საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მარტოხელა დედები რთული რეალობის წინაშე

personuser access_time5-03-2019, 12:02


მარტოხელა დედა - სოციალური სტატუსის მიღმა, ხშირად, ურთულესი ცხოვრება დგას. სიღარიბე, უმუშევრობა, ერთდროულად რამდენიმე მცირეწლოვან შვილზე მარტო ზრუნვა - ეს იმ უზარმაზარი ჩამონათვალის მცირე ნაწილია, რომლის დაძლევაც მეუღლეს დაცილებულ ქალებს საკუთარი ძალებით უწევთ.

“რთულია ძალიან ცხოვრება, მითუმეტეს ყველაფერი გაძვირდა. ქირა, კომუნალურები, საკვები. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, ნეტა ოდესმე თუ შემეძლება, ერთი დღე დავისვენო და იმაზე არ ვიდარდო დღეს რომ არ ვიმუშავო, ბავშვებს რას ვაჭმევ“- ამბობს თეა ადუაშვილი.

34 წლის თეა 3 მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. წლებია მის მთავარ საზრუნავს ბავშვების გამოკვება და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა წარმოადგენს. ახალგაზრდა ქალი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ფიზიკური შრომით ცდილობს. მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში თავი, მოწყალე ადამიანების დახმარებით გაჰქონდა. შემდეგ კი, გაჭირვების საკუთარი ძალებით დაძლევა გადაწყვიტა და სხვისი სახლების დროებითი დიასახლისი გახდა. როგორც ამბობს, არსებული სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობს, თუმცა შემწეობა იმდენად მიზერულია, მის იმედად ვერ იქნება.

“ამ გაჭირვების მიუხედავად, არასოდეს ვინანებ და არ ვიტყვი-რატომ გავაჩინე სამი შვილი! ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს. იყო პერიოდი როდესაც საჭმელიც არ გვქონდა და კეთილი ადამიანები გვეხმარებოდნენ. მაგრამ ყოველთვის სხვა ვერ დაგეხმარება. მე ვარ დედა და ჩემი ჯვარია შვილებს თავად მოვუარო. ერთ დღესაც გადავწყვიტე დამელაგებინა სახლები. მთავარია პატარები მშივრები არ მყავდეს და მათ ნორმალური ცხოვრების საფუძველი შევუქმნა. ვერ წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა, როცა დღიურ გასამრჯელოს ვიღებ, მივდივარ ბავშვებთან ვეხუტები და ის მიმაქვს რაც უყვართ. ამ დროს თავი ყველაზე მდიდარი მგონია. საცხოვრებელი პირობები არ გვივარგა, მაგრამ საქველმოქმედო ღონისძიებებისა და ჩემი გულშემატკივრების დახმარებით, ჩვენი სახლის მშენებლობა მალე დასრულდება და ჩვენი ოცნების ბინაში ვიცხოვრებთ“- მიყვება თეა ადუაშვილი.



თეა არ არის ერთადერთი ქალი, რომელიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას მუხლჩაუხრელი შრომის ფასად ებრძვის. ნიქოზში მცხოვრები ნინო მინდიაშვილი მცირეწლოვანი შვილისთვის უზრუნველი მომავლის შესაქმნელად ემიგრაციაშიც კი, წავიდა. თუმცა, რამდენიმე თვეში სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი საქმიანობა გააგრძელა. ის ნიქოზის სათემო ცენტრის დამფუძნებელია და თემის გაძლიერებაზე მუშაობს. როგორც ამბობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარტოხელა დედის კვალობაზე ფეხზე მყარად იდგეს.

“ცხოვრება ყველაფერს გასწავლის, რაც უნდა იყოს. ალბათ აქედანაა გამომდინარე, რომ არ შემშინებია მარტოხელა დედობის. არ მითქვამს ვაიმე, რა მეშველება ქმრის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო-ვაკეთებ ყველაფერს რაც საჭიროა. ოჯახში კაცის საქმესაც არ ვერიდები. იყო ემიგრაციაც ჩემ ცხოვრებაში, მინდოდა რაღაც უკეთესობისკენ შემეცვალა ჩემი შვილისთვის, სანამ პატარა იყო. ხუთი თვე ვიყავი სხვა ქვეყანაში და ხუთ საუკუნედ მომეჩვენა. ემიგრანტობა მარტივი არ არის. სულ მახსენდება ერთი ემიგრანტის სიტყვები, რომელმაც მითხრა - “მანამდე წადი, სანამ გახდები ბანკომატი სახელად: დედა ფული გამომიგზავნეო“. იქ მაგალითად, რომ მეკითხებოდნენ, სქართველოში ხელფასი რამდენი გქონდაო და ვუხსნიდი, სამ პროექტში ვიყავი და ყოველთვიური ანაზღაურება ჯამში 200 დოლარს შეადგენდა მეთქი, გაოგნებულები მიყურებდნენ. რადგან 200 დოლარი მათთვის, ერთი სამუშაო დღის გასამრჯელოა“- ამბობს ნინო მინდიაშვილი.



ქვეყანაში, მარტოხელა დედები რომ რთული რეალობის წინაშე დგანან ამაზე სპეციალისტებიც თნხმდებიან. მათი შეფასებით, ხშირად მამები ალიმენტის გადახდასა და შვილების დახმარებაზე უარს ამბობენ. შესაბამისად ქალები, პრობლემებთან გამკლავებას მათგან დამოუკიდებლად ცდილობენ. ამას ისიც ემატება, რომ ქალს არ აქვს ქონება და თავშესაფარი. არის შემთხვევები, როდესაც სამსახურზე უარს იმ მარტივი მიზეზის გამო ამბობს, რომ მცირეწლოვანი შვილების დამტოვებელი არ ჰყავს. გენდერული საკითხების ანალიტიკოსი, ნინო მეგრელიშვილი ფიქრობს, რომ ამ სეგმენტის გასაძლიერებლად, სამთავრობო და არასამთავრობო დონეზე კომპლექსური მუშაობაა საჭირო.



“ ჩვენს ქვეყანაში რთულია იყო ქალი, მითუმეტეს თუ მარტოხელა დედა გქვია. ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის შეიქმნას ისეთი პროგრამები, რომლებიც მოკლევადიან მიზნებზე კი არ იქნება გათვლილი, არამედ, გრძელვადიან დასაქმებას და შემოსავლის სტაბილურ წყაროს უზრუნველყოფს. უმუშევარი მარტოხელა დედებისთვის საჭიროა პროფესიული გადამზადების კურსები, ასევე სამუშაოს მაძიებელთა ბაზა, დასაქმების ხელშეწყობა. რადგან, ჯერ ერთი არ მოხდეს ახალგაზრდა ქალების გადინება ქვეყნიდან და ემიგრაციაში წასვლა ოჯახის სარჩენად და მეორეც, რაღაცნაირად შეუმსუბუქდეთ ის ტვირთი, რაც საკუთარ მხრებზე აქვთ აღებული“- განმარტავს ნინო მეგრელიშვილი, ის გენდერული საკითხების სპეციალისტია და ქალების გაძლიერებისკენ მიმართული არაერთი პროეტის მონაწილეა.

გორის მერიის სოციალურ პაკეტში, მარტოხელა მშობლის დასახმარებლად, ერთადერთი მუხლია გათვალისწინებული. უწყების სოციალური სამსახურის უფროსის, დავით ჩიხრაძის ინფორმაციით, მარტოხელა მშობლებს სოციალური ქულის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთჯერადად ეხმარებიან.

“იუსტიციის სახლი, სოციალურ სააგენტოსთან ერთად ადგენს მრტოხელა მშობლის სტატუსს. აგენტი აგროვებს ინფორმაციას იმ ადამიანზე, ვისაც შესაძლოა სავარაუდოდ მიენიჭოს მრტოხელა მშობლის სტატუსი. მისი მინიჭების შემდეგ კი, ეს ადამიანები მოგვმართავენ მუნიციპალიტეტს. ჩვენ გვაქვს შექმილი პროგრამა მათ დასახმარებლად. ვეხმარებით იმ მოქალაქეებს, ვისაც ნულიდან 150 ათასამდე სოციალური ქულა აქვს. შარშანდელთან შედარებით ქულათა რაოდენობა გაზრდილია და საშუალო მაცხოვრებლებზეც გავცემთ თანხებს. სამად გვაქვს დაყოფილი და დახმარებას გავცემთ 200 ლარის ოდენობით, 300 ლარის და 500 ლარის“- განაცხადა დავით ჩიხრაძემ.



გარდა სიღრიბისა, ქმარს გაცილებული ქალები კიდევ ერთი პრობლემის წინაშე დგანან. ეს არის მარტოხელა დედის სტატუსი. რომლის მინიჭებასაც ხშირად თვეების განმავლობაში, ზოგჯერ წლებიც კი ელოდებიან. გასულ წელს ამ მოთხოვნით გორის იუსტიციის სახლს რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ მიმართა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1






content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია