კასტინგი მმართველ გუნდში: „ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში მისვლა არავის უნდა“

სტატიის ავტორი

ახალი პოლიტიკური სახეების კასტინგი მმართველ გუნდში - ახალბედა პოლიტიკოსების უნარ-ჩვევებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამოწმებს. კასტინგი, ჯერჯერობით, განსაკუთრებული შედეგების გარეშე გრძელდება, თუმცა ახალი სახეების მოძიებას მაია მიმინოშვილი კურირებს. სწორედ ის იქნება „ოცნებაში“ გამოცხადებული პოლიტიკური კასტინგის მთავარი კურატორი. როგორ და რა ფორმით მოხდება ახალი პოლიტიკოსების შერჩჯევა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტს მმართველ გუნდში ადასტურებენ და პოზიტიურადაც აფასებენ. თუმცა ანალიტიკოსების და ოპოზიციის შეფასებები სრულიად სხვაა და მათთვის გაუგებარია როგორ შეიძლება ერთ დღეს პოლიტიკოსობა მოგინდეს, მიხვიდე გასაუბრებაზე და გარკვეული კრიტერიუმებით შეგარჩიონ.

წყარო: რეზონანსი


ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ „ოცნებაში“ ახალგაზრდებს და პროფესიონალ კადრებს გაწევრიანება არ სურთ და პარტია ახალი რესურსის მოძიებას ვერ ახერხებს. ამიტომაც გარკვეული პიარსვლა მოიფიქრა, რომლის მეშვეობითაც ფიქრობს, რომ ახალ სახეებს მიიზიდავს. მათი აზრით „ოცნება“ , როგორც პარტია 7 წელში დაბერდა და მას მომავალი აღარ გააჩნია, ამიტომაც პოლიტიკოსებისთვის მიზიდულობის ძალა დაკარგა. მათი აზრით, ახლა პარტიაში მხოლოდ მედროვეები და ფულზე დახარბებული ადამიანები თუღა მივლენ, რომელთაც საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი ანაღვლებთ.

მმართველი გუნდის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუნდში ახალი სახეების მიღებასთან დაკავშირებით სრული მზაობაა და პარტიის თითოეულ წევრს შეუძლია რეკომენდაციის გაწევა ნებისმიერი პირისთვის.

„რაც შეეხება ახალ სახეებს, მათ რეკომენდატორებზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველანი ვართ აბსოლუტურად. პარტიის ყველა წევრს შეუძლია, სხვა ადამიანს გაუწიოს რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება იყოს პროფესიონალი, თავის ქვეყნის მოყვარული და ისეთი კადრი, რომელიც პარტიულ საქმიანობაში თავსი დადებით წვლილს შეიტანს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ახალი სახეების შერჩევა-ტრენინგს, რომელსაც არსებული ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი უხელმძღვანელებს, მდინარაძე ამბობს რომ ტრენინგებში გასაკვირი არაფერია. მისი თქმით, „ოცნება“ გაჯანსაღების პროცესის გაგრძელებას გეგმავს.

„ქართული ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს,“ - ეს განცხადება მმართველი პარტიიდან დემარშით წასულმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ გააკეთა.

მისი თქმით, „ოცნება“ ისეთ ადამიანებს შეარჩევს, ვინც შეკვეთების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. „ოცნება“ შეეცდება, რომ ძალოვანი უწყებების დახმარებით ახალი სახეები 2020 წელს პარლამენტში დასვას. ფოფხაძე ამბობს, რომ მისი ბორჯომის მაჟორიტა დეპუტატად შერჩევის დროსაც ასე მოხდა და მან უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება გაიარა, თუმცა ისინი მისი კანდიდატურის წინააღმდეგები იყვნენ.

„არანაირი მიმინოშვილი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის, არანაირად ის არავის არ დაატრენინგებს და არანაირ ახალ სახეებს არავის არ შესთავაზებს. რეალობა იქნება ისევ ის, რომ „ქართული ოცნება“ გამოიყვანს მორჩილ, უფრო მეტად აგრესიულ უმრავლესობას, ვიდრე დღეს ჰყავს.

უფრო მეტად ორიენტირებულს შეკვეთების შესრულებაზე და მერე ძალოვნები შეეცდებიან, რომ ეს ადამიანები უმრავლესობით მოიყვანონ ქვეყნის სათავეში. ეს იქნება სქემა, რომელსაც მე ველოდები 2020-ში. ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ხალხისთვის ხელის გადაგრეხვის გზით, თავისუფალი ნების მიმართ განხორციელებული ტერორით და აგრესიით, „ქართული ოცნება“ შეეცდება მიიღოს მანდატები,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ წარმოუდგენელია პოლიტიკსოების შერჩევა კასტინგით მოხდეს. მისითვის გაუგებარია, როგორ უნდა შეარჩიონ ადამიანები და შემქნან მათგან ხელოვნურად პოლიტიკოსები გასაუბრების მეშვეობით. პოლიტიკოსებს თავად უჩნდებათ სურვილი ამა თუ იმ პარტიაში მოხვდნენ და ამ გადაწყვეტილებას ღირებულებების და შესაძლებლობების მიხედვით იღებენ. პარტია მიზიდულობის ცენტრი უნდა იყოს და არა კარგი დასაქმების საშუალება. ამბობს, რომ მიმინოშვილი მისი კლასელია და საკმაოდ კარგი პროფესიონალია თავის საქმეში, თუმცა „ოცნებას“ როგორ დაეხმარება, მისთვის გაუგებარია.

„წარმოუდგენელი და გაუგონარი რამ ხდება. პოლიტიკოსები თავად მიდიან პარტიაში და მათ პარტია პროფესიონალიზმის და მისი შესაძლებლობების მიხედვით, ანუ პოლიტიკური ბექგრაუნდის და გამოცდილების ფონზე არჩევს. ასეთი რამ არსად გამიგონია, რომ პოლიტიკოსი შენვე შექმნა და გასაუბრების საფუძველზე პარტიაში დაასაქმო. უბრალოდ „ოცნებას“ სხვა გზა არა აქვს, რადგანაც ამ პარტიაში ახალგაზრდა და კრეატიულად მოაზროვნე სახეები აღარ მიდიან.

„ქართული ოცნება“ დაბერდა და მომავლის არ მქონე პარტიაში ახალ სახეებს მისვლა არ უნდათ. ამიტომაც აირჩიეს ეს გზა, რომ შეარჩიონ მედროვე ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკა და ქვეყანა კი არ ადარდებთ, საკუთარ მომავალზე და ფულზე არიან ორიენტირებულები.

რაც შეეხება მაი მიმინოშვილს, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, ის ჩემი კლასელი იყო. თავის საქმეში საკმაოდ პროფესიონალი კადრია, მაგრამ, ივანიშვილს პოლიტიკოსების შემქნაში როგორ დაეხმარება, ეს გაუგებარია. ივანიშვილმა ხომ შექმნა უკვე სამოქალაქო პლატფორმა, სადაც ვერაფერი ვერ გააკეთა, ასე იქნება ახლაც. ეძებეს, ეძებეს და ისევ ღარიბაშვილი, კახაძე და სუს-ის ახალი სახე შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსანი შენგელი ფიცხელაური მოძებნა. ამ კაცს კი არაფერს ვერჩი, მაგრამ ახალი სახეები რომ არ მიდიან ხომ ფაქტია“,-აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, მსგავსი პრეცედენტი, ვინმეს პარტიაში კადრები კასტინგით შეერჩიოს, არ არსებობს. მისი თქმით, ეს არის საკმაოდ უცნაური და არაფრის მომცემი ტაქტიკა, რადგანაც პოლიტიკოსების შერჩევა ასე არ ხდება. ეს შესაძლოა მმართველი გუნდის ერთგვარი პიარსვლა იყოს, თუმცა რაში წაადგებათ, მისთვის გაუგებარია. არც იმას გამორიცხავს, რომ მაია მიმინოშვილის დასაქმება უნდოდათ და ახალი პოზიცია მოუძებნეს.

„მგონია, რომ ეს რაღაც ახალი პიარის ნაწილია და იმის შეფუთვა, თუ მმართველი გუნდი პოლიტიკოსებს როგორ ეძებს. თუმცა ეს რაში წაადგებათ ამას ვერ ვხვდები. მაია მიმინოშვილი რომ მეტყვის მოდიო პარტიაში, მივალ? ან რაში შეამოწმებენ იქ ადამიანებს. უნარ-ჩვევებს შეუმოწმებს მიმინოშვილი, ლოგიკას როგორ საუბრობენ თუ რამდენად ერთგულები არიან?!

პარტია, რა თქმა უნდა, ახალ სახეებს და ლიდერებს უნდა ეძებდეს, მაგრამ ამისთვის მთელი სისტემა უნდა იყოს აწყობილი. არსებობს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციები, საიდანაც ახალ სახეებს არჩევენ, მიზნობრივი ჯგუფები, ასევე არიან ნეიტრალური ადამიანები, რომელთა გადმობირებაზეც თავად პარტია მუშაობს. გარკვეული დამსახურების მქონე ადამაინები, რომლებსაც საზოგადოება პატივს სცემს და ა.შ... მაგრამ ასე რომ გამოაცხადო, რომ გასაუბრებაზე მობრძანდით და ტრენინგები იქნება, პირველად მესმის“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх