საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


პრემიერ მინისტრი - სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, ყოველწლიურად ჩვენი ეროვნული დოვლათის ექვსი პროცენტი წარმართოს განათლების სფეროს ტრანსფორმაციისთვის

personuser access_time7-03-2019, 12:42


სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის ექვსი პროცენტი, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი აცხადებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას – განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ქვეყნის ეროვნული დოვლათის ექვსი პროცენტი, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად.

„საქართველოს ჰყავს ორი მტერი – ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია, ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ თითოეული ჩვენგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სწრაფვა და ჯანსაღი ამბიცია იმისკენ, რომ ვყოფილიყავით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის. ძველი ბერძენი გეოგრაფების ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ანტიკურ საქართველოში იყო „აყვავებული“ ქალაქები. ამ ტერმინში, პირველ რიგში, იგულისხმებოდა განათლების ცენტრები, ისეთები, როგორიც იყო, მაგალითად, ფაზისის რიტორიკული სკოლა. შუა საუკუნეებში ინტენსიურად ვითარდებოდა მეცნიერების კერები იყალთოსა და გელათის აკადემიებში, რომელსაც თანამედროვეები „ახალ ათინად“ და „მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. ქართველები აფუძნებდნენ სასწავლო ცენტრებს და ბიბლიოთეკებს საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის მონასტრებში, ჩვენი სწავლულები მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და პალესტინაში. ქართველთა ეროვნული სიამაყის საგანი ყოველთვის იყო სახარების უძველესი თარგმანები და თეოლოგიურ-ფილოსოფიური ტრაქტატები. რენესანსული მსოფლმხედველობა ჩვენში უფრო ადრე იწყებს ჩამოყალიბებას, ვიდრე მსოფლიოში და ვეფხისტყაოსანია ამისი ნათელი დასტური; ხოლო მანამდე, მრავალი საუკუნით ადრე, ჩვენ შევქმენით რკინის დამუშავების, ღვინის დაყენების, ოქროს მოპოვების ცოდნა და ტექნოლოგიები, რითაც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ მსოფლიო ცივილიზაციაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველთა იდენტობის ნაწილია უნიკალური ანბანი და 1600-წლოვანი ორიგინალური ლიტერატურა.

„ჩვენი დიდი განმანათლებელი – სულხან-საბა ორბელიანი ქმნის ენის განმარტებით ლექსიკონს, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჯერ არც კი იყო შექმნილი და სამასი წლის წინ შექმნილი ეს ლექსიკონი დღესაც მუშაობს! ილია ჭავჭავაძე თავის უმთავრეს ამოცანად ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებას და ევროპული ყაიდის განათლების დანერგვას მიიჩნევდა, იმისათვის, “რომ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის”, რაც მოწინავე ევროპული სახელმწიფოების ოჯახში გაერთიანებას ნიშნავდა და დღემდე ნიშნავს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე დაანონდა განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისთვის და ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,

ახლა ქვეყანა ხარისხოვნად ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს.

„განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით – „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს ამ ნიშნულის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი, 10 – 11%-იანი ზრდით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა – პრივილეგია.ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერთიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში. ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, შესაბამისად – ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას.ეს ნიშნავს ახალ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ყველგან, ყველა რეგიონში. ახალ უნივერსიტეტებსა და პროფესიული სასწავლებლებს, ახალ კამპუსებს და, რაც მთავარია – ახალ მკვლევარებს, ახალ პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს – რომლებიც შეცვლიან ჩემთვის ყველაზე მიუღებელ ტერმინს – „მცირერიცხოვან ერს“ და პასუხს გასცემენ არც თუ ისე რიტორიკულ შეკითხვაზე: „სად არის ხსნა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ინიციატივის – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენის ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. სტუმრებს პრემიერთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე თბილისის მერმა, კახა კალაძემაც მიმართეს.



скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია