დუმის კომიტეტმა საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვას მხარი დაუჭირა

სტატიის ავტორი

რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მთავრობა დამატებით ზომებს მიიღებს, ვინაიდან „მომხდარი საღი აზრის ჩარჩოებში არ ჯდება და სიკეთისა და ბოროტების ზღვარს სცდება“.

სლუცკის განცხადებით, მოსკოვი გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშს ელოდა.

„ბოდიშს ველოდებით ახლაც. არ ვიცი, მოხდება ეს თუ არა. არ ვარ დარწმუნებული, თუმცა ასეთ სიტუაციაში ქვეყნის ხელმძღვანელობამ, პარლამენტის ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში. უახლოეს დღეებში ვნახავთ, მზად არის თუ არა ამისთვის საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა სლუცკიმ.

ახლა აკრძალვების საკითხი დუმის საბჭომ უნდა განიხილოს. „ედინაია როსიას“ ინიციატივას მხარს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის და „სპრავედლივაია როსიას“ წარმომადგენლებიც უჭერენ.

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა 20 ივნისის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები შეწყდა.

ავტორი: 1

imedinews.geскачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх