ჯანმრთელობა უზარმაზარ რიგში დგომას მოითხოვს - ვითარება გორის კლინიკებში

სტატიის ავტორი

გორის კლინიკებში მუდმივად ქაოსია. აზრი არ აქვს წინასწარ ჩაწერით მიხვალ ექიმთან, თუ პირდაპირ მიაშურებ მისი კაბინეტის კარს. რეალობა ერთია - დაუსრულებელ რიგში საათობით დგომა.

“ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და გადავწყვიტე ექიმისთვის მიმემართა. დილის 10 საათზე მივედი კლინიკაში და თუ არ ვცდები 65-ე ვიყავი რიგში. რა მექნა, მოვიძიე თავისუფალი ადგილი და გადავწყვიტე მომეცადა“ - მიყვება თამარ ქარელი.

თამარი არ არის ერთადერთი პაციენტი, რომელსაც ექიმთთან ვიზიტამდე, რამდენიმე საათი ლოდინი უწევს. ნებისმიერი პროფილის ექიმის კაბინეტთან რიგებია. ამას ხშირად ისიც ემატება, რომ მოსაცდელში დასაჯდომი ადგილები არ არის და ავადმყოფს ფეხზე დგომა დიდ ხანს უწევს. ლოდინი ზოგისთვის მოსაბეზრებელი, ზოგისთვის კი შეუძლებელი ხდება. ამ მიზეზით, ხშირად პაციენტი გამოკვლევებზე უარს ამბობს და სახლში მიდის.

“ძალიან დიდ ხანს ვიდექი რიგში, ფეხები დამისივდა, ვერც ვჯდებოდი, 5-6 სკამი დგას ყველა მოსაცდელში და ისიც მოხუცებს აქვთ დაკავებული. ვის ეტყვი ცოტა ხანს მაინც დამსვიო. ექიმი ან ძალიან ნელა მუშაობდა ან მე მეჩვენებოდა ასე. თითქოს შედიოდნენ და გამოდიოდნენ ჩემ წინ მდგომები, მაგრამ რიგს არაფერი ეტყობოდა. იმდენად გადავიღალე, გადავაგდე რიგის ნომერი, რომელსაც თითქმის 2 საათს ვუფრთხილდებოდი და წამოვედი“-მითხრა თამარმა.

ავადობის მაჩვენებელია გაზრდილი თუ გეგმიური გადამოწმების კულტურა ამაღლდა ვერ ხვდება ლელა მაზმიშვილი. მას ჰოპოთირეოზის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს და მუდმივად უწევს გამოკვლევების ჩატარება. როგორც ამბობს პრობლემა ძირითადად ანალიზების ჩაბარებისას ექმნება. სისხლის ანალიზს უზმოზე უკეთებენ, შიმშილისგან კი, რამდენჯერმე თავი შეუძლოდაც იგრძნო.

“ძალიან ძნელია რამდენიმე საათი იდგე რიგებში, თან ისე, რომ არ გისაუზმია. ჯერ რეგისტრატურაში დგახარ მთელი საათი, როდის გაგიფორმებენ ექიმთან ვიზიტს. შემდეგ ექიმთან შესვლას ელოდები უზომოდ დიდ ხანს. მიმართვით ლაბორატორიაში გარბიხარ და იქაც კი არ სრულდება ლოდინი. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, დილით ადრე კლინიკაში მისული საღამოს მოვდივარ სახლში“- ამბობს ლელა.

გარდა რიგებისა, კიდევ ერთი საკითხია, რაზეც ბოლო დროს მოქალაქეები ხშირად ჩივიან. გორის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, რამდენიმე ადამიანმა გვითხრა, რომ გაციების დროს, ექიმის მიერ დანიშნულება იქამდე არ იწერება, ვიდრე სრულ გამოკვლევას არ ჩაიტარებენ. გამოკვლევის პასუხები კი, 2 ან 3 დღეზე ადრე არ ეძლევათ.

“ექიმთან მივედი გორმედში, მითხრა სავარაუდოდ ფილტვების ანთება გაქვსო და რენდგენი გადამაღებინა. პასუხი სამ დღეში იქნება, ახლა ვერ მოგცემთ დანიშნულებასო და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში გამომიშვა სახლში. როგორც იქნა გადავიტანე ეს სამი დღე წამლის გარეშე და რომ მივედი - მწვავე ბრონხიტი აღმომაჩნდა. მითხრა კიდეც, გადავრჩით ფილტვების ანთებასო. რომ მქონოდა სერიოზული მდგომარეობა მერე? იმ სამ დღეში იქნებ რა ემართება ავადმყოფ ადამიანს. საშინელი არეულობა და უპასუხისმგებლობაა ზოგადად გორის კლინიკებში“- გვიხსნის ახალგაზრდა ქალი.

რა იწვევს დაუსრულებელ რიგებს სამედიცინო დაწესებულებებში და რატომ ვერ ხდება მისი რეგულირება, ამ კითხვით კლინიკა “გორმედის“ წარმომადგენელს მივმართეთ. ვასილ ჭეიშვილი თავადაც აღნიშნავს რომ საქმე ამ მხრივ რთულადაა. თუმცა პაციენტებს აიმედებს, რომ სულ მალე მაღალტექნოლოგიური სიახლეები დაინერგება და მათი დალოდების დრო მაქსიმალურად შემცირდება.

“ ეს პრობლემა მაღალმა მომართვიანობამ გამოიწვია. პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ მის გადასაჭრელად. სულ მალე ბევრი სიახლე გვექნება. პირველ რიგში დაიხვეწება რიგების მენეჯმენტი. შეიცვლება რეგისტრატურის მოდული. დარეგულირდება რიგების სისტემა. ვაპირებთ 24 საათიან რეჟიმში ავამუშაოთ ქოლცენტრი, რომლის დახმარებითაც, პაციენტს შეეძლება ნებისმიერ დროს დარეკოს და ჩაეწეროს ამა თუ იმ გამოკვლევაზე. იქნება აიპი ტელეფონიც. აუცილებლად მოვაგვარებთ მოსაცდელის პრობლემასაც. დასტაბილურდება ქაოტური სიტუაციაც. მაღალტექნოლოგიურ სიახლეებს სოლიდური თანხების გარდა, დროც სჭირდება. თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კომფორტი შევქმნათ და მოქალაქეებს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება მივაწოდოთ“-გვითხრა ვასილ ჭეიშვილმა. ის “გორმედის“ ქსელის ერთ-ერთ კლინიკას - “იავნანას“ ხელმძღვანელობს.

პრობლემა გორში მდებარე ყველა სამედიცინო დაწესებულებაში თანაბრად დგას. ვინ რა მიმართულებით იმუშავებს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხის დასარეგულირებლად სრულად ცნობილი არ არის. თუმცა ფაქტი ერთია, ჯანდაცვის სამინისტრო, სერვისების დახვეწას მუდმივად გვპირდება.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх