საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000 კამერა ამოქმედდება

personuser access_time2-05-2019, 13:51


წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000 კამერა ამოქმედდება, რაც ხელს უწყობს კრიმინალური პოლიციის საგამოძიებო ნაწილის მუშაობას და ასევე მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

„უკვე შექმნილია ერთიანი მომსახურების ცენტრი და ბევრმა თქვენგანმა, დარწმუნებული ვარ, ისარგებლა უკვე ამ მომსახურების სივრცით. იმის ნაცვლად, რაც გვახსოვდა „მე-12“ ოთახის სახით, დღეს თანამედროვე სივრცეში ვიღებთ აბსოლუტურად „დიჯიტალიზებულ“ სერვისებს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ თითოეული პატრულ-ოფიცერი აღჭურვილია სამხრე კამერებით, რამაც, დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეამცირა კონფლიქტების რაოდენობა პატრულ-ოფიცერსა და მოქალაქეს შორის კონტაქტის დროს. სიახლეა ტურისტული პატრულიც, რომელიც გამოჩნდა ქუჩებში. თუ ვინმეს ჰქონია ბოლო პერიოდში შეხება ქუჩაში მყოფ ბავშვებთან თბილისში, ეს ყველაფერი სწორედ ამ ახალგაზრდების, ამ ახალი ქვედანაყოფების მიერ იქნა აღკვეთილი და დღეს ჩვენი მოქალაქეები და ქალაქის სტუმრები თავისუფლად სეირნობენ ძველი თბილისის ქუჩებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიციის ნაწილში, ხდება ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება და მათი „დიჯიტალიზება“.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ყველაზე დიდი მიღწევა პატრულის ნაწილში, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის სამუშაო პროცედურების აღწერილობა, რაც აქამდე პატრულს არ გააჩნდა. თითოეულ ოფიცერს, რიგითს, რომელიც იწყებს პატრულში მუშაობას, ექნება მკაფიოდ აღწერილი მისი უფლებამოვალეობები და ფუნქციები. ამასთან ერთად, რაც აქამდე არ არსებობდა, პატრულში განხორციელდა სტანდარტული პროცედურების დეტალური აღწერა. ისეთი როგორიც არის, მაგალითად, დაკავება, ზედაპირული დათვალიერება, ძალის გამოყენება და ასე შემდეგ. ჩვენ ადამიანებს ვიღებდით სამსახურში, აღვჭურვეთ ისინი საბრძოლო იარაღით და მათ არ ჰქონდათ მკაფიოდ გაწერილი ის ფუნქციები, მოვალეობები და პროცედურები, რომლებიც უნდა აღესრულებინათ თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან ურთიერთობაში“, -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ერთიანი მომსახურების ცენტრების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით გაიზრდება. კერძოდ, მომსახურების ცენტრები იქნება ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში და სხვა ქალაქებში.

„გაიზრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც. ჩვენ ჩვენი დღევანდელი რესურსით, შეგვიძლია წლის ბოლომდე საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მაგალითად, ქალაქში გავზარდოთ 30-მდე. თუმცა, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, 2010 წლის შემდეგ არ გაზრდილა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა, ვგულისხმობ ოპერატიულ თანამშრომლებს. ამ პერიოდის განმავლობაში, უნდა ვიცოდეთ, რომ 700 ათასიდან მილიონ 200 000-მდე გაიზარდა რეგისტრირებული ტრანსპორტის რაოდენობა.

ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა დაახლოებით მილიონიდან 9 მილიონამდე და კიდევ ბევრი რამ. თქვენს მიერ მიღებული კანონმდებლობის შედეგად, პატრულ-ოფიცრებს დაეკისრათ უფლებამოსილებები, ვალდებულებები, რომლის აღსრულების პირობებშიც მათი რაოდენობა არ გაზრდილა. დღეს საპატრულო პოლიციაში ძალზე მწვავედ დგას ადამიანური რესურსების საკმარისობის საკითხი და ჩვენ უახლოეს პერიოდში დასაბუთებულად მოგმართავთ თქვენ იმ თხოვნით და რა თქმა უნდა, მთავრობასაც, რომ აუცილებელია საპატრულო პოლიციის შემადგენლობის ზრდაზე დაფიქრება.

ასევე, საპატრულო პოლიციის ნაწილში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში, საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს, აქ ნაწილობრივ შევეხები კამერების ინფრასტრუქტურის რაოდენობას, რომელიც კარდინალურად შეიცვალა ქალაქში. ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის ბოლოს საქართველოში მუშაობდა 170 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა. დღეის მდგომარეობით მათი რაოდენობა არის 2 600, წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება სხვადასხვა დანიშნულების ნომრის ამომცნობი, ზოგადი ხედვის, სახის ამომცნობი და კიდევ მრავალი სხვა სახის 5 000 კამერა, რაც ხელს უწყობს როგორც კრიმინალური პოლიციის საგამოძიებო ნაწილის მუშაობას, ასევე საგზაო უსაფრთხოების ნაწილში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.



скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია