ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს

სტატიის ავტორი

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს.

ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთოს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ა.წ. 9 ნოემბერს საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ექიმის დაკავების თაობაზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა; ქართული მხარის თხოვნით, ამოქმედდა ცხელი ხაზი, პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები და წითელი ჯვარი. ელჩმა ასევე ისაუბრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო გართულებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და აშშ-ის დელეგაციებმა. მათ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვეს რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო.

გამომსვლელებმა აღნიშნეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულფასოვანი შესრულებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვების აუცილებლობა. მათ ხაზი გაუსვეს დაკავებული ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების აღდგენის საჭიროებას.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ექიმის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს. 20 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის ციხეში ექიმს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ამავე მიზნით აქციებს ქართველი ექიმებიც მართავენ.

19 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.

მოგვიანებით, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა და გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх