საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მადლიანი საქმე თუ წინაპართა შეურაცხყოფა - რუისში სამონასტრო კომპლექსის აშენება მოსახლეობის დაპირისპირების მიზეზი გახდა

personuser access_time7-03-2019, 20:34


სოფლისთვის გაკეთებული მადლიანი საქმე თუ წინაპართა შეურაცხყოფილი საფლავები - აზრთა სხვადასხვაობის გამო მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეს ყველაფერი ქარელის რაიონში - რუისში ხდება. სოფლის სასაფლაოზე არსებულ ტაძარს საპატრიარქომ გალავანი შემოავლო და იქვე სამონასტრო კომპლექსი გააშენა. თანასოფლელების პოზიციები ორად გაიყო.



რუისში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტის მიზეზი, სოფლის ორ უბანში, ტაძრების მიმდებარე ტერიტორიების რეკონსტრუქციაა. როგორც ადგილობრივების ერთი ნაწილი ამტკიცებს, ე.წ. წინუბანში წმინდა კვირიკესა და გალავანში - წმინდა დემეტრეს სახელობის ეკლესიების შემოსაზღვრასა და სამონასტრო კომპლექსებად გადაქცევას, წინაპრების საფლავები შეეწირა. მათი აზრით, ეპარქიას შესაძლებლობა ჰქონდა, მონასტრებისთვის თავისუფალი ტერიტორიები გამოეყენებინა, თუმცა ეს არ გააკეთა.

“საფლავების ამოყრა როგორ შეიძლება, ცოტა ტერიტორიაა? მინდვრია იქვე და თუ აშენება უნდოდათ რამის, გადასულიყვნენ და იმ მინდორზე აეშენებინათ. იქ ჩემი წინაპრები იყვნენ დასაფლავებული და იმათი ძვლებიც ამოყარეს“-ამბობს რუისის მცხოვრები ვანო ბალიაშვილი.

“ხალხი უკმაყოფილოა სასაფლაოების დანგრევა-მინგრევა-მონგრევის გამო. მამაპაპეული სასაფლაოები ამოყარეს. ქვები იქვე ყრია, ძვლები სად წაიღეს კაცმა არ იცის. წინააღმდეგიც ვიყავით, მაგრამ მღვდელმა თავისი გაიტანა“-გვეუბნება კიდეწვ ერთი ადგილობრივი.

“დაგვაპირისპირეს ხალხი, ვინც ხმას ვიღებთ ცუდები ვართ, ვინც ცხვრებივით თავს უქნევენ კარგები. ეს საქმეა“ ?


რუისში გაშენებულ სამონასტრო კომპლექსებს იწონებს კონფლიქტის მეორე მხარე. მათი განმარტებით, რუის-ურბნისის ეპარქია მრევლის სულიერ სიმტკიცეზე ზრუნავს. როგორც ეს ადამიანები ირწმუნებიან, გარდა იმისა, რომ ტერიტორია გალამაზდა, ტაძრები მოქმედი გახდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა წირვებზე სირული დაიწყეს. ადგილობრივი ლია ღვინიაშვილი გვიხსნის, რომ მას ტაძრის წინამძღოლი პირადად უვლის. მისი თქმით, დედაოები გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც მუდმივად იხდიან.

“ამ ეკლესიის გარშემო მანაგუასხარშავდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და ათას უმსგავსობას აკეთებდნენ, ის კარგი იყო და მონასტრის მშენებლობა ცუდია “?

“მთელი სოფელი არ ვართ დაპირისპირებული. მცირე ნაწილია მოსახლეობის ვინც ვერ იგებს, რა გაკეთდა სასიკეთო. მოსულიყვნენ და თავიანთი წინაპრების ძვლები წესის მიხედვით გადაესვენებინათ და დაეკრძალათ სხვაგან. მიცვალებულები ჭარბობს. ხვალ მეც აღარ ვიქნები. აღარ არის წარსულზე ფიქრის დრო, მომავალზე უნდა ვიზრუნოთ“-ამბობს ადგილობრივიმცხოვრები ქალი.




“აი ეს სამარხია. ამხელა არ იყო, გაადიდეს და დამარხეს ძვლები. პარაკლისსაც უხდიან და ყველანაირად მიაგებენ პატივს. აბა ნახეთ როგორი მოვლილი საფლავია. ასე იყო აქამდე? თვითონ არც იცოდნენ სად ემარხა თავისი წინაპრები. პირიქით, უნდა უხაროთ ეს ყველაფერი“- გვიხსნის ლია ღვინიაშვილი. ისიც რუისის მცხოვრებია.

Dianews.ge საკითხში უკეთ გასარკვევად, რუის-ურბნისის ეპარქიასაც დაუკავშირდა, თუმცა, მეუფე იობის რეზიდენციაში კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. ამის შემდეგ, წმინდა კვირიკეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს გავესაუბრეთ. დედა მართამ დეტალურად განგვიმარტა, ბოლო პერიოდში არსებული მდგომარეობა, თუმცა ინტერვიუზე მანაც უარი თქვა. მისი საუბრიდან მოკლე შინაარსს გთავაზობთ.



“ტაძარში წყალი შედიოდა, მიყრილ მიწაზე ზემოდან საფლავები ყოფილა. არ ვიცი, რასაც თქვენ ხედავთ ის ვნახე მეც, აქ როდესაც მოვედი. როგორც ამბობენ მონასტრის ადგილზე ტყე იყო. გალავნის შიგნით მოყვა ნამდვილად სასაფლაოები, მაგრამ როგორც ვიცი, თავად მოსახლეობამ გაასუფთავა. ეს სამარხიც ამისთვისაა ეზოში გაკეთებული. არცერთ მიცვალებულს პატრონი არ ყოლია როგორც ამბობენ. ვუხსნით, მაგრამ ვინმეს აინტერესებს გგონიათ?“- განმარტა დედა მართამ, რომელიც წმინდა კვირიკეს სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

სამონასტრო კომპლექსის გაშენება რუისში 4 წლის წინ დაიწყო. მოსახლეობამ სასულიერო პირების მიმართ უკმაყოფილება მას შემდეგ გამოხატა, რაც ტრაქტორი მუშაობას სასაფლაოს ტერიტორიაზე შეუდგა. ხალხი ამბობს, რომ საქმის კურსში არაერთი უწყება ჩააყენეს, თუმცა, საძვალეების გადარჩენა ვერ შეძლეს. ბოლო პერიოდში კი, აზრთასხვადასხვაობის გამო სოფელში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია