არჩილ თალაკვაძე - საერთაშორისო მუდმივმოქმედი დელეგაციების განახლებაში პოლიტიკური სენსაცია არაფერია

სტატიის ავტორი

პარლამენტის საერთაშორისო მუდმივმოქმედი დელეგაციების განახლებაში სენსაცია არაფერია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო მუდმივმოქმედი დელეგაციები უმრავლესობის შემადგენლობაში ცვლილებების გამო განახლდა.

„რამდენიმე წევრმა უმრავლესობა დატოვა, რამაც ავტომატურად გამოიწვია საჭიროება, რომ უმრავლესობამ თავისი კვოტები ხელახლა დააკომპლექტოს. ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობის მიერ წარდგენილი დეპუტატები ამ დელეგაციებში ახლა სხვა დეპუტატებით ჩანაცვლდებიან, რომლებიც უმრავლესობის წევრები არიან. ამაში არაფერი პოლიტიკური სენსაცია არ არის. ყველა დელეგაცია რეგლამენტისა და პოლიტიკური ტრადიციის შესაბამისად დაკომპლექტდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ვიზიტების დაფინანსებას, დეპუტატი განმარტავს, რომ ეს კანონითაა გაწერილი.

„ახლა არავინ ვაპირებთ ხარჯების დაფინანსებაზე წუწუნს. რა ვიზიტები ფინანსდება პარლამენტის მიერ, ეს კანონმდებლობაში ცალსახად არის გაწერილი. უნდა დაფინანსდეს თუ არა მათი ვიზიტები, ამაზე გადაწყვეტილებას ვერც ერთი ცალკეული დეპუტატი ვერ მიიღებს, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. დაფინანსების საკითხი კანონმდებლობაშია დარეგულირებული და პარლამენტის შესაბამისი დეპარტამენტი ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამ საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა თუ მოხდება, ამაზე პასუხი ერთადერთია – დელეგაციების განახლება მოხდა, რადგან ცვლილებები უმრავლესობის შემადგენლობაშია და უმრავლესობამ და ოპოზიციურმა ფრაქციებმა ყველა დელეგაცია ხელახლა დააკომპლექტეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან,მისი შეფასებით, არავის სჯერა, რომ დეპუტატი გიგა ბოკერია ამ საკითხებით გულწრფელად შეწუხებულია.

„გუშინ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გიგა ბოკერიას მოჩვენებითი მზრუნველობითი გამოსვლა მოვისმინეთ. ის ქომაგობდა პარლამენტის წევრებს, რომლებიც არც მისი ფრაქციის წევრები არიან, არც მისი პოლიტიკური პარტიის და არც მის ღირებულებებთან აქვთ საერთო. არავის სჯერა, რომ ამ საკითხებით გულწრფელად შეწუხებულია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ამ საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა სურდათ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

პარლამენტმა 10 საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაცია გუშინ განაახლა და ამ მიზნით დადგენილება მიიღო. ევროსაბჭოს შემადგენლობაში ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძეს უფლებამოსილების ვადა პირველ იანვრამდე ექნებათ, რის შემდეგაც მათ დელეგაციაში არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე ჩაანაცვლებენ.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც დელეგაციების შემადგენლობაზე მსჯელობდნენ, ცხარე კამათის ფონზე წარიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სამარცხვინოა, როდესაც კვოტების გადანაწილება პოლიტიკური პროცესების შესაბამისად ხდება.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх