საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდნენ

სტატიის ავტორი

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ქართველი ტრავმატოლოგის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ექიმები, რამონ კუგატი და მონსერატ გარსია ბალეტბო შეუერთდნენ. ცნობილი ექიმების მიმართვა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მათი თქმით, ისინი ექიმს იცნობენ და დაუყოვნებლივ მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ. მას იმ დროიდან ვიცნობთ, როცა ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილი, დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესების გამო არ წასულა. მისი, როგორც ექიმის ერთადერთი მიზანი, პაციენტის მონახულება იყო.

უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განიხილონ და გთხოვთ, ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რომ მისი, მისი ოჯახისა და მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რითიც შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ.

გვერწმუნეთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო“, - წერენ „ბარსელონის“ ექიმები.

20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის ციხეში ექიმს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.

სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს დღეებში გაათავისუფლებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის“ ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას შეუერთდნენ
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх