საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მამუკა ბახტაძე - ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვაზე გარანტიის გაცემის საკითხს სერიოზული ანალიზი სჭირდება

personuser access_time8-03-2019, 13:42


არანაირ, უკვე პოპულარულ სიტყვად ქცეულ,​ ​ორკესტრიულ შეტევაზე არ შეიძლება, იყოს საუბარი, როდესაც ამაზე საუბრობენ, საჭიროა მყარი ფაქტებით განმარტება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც „თიბისი ბანკზე“ შეტევის შესახებ განცხადებებსა და ანაკლიის პორტს უკავშირდებოდა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ფინანსური ვალდებულებები აიღო, რომ ხელს შეუწყობდა პროექტის რეალიზაციას, რასაც აუცილებლად შეასრულებს.

„უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობა იყო ჩართული და მონაწილეობდა, რომ კონსორციუმს გაადვილებოდა დიალოგის წარმართვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან დაფინანსების მოსაძიებლად. შეუძლიათ, ეს ნებისმიერმა დაადასტუროს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ, აუცილებლად შევასრულებთ. მეორე – ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ დადებით როლს, რომელსაც ვასრულებდით საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია მსგავს მასშტაბურ პროექტზე, ნებისმიერ კერძო ინვესტორს სჭირდება მხარდაჭერა კრედიტორებთან დიალოგში და მთავრობა ამას აუცილებლად განაგრძობს.

რაც შეეხება ანაკლიის პორტში ტვირთბრუნვაზე სახელმწიფო გარანტიების მოთხოვნის საკითხს, პრემიერ-მინისტრმა განმარტა მიზეზები, თუ რატომ გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

„ინტერესთა გამოხატვა თავის დროზე ანაკლიის პორტში რამდენიმე მიზეზის გამო გამოვაცხადეთ, პირველი – გვწამს, როდესაც არსებობს შესაძლებლობა, სჯობს, ნებისმიერი პროექტი განვითარდეს კერძო ინვესტორების მეშვეობით და არა მხოლოდ იმ რესურსით, რომელიც შეიძლება, ბიუჯეტს დააწვეს. ზოგადად, ეს მიიჩნევა უფრო ეფექტიან მოდელად. მეორე – ჩვენი ინტერესი იყო, გვეხილა საერთაშორისო კონსორციუმი, ძლიერი კონსორციუმი კერძო კომპანიებისგან შემდგარი, რომელიც დერეფანში ტვირთების მოზიდვას შეძლებდა. შესაბამისად, ყოფილიყო მეტი ინტერესი მსხვილი მოთამაშეების მხრიდან, რომ ანაკლიის პორტის მეშვეობით და ამ შემთხვევაში, საქართველოზე გამავალი დერეფნის მეშვეობით, მეტი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელებულიყო. ეს გახლდათ ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა აღნიშნული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

„თუ ვსაუბრობთ, რომ ისევ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოხდეს ტრაფიკის გარანტიის მიცემა, კითხვაც ჩნდება, რა არის მაშინ ის დამატებითი ღირებულება და ძალისხმევა, რომელიც უნდა მოიტანონ საერთაშორისო ინვესტორებმა? ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, რომ საერთაშორისო კონსორციუმი დღესაც და მომავალშიც გვჭირდება სწორედ იმისთვის, ვიყოთ დარწმუნებული, რომ ამ საერთაშორისო კონსორციუმში, კონსორციუმის ფარგლებში ძლიერი მოთამაშეები შეძლებენ საქართველოში დამატებითი ტვირთის მოზიდვას. ამას მთავრობა ვერ გააკეთებს. მთავრობამ უნდა შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი თამაშის წესები, დაიცვას ინტერესები ნებისმიერი ორგანიზაციის, რომელიც საქართველოში მუშაობს, რომ შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება და მათი ფუნქცია, რა თქმა უნდა, ისაა, რომ საქართველოს დერეფანში დამატებით ტვირთები იყოს მოზიდული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, გარანტიის გაცემის საკითხს ძალიან სერიოზული ანალიზი სჭირდება.

„ჩვენ გვქონდა კონკრეტული მოტივაცია, რატომაც მივიჩნიეთ, რომ პროექტის რეალიზაცია კერძო სექტორის მეშვეობით იქნებოდა ეფექტიანი. დღემდე მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი მოდელი და ჩვენ გვქონდა ორი ძლიერი არგუმენტი ამისთვის. პირველი, რომელიც დაგისახელეთ, და მეორე, სწორედ კერძო კომპანიას და კერძო კომპანიებისგან შემდგარ კონსორციუმს უნდა უზრუნველეყო ტვირთების მოზიდვა “, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ტვირთების მოცულობასთან დაკაშირებული რიკის ბიუჯეტის მიერ საკუთარ თავზე აღება სერიოზულად გასააზრებელი საკითხია.

„იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთ მასშტაბურ ინვესტიციებს ვახორციელებთ ამ ინფრასტრუქტურაში, გამოვისყიდეთ მიწები, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ვაძლევთ „საპარტნიორო ფონდიდან“ კაპიტალში თანხას, რომ ყველას ჰქონდეს უფრო მეტი კომფორტის განცდა, სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეობა ძალიან დიდია. ამას თუ დაემატება, რომ მთავარი ბიზნესრისკი ბიუჯეტმა აიღოს თავის თავზე, რომელიც ტვირთების მოცულობას და ტრაფიკს უკავშირდება, ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზულ გააზრებას საჭიროებს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია