საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“ორსულთა და დედათა სკოლა“ – “იავნანას“ სპეციალისტების რჩევები მომავალ დედებს

personuser access_time16-11-2018, 20:55


ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით , უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისგან, ხშირად, მცდარ რჩევებს ვიღებთ და მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს წარმატებით ვნერგავთ საკუთარ პრაქტიკაში - შვილების აღზრდის დროს.
ეს ტენდენცია ბოლო წლებში, გორში დადებითად შეიცვალა. მომავალ ან ახალბედა დედებს საშუალება აქვთ, ბავშვის მუცლადყოფნისა და მისი დაბადების შემდგომ პერიოდზე საჭირო ინფორმაცია სპეციალურად, მათთვის შექმნილ სკოლაში მიიღონ.
ფსიქოლოგიური მომზადება მშობიარობისთვის, ნაყოფის ზრდა-განვითარება თვეების მიხედვით, მომზადება პატარასთან შესახვედრად და ბავშვის მოვლის მეთოდები- ეს იმ ძირითადი საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მომავალი დედები ინფორმაციას “ორსულთა და დედათა სკოლაში “ იღებენ. პროფესიონალი ექიმების ჯგუფმა წლების განმავლობაში 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა მოამზადა დედობისთვის.

“ამ სკოლის შესახებ ჩემი თანამშრომლისგან გავიგე და გადავწყვიტე დავსწრებოდი. რომ იცოდეთ, სამსახურიდან გავიპარე, რადგან სხვაგვარად ვერ მოვხვდებოდი იქ. იმ პერიოდში ერთი ბავშვი უკვე მყავდა, მაგრამ ბევრი რამ არ ვიცოდი და ვიფიქრე, იქნებ საჩემოც თქვან რამე-თქო. თურმე მეორე ბავშვზე ვყოფილვარ ორსულად - ეს მალევე გავიგე. მერწმუნეთ, იმდენი რამ გავიგე რაც მანამდე არ ვიცოდი ვერ წარმოიდგენთ. მეორე შვილი უკვე კარგად მომზადებულმა გავაჩინე და მათ აღზრდასაც, პროფესიონალთა რჩევების გათვალისწინებით ვაგრძელებ“- ამბობს სემინარის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც სიახლეების მოსასმენად ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.

“ახალგაზრდები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა აქვთ, ორსულობასაც სწორად ნერგავენ და დედობაც უკეთესად გამოსდით. მეც ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც “იავნანაში“ დადის და სემინარებს ესწრება. მინდა, მშობიარობის შემდგომ შვილი დამოუკიდებლად გავზარდო, ისე როგორც საჭირო და სწორია“-ასეთია კიდევ ერთი მომავალი დედის აზრი.



დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანას“ ბაზაზე “ორსულთა და დედათა სკოლის“ შექმნის იდეის ერთ-ერთი ავტორი კლინიკის ექიმი-პედიატრი მარინა ღარიბაშვილია. თავის დროზე მის ინიციატივას მხარი დირექციამაც დაუჭირა და სემინარი, ორსულთა პირველი ნაკადისთვის ხუთი წლის წინ ჩაატარეს.

“ორსულთა და დედათა სკოლა“ არის “იავნანას“ საჩუქარი ქალაქისთვის. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. ღონისძიება უანგაროა და თან, არაერთი საჩუქრით ახალისებს დამსწრეებს. შეხვედრები ეწყობა თვეში ერთხელ. დედებსა და მომავალ დედებს, ბავშვთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე ვაწვდით ინფორმაციას. ვასწავლით ძუძუთი კვების პრიორიტეტებს, ახალშობილის მოვლას, ვირუსებთან ბრძოლას, ყოველ შეხვედრაზე სხვადასხვა თემებია შერჩეული. ჩვენ პასუხებს ვცემთ დედების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას. ალბათ არსად არ იკრიბება 100 ორსული, რომ ელაპარაკონ ძუძუთი კვებაზე. ბევრჯერ უკვე მოყავთ და ესწრებიან პატარებთან ერთად. იძახიან,რომ ენატრებათ აქ ყოფნა. შეხვედრის შემდეგ მოდიან ორსულები, გვკოცნიან და სურათებს იღებენ ჩვენთან ერთად. ეს დღე არის დიდი ზეიმი კლინიკაში. სადაც გაიხედები, ყველგან ორსულები დადიან. სემინარს ატარებს ლექტორების ჯგუფი.
გინეკოლიგი მარინა ხინჩიკაშვილი, უფროსი ბებია ნინო ბაშარული, მთავარი მედდა ხათუნა მიქელაძე, სამშობიაროს მთავარი ექთანი მზია ლომიძე. დირექტორიც ძალიან გვიწყობს ხელს, ის ასპონსორებს ამ ღონისძიებას “- გვიყვება მარინა ღარიბაშვილი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია.

დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანა“-ს ბაზაზე შექმნილი - “ ორსულთა და დედათა სკოლა“ უკვე 5 წელია ფუნქციონირებს. სამედიცინო ცენტრში სემინარზე დასასწრებად, ყოველთვიურად 100-ზე მეტი ორსული და დედა მიდის, რომლებიც საჭირო ცოდნის მიღებასთან ერთად, სამშობიაროსაც ეცნობიან და მცირე ექსკურსის საშუალებით იგებენ, როგორ გარემოში დაიბადებიან მათი პატარები. ღონისძიების კულმინაცია კი, ტორტია, რომელსაც ყველა ერთად , საზეიმოდ ჭრის.



ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია