საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


არასრულწლოვანის სექსუალური შევიწროვება - რა ბერკეტები არსებობს მოზარდების ძალადობისგან დასაცავად

personuser access_time6-03-2019, 21:12


უკანასკნელ პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროვებისა თუ მასზე სხვა სახის ძალოდობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. ბოლო შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამის შესახებ ბავშვმა მასწავლებელს უთხრა, სკოლის ადმინისტრაციამ კი, საქმის კურსში საგანმანათლებლო რესურცეტრი ჩააყენა. საქმე საგამოძიებო უწყებამდეც კი მივიდა და ბიძას, გოგონასთან ურთიერთობა ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა.

“პოლიციაში გაგვაფრთხილეს, რომ ერთი თვე ერთად არ უნდა იცხოვრონ ბავშვმა და ბიძამ. ამიტომ ბებია-პაპასთან გავგზავნეთ. ეს ერთი თვე გავა, ყველაფერი დამთავრდება და ისევ ისე ტკბილად გავაგრძელებთ ცხოვრებას, როგორც აქამდე“- ამბობს გოგონას მამა.

ოჯახისწევრების თანაცხოვრება დროებით, მერვეკლასელი გოგონას მიერ, მასწავლებლისთვის მოყოლილი ამბის შემდეგ დასრულდა. გაკვეთილზე, რომელზეც ძალადობის ფორმებზე საუბრობდნენ მოზარდმა თქვა, რომ მის მიმართ ბიძისგან ისეთ მოფერებას ჰქონდა ადგილი, რომელიც არ სიამოვნებდა. მასწავლებელმა ინფორმაცია დირექტორს მიაწოდა, მან კი, სკოლაში დედა დაიბარა. ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე დღის თავზე მამა მასწავლებლის ოჯახთან კონტაქტს კატეგორიულად უარყოფს და სკოლას სიცრუის გავრცელებაში ადანაშულებს.

“შეიძლება ბავშვმა ვერც აღიქვა რას ამბობდა. მაშინ თქვა როცა კლასში თამაშობდნენ. მოსულიყვნენ ოჯახში, შეემოწმებინათ, თავისი თვალით ენახათ ასეთ რამეს თუ მართლა ჰქონდა ადგილი და მერე მიეღოთ ზომები. ისეთ დღეშია კაცი, ლამის თავი მოიკლას. გაწირეს ადამიანი. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ და მივყვები ბოლომდე, არ დავუშვებ ის მასწავლებელი ისევ სკოლაში დარჩეს“-ამბობს ბავშვის მამა.

სავარაუდო სექსუალური შევიწროვების ფაქტები, რომლის სამიზნეც ბოლო პერიოდში ძირითადად მოზარდები არიან, საგანგაშოა. რას აკეთებს სკოლა ამ შემთხვევაში და როგორ იცავს მოსწავლეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ამაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უჭირთ. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ცალსახად აღნიშნავენ, რომ სკოლამ არსებული ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს და მოზარდის უსაფრთხოება სასწორზე არ უნდა დატოვოს.

“სკოლა ვერაფერს გააკეთებს იმის გარდა, რომ შესაბამის სამსახურებს აცნობოს და საქმეში სპეციალისტები ჩართოს. შეიძლება სულ არ არის დანაშაულებრივი ფაქტი, მაგრამ ვაითუ არის? ამიტომ იძულებულია შეტყობინება გააკეთოს. ახლაც ასე მოვიქეცით. დირექტორმა მითხრა, რომ ბავშვი ტიროდა გაკვეთილზე, დამრიგებელმა ჰკითხა, რატო ტიროდა, გაიყვანა დირექტორის კაბინეტში და დირექტორთან ერთად უთხრა, რომ ბიძისგან ისეთ მოფერებას ჰქონდა ადგილი, როგორიც მას არ სიამოვნებდა. ჩემი რეკომენდაციით, დირექტორმა დარეკა 112-ში და ფაქტის შესახებ სოციალურ სამსახურს ეცნობა. სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვის დედაც ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა, დედამ სხვა ინტერპრეტაცია მისცა და თქვა, რომ ბავშვს ბიძა განზრახვით არ ეფერებოდა“-აცხადებს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ნანა ტერმაკოზაშვილი.

არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ანონიმურ შეტყობინებას სოციალურ სააგენტოში 122 ახდენს. სოციალური მუშაკები კი, საქმის შესწავლას დაუყოვნებლივ იწყებენ. საჭიროების მიხედვით, მათთან ერთად მუშაობს ფსიქოლოგი ან ნევროპათოლოგი. ეს ყველაფერი კი, ბავშვის ფსიქო- ემოციური მდგომარეობის სწორად შესაფასებლად ხდება. როგორც გორის სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავებ, მათი მხრიდან ყველანაირი სახის მექანიზმის გამოყენება ხდება, რათა კონფიდენციალუყრობა და მოზარდის უფლებები დაცული იყოს.

“ბავშვი, რომ ამბობს, გაგენდობა, ამოთქვამს, ეს არის sos სიგნალი. რაც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ.საქმეში ერთვება პოლიცია. ან მოძალადისგან განცალკევება ხდება, ან ოჯახიდან გამოყვანა. ასევე არსებობს შემაკავებელი და დამცავი ორდერი. ჩვენც და ადვოკატებიც ვცდილობთ, რომ ბავშვის უფლებები დაცული იყოს“-ამბობს სოციალური მუშაკი მაგდა ჯამბრიშვილი.


რას აკეთებს სახელმწიფო მოზარდების მიმართ ძალადობის ფაქტების პრევენციისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დიას კამერების წინ გორის პროკურატურას მოუწია. ბოლო წლების განმავლობაში უწყება სკოლებში აქტიურად მუშაობს. ისინი მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან ინფორმაციის გაცვლას ახდენენ, რათა ბულინგისა და მოზარდებში სხვა სახის ძალადობის ფაქტები სწორად იყოს აღქმული და შემდგომში აღკვეთილი.

“უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ბულინგი და სექსუალური სევიწროვება/ძალადდობა. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვუხსნით თუ რაში გამოიხატება საერთოს ამ ქმედების დისპოზიცია. ჩვენს მიერ დაორგანიზებულ შეხვედრებს ესწრებიან მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები. ჩვენ მოსახლეობასაც ვხვდებით მათი ინფორმირების მიზნით და შესაბამისი შედეგიც არის. დანაშაულებრივ ქმედებაზე პროკურატურა, შესაბამის რეაგირებას ახდენს, თუ პირის მიმართ ხორციელდება დანაშაულებრივი ქმედება“- აცხადებს პროკურორი ნათია კიკარია.


მოზარდის სექსუალუროი შევიწროვება სისხლის სამართლის კოდექსის 141 მუხლის პირველი ნაწილით ისჯება. ეს მუხლი გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. გორის მუნიციპალიტეტში მ მიმართულებით გამოძიება არაერთ საქმეზეა დაწყებული.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია