საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ვინ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და რა სახის დახმარებას ვიღებთ

personuser access_time14-08-2019, 18:15


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ცვლილებები მოხდა, რაც, ცალსახად, შავი ზღვის რეგიონზეც აისახა - ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ და რუსეთის ფედერაციამ თავიანთი პოზიციების გამაგრება აქტიურად დაიწყეს და მოკავშირეებთან ერთად ცდილობენ რეგიონში ლიდერობის მოპოვებას.

„რეზონანსი" სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასთან და ანალიტიკოს კორნელი კაკაჩიასთან შეეცადა იმის გარვევას, თუ რა მდგომარეობა აქვს ამჟამად საქართველოს, რომელიც ჯვარედინი დარტყმის ქვეშაა მოქცეული. მათი აზრით, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნორები აშშ და ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან, მაგრამ, ვახტანგ მაისაიამ დაამატა, რომ საქართველოს პარტნიორების სიაში ირანი და ჩინეთიც არიან.

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად პოლონეთი, ირანი და ჩინეთიცაა, რომელსაც ამჟამად, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს როგორც აშშ-სთან, ასევე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რა თქმა უნდა, ნატოა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, ძირითადად, აშშ და შავი ზღვის აუზში ჩვენი უშუალო მეზობლები, ასევე რუმინეთი ბულგარეთი, თურქეთი და მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა არაა - უკრაინაც. ამას კიდევ ერთი ნიუანსი ემატება, რადგან შავი ზღვის აკვატორიაში შემოდის ახალი აქტორი - ირანის რესპუბლიკა, რომელიც თავის სამხედრო პოტენციალს კიდევ უფრო აძლიერებს და ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორიცა, რომელთან ძალიან მჭიდრო სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობა გვაქვს.

„მეორე მხრივ, ირანი აშშს-ის მტერია და ნატო-სთვისაც მოწინააღმდეგე ხდება, ხოლო რუსეთთან მიმართებით კი მისი სტრატეგიული პარტნიორი ხდება. საინტერესო სიტუაციაა თურქეთთანაც, რომელიც, პრინციპში, არის აშშ სტრატეგიული პარტნიორი და ნატო-ს წევრი, მაგრამ რეალურად, თურქეთსა და ამერიკას შორის იმდენადაა სიტუაცია დაძაბული, რომ მათს პარნიორობას პირობითად შეგვიძლია ეს სახელი დავარქვათ. თურქეთი რუსეთთან ავითარებს ურთიერთობას.

„პარადოქსული სიტუაციაა - შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს ძალები იკრებენ ძალას, ამერიკელებიც შემოდიან ხოლმე მცირე საბრძოლო კატერებითა და სხვა ტიპის გემების მეშვეობით, ახორციელებენ წვრთნებს, მაგრამ კავკასიის რეგიონში სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია - კავკასიაში 3 ჰეგემონი ქვეყანაა - რუსეთი, ირანი, თურქეთი და მათ ერთმანეთთან გააჩნიათ მჭირდო ურთოერთობა. ამ სამივე ქვეყნის ინტერესი, ფაქტობრივად, ამერიკელებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების არშემოშვებაა რეგიონში.

„ემატება ჩინეთის ფაქტორიც, რომელიც ზრდის თავის გავლენას, რადგან ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები შავი ზღვისპირეთში, ასევე, დიდი ინტერესი აქვს ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, ხოლო ყველაზე მოკლე გზა ახლო აღმოსავლეთში გავლენის გასაზრდელად, ეს არის კავკასია - კასპიისპირეთის რეგიონი და ამიტომ ცდილობს ჩინეთი თავისი გავლენის გაზრდას.

"ამავედროს ის ჩვენი ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რადგან ჩინეთთან დადებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საქართველოს მეოთხე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და საკმაოდ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთოებაც გვაკავშირებს მათთან.

"პარადოქსი ისაა, რომ ჩინეთი, ფაქტობრივად, ამერიკის მტერია უკვე. საქართველოს, გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ რუსეთთან გააჩნია რთული დამოკიდებულება, მაგრამ დასავლეთის ორ მოწინააღმდეგესთან გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა.

"ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ისიც აჩვენა, რომ მიუხედავად დაძაბული ურთიერთობისა, რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო ეკონომიკის საკითხებში

„ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებთან და, რა თქმა უნდა, პოლონეთთან, რომელთანაც ძალიან მჭიდრო ურთოერთობა გვაქვს და შემიძლია, რომ ის დაავასახელო ამერიკის შემდეგ საქართველოს მეორე, ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად.

"პოლონეთი დღითი-დღე ძლიერდება და საქართველოს მთავრობას შემიძლია ვურჩიო, რომ პოლონეთის გამოცდილება გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების დარგში", - დასძენს მაისაია.

პოლიტიკური ექსპერტი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ საქართველოს დღეს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავად გაუწიოს წინააღდმდეგობა რუსეთს და ამიტომ საჭიროა, რომ ვიმოქმედოთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად.

„ჩვენი სტატეგიული პატნიორი დღეს და ბოლო ათწლეული განმავლობაში არის დასავლეთი, კონკრეტულად, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, რომლებიც დაინტერესებულები არიან იმაში, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია შეიქმნას შავი ზღვის რეგიონში, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ეს რეგიონი გახდა ძალიან მილიტარიზირებული, სადაც თავმოყრაა სამხედრო-საზღვაო ძალების.

"ბუნებრივია, ეს ქმნის გარკვეულ დაძაბულობას. საქართველოსთვის პარტნიორების მხრიდან დახმარება, გემების დროდადრო გამოჩენა ფოთისა და ბათუმში, ძალიან მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, რომელიც ცდილობს, რომ შავი ზღვის რეგიონში მოიპოვოს გარკვეული უპირატესობა დასავლეთთან შედარებით.

„დღეს ჩვენ არ გვყავს ფლოტი და არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ რუსეთს რაიმე სახის წინააღმდეგობა გავუწიოთ და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია - ამ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მოქმედებაა. ამაზეა მთელი ჩვენი სტრატეგია გათვლილი" - ამბობს კაკაჩია.

ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მოკავშირე ქვეყნისთვის დახმარების გაწევას გულისხმობს, მათ შორის, სამხედრო დახმარებაზეაა საუბარი:

„სტრატეგიული პარნიორობა გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ქვეყანა შენ გეხმარება სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში, ფაქტობრივად, შენი პოლიტიკური მოკავშირეა, ეკონომიკური კუთხით ხარ ძალიან დაკავშირებული და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა სამხედრო სფეროში - ჩვენ სამხედრო თანამშრომლობა გაგვაჩნია მხოლოდ დასავლეთის სახელმწიფოებთან. ეს გულისხმობს ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებას, შეიარაღების ყიდვას, სამხედრო ინსტრუქტორების როლი ქვეყნის თავდაცვის საქმეში და ერთობლივი პროექტების განხორციელება.

„საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გაგვაჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თურქეთთან და ა.შ. შეიარაღებას, ფაქტობრივად, აშშ-სგან ვიღებთ. ცეცხლსასროლი იარაღებიც უკვე ნატო-ს სტანდარტების მიხედვით გვაქვს შეძენილი ამერიკული წარმოების და სამხედრო ფორმაც ამერიკული სტანდარტებითაა დამუშავებული და ა.შ. გარდა ამისა, ამერიკის მხარე გვეხმარება, რომ ჩვენი ინტერესები გათვალისწინებულ იქნას ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანებისთვის.

„უნდა ვაღიაროთ სამწუხარო რეალობა, რომ რეგიონალურ დონეზე საქართველო სუსტი ქვეყანაა, თუ შევადარებთ სომხეთის, თურქეთის, ირანისა და აზერბაიჯანის ძალებს.

"ჩვენ, ელემენტარულად, ოკუპაციასაც ვერ ვიგერიებთ, რაც სამწუხარო რეალობაა. ბუნებრივია, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია, რათა ეს სისუსტე როგორმე გამოვასწოროთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო მისიებში და საერთაშორისო უსაფრთხოების შემქმნელები გავხდით.

კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორი არის ქვეყანა, რომელიც დახმარებას უწევს თავის მოკავშირეს სხვადასხვა საკითხებში:

„სტრატეგიული პარტნიორები ის სახელმწიფოებია, რომელიც ჩვენ გვეხმარებიან, მათ შორის, სამხედრო საკითხებში. წვრთნები, რომელიც ტარდება ნატო-ს ეგიდით და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჯერჯერობით არ არის ნატო-ს წევრი და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს მოკავშირეები, ეს დახმარება უნდა მოვიაზროთ, როგორც პარტნიორებისგან გაწეული დახმარება.

„თუნდაც, ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე ქვეყნის გაერთიანებით და ნატო-ს ეგიდით ჩატარდა ყოველწლიური სამხედრო წვრთნები და საქართველოში იმართება. ეს საკმაოდ დიდი დახმარებაა.

"გარდა ამისა, ცალკე აშშ-სა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს აქვს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ბრძოლისუნარიანი ჯარი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვართ.

„ეს წვრთნები რომ არ იყოს, მათ შორის, საერთაშორისო მისიები, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს აძლევს პროფესიონალიზმის ამაღლების საშუალებას, ძალიან გაჭირდებოდა, რადგან ჩვენ არ ვართ არცერთი რეგიონალური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი", - თქვა მან.

წყარო: რეზონანსიскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია