საიტი იმყოფება BETA - ტესტირების რეჟიმში, თუ შეამჩნევთ რაიმე ხარვეზს აუცილებლად დაგვიკავშირდით.
საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ბახტაძე: უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი უნდა დაინერგოს

personuser access_time1-11-2018, 13:24
ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენცია იმართება. კონფერენციაზე სიტყვით საქრთველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გამოვიდა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უნიკალური რეგიონული ფორუმია, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში თავს უყრის მაღალი რანგის სტუმრებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

ბახტაძის განცხადებით, ამ წლის ფორუმის საკითხები ბოლო დროს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. პრემიერმინისტრის განცხადებით, დღეს თავდაცვის ხარჯებისთვის ქვეყნის მთიანი შიდა პროდუქტის 2%-ია გამოყოფილი და ასევე 20%-მდეა გაზრდილი ძირითად თავდაცვით შეიარაღებაზე.

პრემიერმა ნატოსთან საქართველოს დაახლოების მნიშვნელობაზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ნატოსთან დაახლოება ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოსა და რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის.

"აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს მსოფლიო უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი, ჩვენი სამხედროების სამაგალითო სამსახურს, რამაც სახელი გაუთქვა ქართველ მეომრებს, როგორც უშიშარ და თავდადებულ ჯარისკაცებს. მსოფლიოში მშვიდობისათვის ბროლას, სამწუხაროდ, ქართველი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლეც ემსხვერპლა. პატივი მინდა მივაგო მათ ხსოვნას. ასევე გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო საერთაშორისო მისიებში დაშავებულ ჩვენს სამხედროებს.

დღეს, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ნატოს ჯარისკაცებთან ერთად 870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ებრძვის ყველაზე დიდ გამოწვევას - საერთაშორისო ტერორიზმს, ხოლო ევროკავშირის ეგიდით ჩვენი სამხედროები იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე განხილული იქნება როგორც გლობალური, ისე საქართველოს უსაფრთხოების გარშემო არსებული ვითარება და ტენდენციები, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის კონტექსტში. რა თქმა უნდა, უნდა ვიმსჯელოთ რეგიონული უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობით ოკუპაციას, ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაციას, ასევე ჰიბრიდული ზემოქმედების მექანიზმებსა და სხვა რისკებს", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ შეეხო საქართველოს ოკუპაციის თმას, როგორც ქვეყნის უმთავრეს გამოწვევას.

"დღეს, სამხედრო ინტერვენციიდან 10 წლისთავზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირდაპირ ვიტყვი, არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. რეგიონების მზარდი მილიტარიზაციის გამო, სულ უფრო ღრმავდება დეპოპულაცია, კატასტროფულად მცირდება მოსახლეობის რაოდენობა. შექმნილია უმძიმესი პირობები ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
მავთულხლართები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები.
რუსეთი დღემდე არ ასრულებს 2008 წელს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ხოლო საქართველომ ეს შეთანხმება სრულად შეასრულა, ჩვენ ავიღეთ ამავე დროს ძალის არგამოყენების პასუხისმგებლობა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ოკუპაცია და კანონიერების უხეში ხელყოფა, უსაფრთხოების მხრივ არსებული მძიმე ვითარება, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპანტის მიერ გახშირებული სამხედრო სწავლებები და უკონტროლო იარაღის შემოტანა საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ბახტაძემ დასძინა, რომ ამ გამოწვევებზე საქართველოს პასუხი არის მხოლოდ მშვიდობა და განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის მიზანიც, ბახტაძის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ახალი ეკოსისტემის შექმნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ; ასევე, საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების წახალისება და ურთიერთობების აღდგენა.

"ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი და პრინციპული უნდა იყოს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპის სადარაჯოზე, რადგან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვა არის ერთადერთი გზა მსოფლიოში იმისკენ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება.

სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაინერგოს „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი. დღევანდელი კონფერენცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ პრინციპზე და შევაჯეროთ პოზიციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობრებს მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კონფერენცია შედგება ხუთი ინტერაქტიული სესიისგან. პირველი სესიის თემაა „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავება,“ რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ გაუძღვება. მეორე სესიაზე განიხილება ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები, ხოლო მესამეზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი უმასპინძლებს, მონაწილეები იმსჯელებენ ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე. კონფერენციის მეოთხე სესიის თემაა: ნატოს „ღია კარის პოლიტიკა“ ბრიუსელის სამიტის შემდეგ. ამ სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ გაუძღვება. მეხუთე სესია გაიმართება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან პარტნიორობით და მასზე განიხილება „შავი ზღვის გეოპოლიტიკა - ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივები.“скачать dle 12.1





content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია