საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ნაცრისფერ პალტოში გამოწყობილი მოხუცი ქალი - ზურგზე მოკიდებული ტომრით

personuser access_time23-03-2019, 22:31


საშუალო სიმაღლის შავგვრემანი და ლამაზი იყო. უკან გადავარცხნილი თეთრი ფუმფულა თმა, მუდამ კეფაზე ჰქონდა მოხვეული. ზამთარში თბილი თავსაბურავი ეხვია და ნაცრისფერი, სადა, შალის პალტო ეცვა. გარეგნობის გარდა ხალხის ყურადღებას კიდევ ერთი მიზეზით იქცევდა - ხშირად, ლაპარაკით დადიოდა. ვერ გაარჩევდი, ეს საკუთარ თავთან დიალოგი იყო, თუ წარმოსახვაში უბრაზდებოდა ვინმეს. ფაქტი იყო, რომ მის ფსიქიკურ პრობლემებში, სულ უფრო მეტი ადამიანი ეჭვდებოდა.


ამ აღწერილობით ქალი წმინდაწყლის დასახლებაში ბევრს ემახსობრება. ეს უბანი, გორში მდინარე "ლიახვთან" ახლოს მდებარეობს. წვიმაში, თოვლ-ჭყაპსა თუ ქარიან ამინდში, მოხუცი სანაპიროზე, წყლისგან გამორიყულ ხის ტოტებს, ნაფოტებს და ცეცხლის ასანთებად გამოსადეგ სხვა საშუალებებს აგროვებდა. ხავსში გამობურდულ ხის სველ ნარჩენებს, გაყინული ხელებით არჩევდა და გაცვეთილ ტომარაში ალაგებდა. შემდეგ მას ზურგზე მხნედ მოიკიდებდა და სახლისკენ გზას თავდახრილი, დინჯი ნაბიჯებით მიუყვებოდა.

"რუსიკო, ასეთ ამინდში მაინც დარჩენილიყავი სახლში, არ შეგცივდა ქალო?! იტანჯები შე საცოდავო შენა"- შემოსძახებდა ხოლმე გზად შემოხვედრილი მეზობლის ქალი, გაურკვეველი ტონით. რუსიკო პასუხს არასოდეს უბრუნებდა, ისევ აუღელვებლად აგრძელებდა გზას.

მეხუთე სართულზე ცხოვრობდა მისი ოჯახი. საფეხურებს ნელა აუყვებოდა, კართან ტვირთს მოიხსნიდა და აკაკუნებდა. საკეტის გაჩხაკუნების შემდეგ შვილიშვილები სიხარულით ეგებებოდნენ.

"მოხვედი ბები? რა კარგია, რაც კი ტოტები გვქონდა, ყველაფერი დავწვით და ნაკვერჩხალი თითქმის ქრებოდა. აცივდა კიდეც ოთახში. ახლა ცეცხლს ისევ გავაღვივებთ"- შემოსძახებდნენ გახარებული ბაბშვები და ფიჩხის სახლში შეტანაში ეხმარებიდნენ.

ტკაცატკუცით იწვოდა ძველ, ჟანგმოკიდებულ ღუმელში მოხუცის მოგროვებული ხე.

რუსიკო გორში დაბადებულ-გაზდრდილი ქალი იყო. თავის დროზე უმაღლრსი განათლება მიიღო და ჯერ ერთ-ერთ სკოლაში რუსულის მასწავლებლად გაანაწილეს, შემდეგ კი, გორში ზუსტი ხელსაწყოების ქარხანაში, მომარაგების განყოფილების გამგედ დაიწყო მუშაობა. პენსიაში ორმოც წლიანი სტაჟით გავიდა. ეს 90-იანი წლების პერიოდს დაემთხვა. ვერავინ არწმუნებდა მას, რომ საწარმოს დახურვა და მისი საპენსიო ასაკი ერთმანეთს დაემთხვა.

სამსახურში სიარულს ისევ აგრძელებდა - გამოეწყობოდა აკადემიურად და ქუსლების ბაკუნით მიუყვებოდა ასფალტს.

"ერთხელ დედას თანამშრომლებმა ინსტიტუტში მომაკითხეს. ცუდადაა დედაშენი და იქნებ ექიმს გაასინჯოვო. მეგონა ფიზიკურად აწუხებდა რამე, ისედაც შეიცვალა ბოლო დროს. მოვატარე ექიმები და ბოლოს ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით გამოგვიშვეს. მისი ქცევა უწინდებურს აღარ გავდა. კეტავდა კარს და სანამ "საიმედოდ"არ დაიგულებდა ბინას არ იძინებდა. სულ ლაპარაკობდა. საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, ხან გაურკვეველ ადამიანებს ეჩხუბებოდა. ამას მეზობლებიც ამჩნევდნენ, სულ მალე ჭორაობა დაიწყეს, დედას კი ალმაცერად უმზერდნენ. ბუნებრივია მეც განვიცდიდი. ამის შემდეგ დავიწყეთ მედიკამენტოზური მკურნალობა"-ამბობს მისი შვილი.

რუსიკომ ერთადერთი შვილი მარტომ გაზარდა. წლინახევრის ჰყავდა, ქმარმა რომ მიატოვა და მას შემდეგ დედაც იყო ბავშვისთვის და მამაც. რთულია დასკვნის გამოტანა, რამ გამოიწვია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარდაქმნა.

" ვაკეთებდი ყველაფერს, რაც დედას კარგად ყოფნაში დაეხმარებოდა. თუმცა, ომიანობის პერიოდი დაემთხვა და წამლების შოვნა შეუძლებელი გახდა. ახალი გათხოვილი ვიყავი წერილი რომ ჩამომივიდა - დედაშენი ცუდადაა და ჩამოხედეო. იმ დღიდან ქმართან და სამ შვილთან ერთად დავბრუნდი ჩემ ქალაქში. ცოტა უკეთ გახდა, მალევე ბავშვების მოვლაშიც მეხმარებოდა".

გაუჭირდა ოჯახს. იმ დროს ყველას უჭირდა. ახალგაზრდები უმუშევრები იყვნენ, პურის ფულს ძლივს შოულობდნენ. ქმრის ნათესავები განაწყენებული იყვნენ "გიჟი" დედა რომ აირჩია რძალმა და მათ დახმარებაზე უარი თქვეს. პატარებს სციოდათ. ერთ დღესაც სახლიდან გასული რუსიკო, შინ ხმელი ტოტებით სავსე ტომრით დაბრუნდა. ღუმელში ცეცხლი ააგიზგიზა და ოთახში გამეფებული ყინვაც გატყდა.

" საზოგადოებისთვის არასრულფასოვანი ადამიანი იყო დედაჩემი. მისი ფსიქიკური მდგომარეობა მხოლოდ იმიტომ იყო ხალხისთვის მიუღებელი, რომ დანაგვიანებულ გარემოში ნაფოტებს, ბავშვების გასათბობად ეძებდა. წამლებს ვერ ვყიდულობდი და მკურნალობაც არ იყო ჩვენთვის ხელმისაწვდომი, მაგრამ ქალმა, რომელსაც უვიცი ადამიანები დამცინავად უყურებდნენ, სამი შვილი გამიზარდა. თან ისე, რომ ცივი ნიავი არ მიუკარებია მათთვის. ის ქალი დღეს აღარ არის ცოცხალი და მაინც მე და ჩემ შვილებს, სხვა ცოცხლ "ჯანმრთელებზე" მეტად გვიყვარს. ის ჩვენი ოჯახის საყრდენი ბოძი იყო. ბევრჯერ მიფიქრია, დედა რომ არ მყოლოდა გვერდით რა ბედი გვეწეოდა. მე ვერ ვიმუშავებდი, შემოსავალი არ გვექნებოდა და ვინ იცის რა მოხდებოდა".


გარდა გათბობის საკითხის მოგვარებისა, რუსიკო ბავშვებს სკოლაშიც ატარებდა. მათთვის საჭმელს ამზადებდა და შემდეგ მეცადინეობაშიც ეხმარებოდა. მათი გაზრდის შემდეგ ერთ შვილთაშვიშვილსაც მოესწრო და მის გაზრდაშიც მიუძღვის წვლილი. პატარები შეჩვეულები იყვნენ პერიოდულად, ბებოს “სხვანაირ“ ხასიათს. ასეთ დროს კიდევ უფრო თბილად ექცეოდნენ - კოცნიდნენ, ეფერებოდნენ. ისედაც, ძალიან უყვარდათ.

" ბევრი ადამიანი იყო ჩვენ გარშემო ისეთი, ვინც თვლიდა, რომ ბებოს ფსიქიკური მდგომარეობა თავად არ აურჩევია და ამ დაავადებით საფრთხეს არავის უქმნიდა. პირიქით, ხშირად სხვა ადამიანებს უანგაროდ ეხმარებოდა და საზოგადოებისთვის მხოლოდ გამოსადეგი იყო მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ის ღირსეული ქალი იყო, რომელმაც საკუთარი კვალი დატოვა"-გვითხრა რუსიკოს შვილიშვილმა.

ქალმა, მდინარის სანაპიროზე შეშის შეგროვება მაშინ შეწყვიტა, როდესაც პატარები გაიზარდნენ და ოჯახის შემოსავალიც საჭირო ნიშნულს მიუახლოვდა. თუმცა, ერთ ადგილზე უსაქმურად გაჩერებულს ვერ ნახავდით - აკეთებდა ყველაფერს, რისი ძალაც შესწევდა.

გაზაფხულის ერთ სუსხიან დღეს კი, შუათანა შვილიშვილმა, სავარძელში თბილად მოკალათებული, უმოძრაო მდგომარეობაში ნახა. ამ ქვეყნიური წუთისოფელიც ისევე აუღელვებლად დატოვა, როგორც რთულ ცოვრებას ეგუებოდა.

რუსიკოს ფსიქიკურმა პრობლემებმამ, სტიგმით მცხოვრები საზოგადოებისგან განხვავებით, მის შთამომავლებს ასწავლა, რომ ამ დაავადების გამო ადამიანი არ უნდა განასხვავონ, არ უნდა გარიყონ და ეცადონ, ასეთი მდგომარეობის მიღმა - საუკეთესო მხარე დაინახონ.

ავტორი: თამარ, თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია