საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„არჩევანის თავისუფლება’’

personuser access_time1-04-2019, 18:43


სტუდენტური გაერთიანება "თავისუფალი აუდიტორიის" წევრი დათო დარსაძე, საზოგადოების პოლარიზების მოკლე მიმოხილვა და დღევანდელობის შესახებ წერს:

პოლიტიკა სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაა. ასე მასწავლეს მე და ასევე ვეუბნები „თავისუფალი აუდიტორიის“ ყველა სტუმარსაც. ვწუხვარ, მაგრამ დღესაც კი მიჭირს ქართულ პოლიტიკაზე, ქართულ ყოფაზე საუბარი ისე, რომ არ ვახსენო საბჭოთა კავშირის ფაქტორი და შეხედულებები, რაც აწ უკვე დაშლილმა იმპერიამ უჯრედ-უჯრედ გაგვიჯინა მენტალიტეტში.მახინჯი გავლენები,რომელთაგან გათავისუფლებასაც აგერ უკვე 28-ე წელია ვცდილობთ მცირე-მცირე წარმატებით. იმპერიის ქვეშ 80-იან წლებში ქართველმა ერმა გაერთიანება მოახერხა იდეის ქვეშ, რომ მომავალი ქართველი თავისუფალ სახელმწიფოში უნდა დაბადებულიყო. მომავალ ქართველს უნდა ჰქონოდა არჩევანის თავისუფლება და პასუხისმგებლობა, თავად ეზრუნა საკუთარ ცხოვრებაზე. შემდეგ იყო 9 აპრილის სისხლიანი ღამე. ტრაგედია, რომლის დამგეგმავ-განმახორციელებლებისადმი ჩვენ კითხვებიც გვექნებოდა, იყო კი რეალურად ეს რეჟიმისადმი ზიზღით გაჟღენთილი, თავისუფლებას მოწყურებული ერის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თუ ამავდროულად კონკრეტული კომუნისტი ჩინოვნიკების კულუარული დაპირისპირების ქუჩაში გადმოტანა? ამ კითხვას პასუხს ისტორია გასცემს.

მე ისტორიკოსი არ ვარ და თქვენის ნებართვით მოდით, ნუ ვისაუბრებთ ისევ იმ უბედურებასა და გაჭირვებაზე, რაც 90-იან წლებში გამოარა ქართველმა ხალხმა, მით უმეტეს, იმ დროის მთელი სიმძიმე ბევრმა მკითხველმა საკუთარ თავზე და ოჯახებზე იწვნია. ამ დეკადიდან მხოლოდ ერთ ფაქტზე მსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილო, ეს არის თბილისის ომი. ყველაზე საჭირო მომენტში ქართველი ხალხი არათუ ვერ გაერთიანდა სახელმწიფოებრიობის დასაცავად, მეტიც, იარაღით ხელში ებრძოდა ერთმანეთს განსხვავებული შეხედულებების გამო. ენერგია, რომელიც 70 წლის განმავლობაში დაგროვდა ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ერთმანეთის ხოცვაში დავხარჯეთ. სამოქალაქო ომის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. ამ ფურცელს, ცხადია, ვერ ამოვხევთ, პირიქით, მრავალჯერ უნდა წავიკითხოთ და ჩვენ შეცდომებზე ვისწავლოთ.
დიდი პოლიტიკოსობა არ სჭირდება იმის შემჩნევას, რომ დღევანდელი საქართველო პოლიტიკურადაც პოლარიზებულია. გვაქვს მხოლოდ ორი ძირითადი ბლოკი, რომლებიც თითქოსდა ამგვარი სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე ყაბულს არიან, ხოლო მათ შორის ერთგვარ სიმბიოზურ დამოკიდებულებასაც კი შეამჩნევდით, რაც უფრო მეტად ოპოზიციური ძალისთვის უნდა იყოს მისაღები და უაყოფითი შედეგის მომტანი იქნება, საბოლოო ჯამში,ხელისუფლებისთვის. მოსახლეობასთან საუბრის და ურთიერთობის შემდეგ ჩამომიყალიბდა განცდა, რომ ხალხის უმრავლეობის თვალში უკვე კარგა ხანია ორივე ძალის ავტორიტეტი კრიტიკულ მინიმუმს ჩასცდა. პრობლემა უბრალოდ ალტერნატივის არარსებობაა. რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ჩვენთვის,ვფიქრობ აშკარაა რომ ის, რისთვისაც ჩვენი მამების თაობა წითელ იმპერიას ებრძოდა, რომ მათ შემდგომ თაობებს არჩევანის უფლება ჰქონოდა, დღეს, 2019 წელს, ჩვენ რეალური არჩევანის გარეშე ვართ. ამომრჩეველი რომელიმეს უარესად მიჩნევის ხარჯზე იძულებულია, შედარებით ცუდს დაუჭიროს მხარი საარჩევნო კაბინაში შესვილისას.

ამგვარმა მახინჯმა კვაზიპოლიტიკამ შთანთქა საზოგადოებრივი აქტივობის თითქმის ყველა გამოვლინება. უნივერიტეტებში, სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებეში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში,სადაც კი შეხება მქონია მოსახლეობასთან, ყოველთვის ვხვდებოდი მკვეთრად პოლარიზებულ ადამინებს, რომლებიც, სამწუხაროდ, „ემორჩილებიან“ დემაგოგი პოლიტიკოსების პროპაგანდას და ემოციურ ფონზე უჭირთ რეალური გამოწვევის გააზრება. რეალური გამოწვევა კი გახლავთ მოქალაქის მიერ ყოველივე უარყოფით დემაგოგიით გაჟღენთილ, არაფრისმომცემ კინკალობაში მონაწილებაზე უარის თქმა. ამისგან რაც შეიძლება მეტი მოაქალაქე უნდა გათავისუფლდეს. ამგვარ მახინჯ პოლიტიკაში მონაწილეობაზე უკვე წლებია, უარს აცხადებს ძირითადად ახალგაზრდობა. ახალგაზრდობის უმეტეს ნაწილს არ აინტერესებს, მეტიც– ეჯავრება პოლიტიკის გაგონებაც კი, რაც ჩემი აზრით სავალალო შედეგის მომტანი შეიძლება, გახდეს მომავლის საქართველოსთვის. ცხადია, ყველა ვხვდებით, თუ ვის ეკუთვნის ჩვენი ხვალინდელი დღე, ამიტომ დღევანდელი ახალგაზრდობა აუცილებელი განათლების დონით მომზადებული უნდა შეხვდეს უამრავ კრიზისსა და გამოწვევას, რომლებიც მომავალშიც არაერთგზის შეგვაწუხებს.
პოლარიზების საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას რეგიონებშიც. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც, შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებმა ერთმანეთისადმი ზიზღი გამოავლინონ საწინააღმდეგო პოლიტიკური შეხედულების გამო. ჩვენთან, აგრეთვე, არსებობს მაგალითები, როცა მეუღლეებსაც კი ჰქონიათ სერიოზული დაპირისპირება პილიტიკურ ნიდაგზე. ხოლო, სოფლიდან განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანების გასახლების მოთხოვნაზე აღარაფერს ვამბობ. ეს ყოველივე დაბალი პოლიტიკური კულტურის ნიშანია, რაც არასწორი ან არარსებული განათლების შედეგი შეიძლება, იყოს. ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრის არსებობის შემთხვევაში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც ასე თუ ისე ცდილობენ ნეიტრალური პოზიციის დაჭერას. მცირე კრიტიკული შეკითხვა ან შენიშვნა რომელიმე პოლიტიკური ფიგურის, ან პარტიის მიმართ და ემოციური, დილეტანტი „პოლიტმცოდნე“ მსმენელი უმალვე პოლიტიკურად მიკერძოებულის იარლიყს აკრავს მას. ამ სიტუაციიდან, ჩემი აზრით, ყველა გულსაწყვეტი ის ფაქტია, რომ მოსახლეობაში ამ მწვავე დაპირისპირების ინიციატორი და გამაღვივებელი პოლიტიკოსები რეალურად მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ მხოლოდ და ზოგიერთი სახედაკარგული პოლიტიკოსი სიამოვნებასაც კი იღებს ამგვარი კონფლიქტებისგან; თავისი ვიწრო ინტერესებით, გავლენების და უფლებამოსილების შესანარჩუნებლად, აი, ასეთი ვაიპოლიტიკოსები არ გამორიცხავენ სამოქალაქო დაპირისპირების წამოწყებასაც კი. ჩვენ უკვე მოვისმინეთ მსგავსი განცხადებები. ახლა უნდა გავიხსენოთ ზემოთ ჩამახსოვრებული თბილისის ომი, რომელიც გაკვეთილი უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის, რათა იგივე ტალახზე არ გავიაროთ, რომელმაც ერთხელ უკვე ჩაგვითრია.

ამგვარი მძიმე სიტუაციიდან გამოსავალს რაც შეეხება. ალბათ, ყველა ჩვენგანს გვიფიქრია იმაზე, თუ რაიქნებოდა, ამ ორი ძალის გარდა მესამე სერიოზული მოთამაშეც რომ გვყოლოდა პოლიტიკურ სცენაზე. მე გულრწფელად მიმაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის უმნიშველოვანესი არჩენებისთვის ჩამოყალიბდება, კონსტუქციული, იდეოლოგიით შეკავშირებული, მძლავრი პოლიტიკური ნაწილი, მან, შესაძლოა, საკმაოდ დიდი გავლენა იქონიოს მომდევნო პარლამენტის ფორმირებაზე. მათ მოსახლეობის თვალში ღირსეული ალტერნატივის ფუნქცია უნდა იკისრონ, რაც, თავის მხრივ, ორმაგად საპასუხიმგებლო გადაწყვეტილება იქნება. აგრეთვე, უნდა ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს მესამე ძალა მხოლოდ და მხოლოდ არსებული ორი ნაწილის მოსახლეობაში გაძაგებით და მათი დაკნინებით შეეცდება ხმების მოპოვებას, მგონია, რომ ისინი არჩევის შემთხვევაში გარდამტეხ, სასარგებლო ცვლილებებს ვერ გამოიწვევენ ქართულ რეალობაში. კიდევ ერთი მეთოდი ამგვარი პოლარიზების განსამუხტად არის საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა.პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იქნებოდა ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენთვის; ამის შემდეგ ვერც ერთი პარტია და მით უმეტეს – პერსონა ვეღარ შეძლებს, საკუთარ ხელში მოაქციოს ხელისუფლების ყველა შტო და საკუთარ ნება-სურვილზე განაგოს ქვეყნის მომავალი. ვფიქრობ, ხელისუფლება ამ დათმობაზე არ წავა, რადგან ეს ნაბიჯი ოპოზიციის მიერ შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც მთავრობის პოზიციების შესუსტება. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს ამ ხელისუფლების საბედისწერო შეცდომა გახდეს და საკუთარ დაგემულ მახეში გაებას თავად, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინეთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს.

ბოლოს, დასკვნის სახით მსურს, მოგახსენოთ, რომ „მესამე ძალის“ ჩამოყალიბების საკითხში მე ყველაზე დიდ მნიშვნელობას ახალგაზრდობის ჩართულობას ვანიჭებ. პოლიტიკური სცენის გაახალგაზრდავება სუფთა წარსულის მქონე პროფესიონალი ახალგაზრდებით, ბევრი ამაში ხედავს ნანატრ გამოსავალს. პასუხისმგებლიანი ახალგაზრდების მეოხებით ქართველმა ხალხმა კვლავ უნდა იწამოს საკუთარი რეალური შესაძლებლობების და საჭირო მომენტში ისევე გაერთიანდეს უკეთესი მომავლისათვის, როგორც ეს ცხრა აპრილის იმ საბედისწერო ღამეს მოვახერხეთ. ნებისმიერი მტრისთვის ყველაზე საშიში ერთ მუშტად შეკრული საქართველოა. დღეს რომ ახალგაზრდობას პოლიტიკა არ აინტერესებს და მეტიც, ზიზღით უყურებს მას, ამაზე პასუხისმგებელი ვფიქრობ ძველი თაობის უპრინციპო პოლიტიკოსებიც არიან. რომელ პოლიტიკოსთანაც კი მქონია დიალოგი, ყველასთან მქონდა მსგავსი შეკითხვა: გრძონბდნენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობას მომავალი თაობის მიმართ, რომ ისინი გულგრილ დამოკიდებულებას იჩენენ პოლიტიკიადმი? პასუხები იდენტური და ქართველი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი გახლდათ – „ცხადია ვაცნობიერებ ჩემი და ჩემი კოლეგების წვლილ დანაშაულს ახალგაზრდობის მიმართ და წუხილს გამოვთქვამ ამის გამო“. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ, დაუჯეროთ მათ სიტყვებს.


სტატიის ავტორი: დათო დარსაძე

скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია