საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სუსი: საქართველოში მცხოვრებ „დაეშის“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა შემცირდა

personuser access_time28-03-2019, 11:41


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ "დაეშის" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის მუშაობის შედეგების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

ანგარიშის თანახმად, ტერორისტული ორგანიზაციის იდეების ადგილობრივ მხარდამჭერებს არ აქვთ ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედების შესაძლებლობა და არ ჰყავთ ე.წ. ლიდერი. "წარსულში „დაეშის“ იდეების მიმართ მოწყვლადი ახალგაზრდები ამჟამად აღარ ინტერესდებიან ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგიით. ტერორისტული ორგანიზაციის წევრების თავისუფალი გადაადგილებისა და ფულადი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობის შეზღუდვის შედეგად „დაეშის“ იდეოლოგიის ადგილობრივი მხარდამჭერები მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს განიცდიან", - წერია სუსის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ. აღნიშნული პირების გამოვლენის, მათი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

„საქართველოსთვის, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად გამოწვევას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ („დაეში“) და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ.

საანგარიშო პერიოდში „დაეში“ მოქმედებას აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით. აღნიშნულის ფარგლებში „დაეშისთვის“ პრიორიტეტული აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება. ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება. „დაეში“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ რადიკალიზებულ პირებს ნებისმიერი საშუალებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით, კვლავ აქტიურად ავრცელებდა საკუთარ იდეოლოგიას, ახდენდა პირების რადიკალიზაციასა და გადაბირებას", -წერია ანგარიშში.

სუსის ინფორმაციით, 2018 წელს „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“ კვლავ წარმოადგენდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტერორისტულ გამოწვევას. „ალ-ქაიდა“ აქტივობებს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე მოქმედი რეგიონული დაჯგუფებების მეშვეობით ახორციელებდა. „თალიბანი“ განაგრძობდა ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და ქვეყანაში საერთაშორისო მისიით მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ატარებდა ღონისძიებებს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება", - აღნიშნულია ანგარიშში.

სუსის განმარტებით, საყურადღებოა, რომ დღეისათვის საქართველოში არსებობს ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირთა ჯგუფები, რომელთა მიზანს, ამ ეტაპზე, სახელმწიფოსთან დაპირისპირება არ წარმოადგენს. „გამორიცხული არ არის, რომ მომავალში მათ საკუთარი კავშირები და ფინანსური შესაძლებლობები სხვადასხვა ექსტრემისტული ან/და ტერორისტული ჯგუფისა თუ ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოიყენონ. აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს", - ნათქვამია ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დადგინდა რამდენიმე პირი, რომლებიც ინტერნეტსივრცის, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს ავრცელებდნენ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

"აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. აღნიშნულის მიუხედავად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს. ტერორიზმთან დაკავშირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება, ასევე ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის კვეთის მუდმივი მონიტორინგი. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული. ამ მიმართულებით საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილების თვალსაზრისით უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების განსაკუთრებული აქტივობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული/ექსტრემისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერ საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობას. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს გამოვლენილია რამდენიმე პირი. მათ მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უწყებაში ამბობენ, რომ ტერორისტული საფრთხეების კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე შექმნილი უკონტროლო ვითარება. რუსეთის საოკუპაციო ძალა და სპეცსამსახურები კვლავ ინარჩუნებენ შესაძლებლობას, მათი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება.

"გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. მიმდინარეობდა მუშაობა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასების, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის მიმართულებით. აქტიურად ხორციელდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება.

საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე, ასევე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2017 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების ჩართულობით, შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ეფექტური საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნული დადებითად არის ასახული გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში", - ნათქვამია ანგარიშში.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია