ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგი უშედეგო მცდელობაა - საგარეო უწყება

სტატიის ავტორი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს აფხაზეთის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგი უშედეგო მცდელობაა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

იმ ფონზე, როცა აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს საოკუპაციო ძალა, ბუნებრივია, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, სრულად ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იმართება. როგორც საოკუპაციო რეჟიმი იუწყება, „პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძვის და მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა“. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მოწყობილია „35 საარჩევნო ოლქი და 152 უბანი“.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში „ოპოზიციონერი კანდიდატის“ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ოპოზიციამ“ ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს. ეს რიგით მეშვიდე ე.წ. არჩევნებია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმართება.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх