის დაბეზღებებს უსმენს და ასე ენდობა, ძალიან ცდება. ან კიდევ მაგის გვერდით ვინც ბოლომდე ჩერდება, დაღუპულია. საქართველოს პარლამენტი ხალხის ხასიათს უნდა ასახავდეს და არა ამის მსგავსი უემოციო ადამიანის, რომელიც არავისთან არ თანამშრომლობს და ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი ინტერესების გატარებაზეა ორიენტირებული.

"ბიძინა ივანიშვილთან გადაკეთებული, ტყუილი ამბები მიაქვს. ეს ივანიშვილს სხვადასხვა სხდომაზეც წამოსცდენია. შეუხედავს კობახიძისთვის ან რომელიმე დუპტატისთვის და უთქვამს - რაო, ამან რა თქვაო? სულ ზეპირად იცოდა, ვინ რას ლაპარაკობდა, თან კობახიძეს იმოწმებდა. ეს კიდევ წითლდებოდა.

"ძალიან ბევრ რამეს უღირსს სჩადის, რაც ჩვენი ხასიათისთვის მიუღებელია. კაცი ენის მიმტანი იყოს, ვინმეს სადმე გაუგონია? თუ კობახიძის გადაყენებით საქართველოს პარლამენტარები გაზაფხულს მიულოცავენ და პოლიტიკიდან გაუშვებენ, ყველაზე დიდი სიკეთე "ოცნებისა" ეს იქნება, რაც პოლიტიკაში არსებობს," - აღნიშნა ჭიჭინაძემ "რეზონანსთან".

"ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილი პარტიაში კრიზისისა და ბევრი შეუსაბამობის გამო დაბრუნდა, "ოცნებაში" მიმდინარე პროცესები გარდაუვალი იყო.

მისი აზრით, იმათ, ვინც გუნდიდან მიდიან, პირველ ადგილზე პიროვნული დაპირისპირება დააყენეს. იქ კი, სადაც ოპოზიცია სუსტია და მმართველ გუნდს დამარცხების რისკი არა აქვს, მმართველი გუნდის შიგნით დაპირისპირება იწყება. ქუცნაშვილის შეფასებით, დღეს ოპოზიციაში ჩანაცვლების პროცესი მიდის.

"ჩემმა კოლეგებმა თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება. ივანიშვილმა მათ მისცა თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება. სამი ვარიანტი შესთავაზა - გნებავთ, წადით, დარჩით ან გაგრიცხავთ. მაქსიმალური თავისუფლება მისცა. რა თქმა უნდა, ივანიშვილი თან საუბრობდა, რომ მისთვის ყველა მნიშვნელოვანი იყო და ერჩივნა, რომ დარჩენილიყვნენ.

"დაპირისპირების თემად სასამართლო ჩანს, თუმცა მიზეზები უფრო ღრმაა. ეს უკვე პიროვნულ დაპირისპირებაშია გადასული. ივანიშვილს კალთები არავისთვის არ ჩამოუხევია და ყველას თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება მისცა. არ ჯობია, რომ როცა დაპირისპირება პირადშია გადასული, დაშორდნენ ერთმანეთს და ყველამ თავისი გზა გააგრძელოს?" - ამბობს ქუცნაშვილი.

მისივე თქმით, ბესელიასა და კობახიძეს შორის დაპირისპირება პიროვნულია და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ ვის აჯობებს და ისიც შეუიარაღებული თვალითაც კარგად ჩანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებული დეპუტატების რიცხვი მზარდია.

ქუცნაშვილი აცხადებს, რომ თუ კობახიძე მის თავისუფლებას შეეხება, მაშინ ისიც დაუპირისპირდება. მისი აზრით, ახლა "ოცნებაში" იმაზე მეტი თავისუფლებაა, ვიდრე რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში.

"დამისახელეთ ერთი პარტია, სადაც ლიდერს გოგლიმოგლის ბიჭს ეძახიან და ის წევრი ისევ პარტიაში რჩება," - აღნიშნა მან.

კონსტიტუციონალისტი, ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, როგორ უნდა მოხდეს ირაკლი კობახიძის იმჩიმენტის საკითხის დაყენება, რადგანაც მაშინ მან რაიმე დანაშაული უნდა ჩაიდინოს და მის გადაყენებას, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. ერთადერთი ვარიანტი უმრავლესობის მიერ მისი გადარჩევაა.

ძაბირაძის შეფასებით, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ივანიშვილის სურვილით და დავალებით მოხდეს. თუ დაინახავს, რომ კობახიძის მიმართ როგორც გუნდში, ასევე საზოგადოებაში ნეგატიური განწყობაა, რა თქმა უნდა, 2020 წლის არჩევნებამდე აღარ გააჩერებს.

"ჩემთვის გაუგებარია, ბესელია რას გულისხმობს იმპიჩმენტის დაყენებაში. ჩვენი კონსტიტუციით, იმპიჩმენტით პრეზიდენტისა და მოსამართლის გადაყენება შეიძლება. რაც შეეხება კობახიძის საკითხს, მაშინ მან რაღაც დანაშაული უნდა ჩაიდინოს.

"შეიძლება მხოლოდ მისი გადარჩევა, ამასაც უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ახლა თუ "ოცნებას" ამდენი დეპუტატი დატოვებს, ივანიშვილს ხელისუფლება დანგრევია თავზე და ეგაა. ეს ცოტა აბსურდი მგონია.

"თუ ბესელია გულისხმობს, რომ "ოცნების" შიგნით ამდენ დეპუტატს გადაიბირებს და გადაირჩევენ კობახიძეს, მაშინ ივანიშვილი ამ ქვეყანაში არავინ აღარ ყოფილა და ბესელია ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ლიდერი გამოდის.

"ერთი ასეთი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ, რომ თავად ივანიშვილი ამზადებდეს კობახიძის გადაყენების ნიადაგს. თუ დაინახა, რომ კობახიძის წინააღმდეგ როგორც გუნდის შიგნით, ასევე მის გარეთ ნეგატიური ფონი გაზრდილია, მას აღარ გააჩერებს," - განაცხადა ძაბირაძემ "რეზონანსთან".

წყარო: რეზონანსიскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია