გზავნილი ცხინვალიდან და ქართულ-ოსური მეგობრობის ისტორიის გაგრძელება - 27 წლის შემდეგ

სტატიის ავტორი

ომის დროს თავის გადარჩენაა უმთავრესი. მას შემდეგ კი, როდესაც სამშვიდობოს გახვალ ნელ-ნელა აანალიზებ რა გადაგხდა, რისი დაკარგვა მოგიწია და ცდილობ ახალ რეალობას შეეგუო.
ზოგმა ადამიანმა მოახერხა და საყვარელი ნივთების მცირე ნაწილი გადაარჩინა, თუმცა, არიან ოჯახები, რომლებიც ხელცარიელები გაექცნენ ბომბების წვიმას.
ასეთების რიცხვში აღმოჩნდნენ მაისურაძეები, მათ ცხინვალში მიტოვებული ქონებიდან მხოლოდ ერთი ენანებოდათ- საოჯახო ფოტოალბომი.

კადრად ქცეული ეპიზოდების შენახვა, ახლა პაწაწინა მეხსიერების ბარათზეა შესაძლებელი, რომელსაც ყველგან წაიღებ. ადრე კი, სხვაგვარად იყო. ამისთვის სქელტანიან ფოტოალბომებს იყენებდნენ,რომლებიც მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ, როდესაც სტუმარი ითხოვდა მის დათვალიერებას.

“ეს ქალი ჩემი ბიბიაა. ეს კი, მისი ცხინვალელი მეგობარი, ეროვნებით ოსი - მალინა. ბებო ძალიან ბევრს მიამბობდა მასზე. გული სწყდებოდა, მის ნახვას, რომ ვეღარ ახერხებდა“- მიყვება მარიამი და სათუთად ფურცლავს ძველ ალბომს.

ფოტო მოწყვეტილი წამივითაა. ის ბევრ ემოციას, განცდას ინახავს. მათი დათვალიერებისას კი, ადამიანს მნიშვნელოვანთან ერთად, უმნიშვნელო მოვლენაც ახსენდება.
მე ფოტოზე ვხედვავ ადამიანებს, რომელთა მეგობრობას დრომ და მანძლილმა ვერაფერი დააკლო. ვუყურებ ბედნიერ სახეებს, რომლებიც, ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდნენ მოვლენების ასეთ განვითრებას. მზერა მარიამზე გადამაქვს და ვცდილობ გამოვიცნო მისი განცდები.
ჩემს წინ ზის სიფრიფანა გოგო. სადა გარეგნობით და დახვეწილი მანერებით. წაბლისფერი თმა ლამაზად აქვს შეკრული. სახეს დიდრონი თვალები და ალუბლისფერი ტუჩები უმშვენებს, რომლებიც მღელვარებისგან დრო და დრო უფერმკრთალდება.

„ცოტა ხნის წინ ამანათი მივიღე- ფიქრი მარიამის ხმამ შემაწყვეტინა.
გავხსენი და ძალიან გამიკვირდა. მასში გამხმარი ყვავილები და რამდენიმე ძველი საოჯახო ფოტოალბომი იდო. ალბომები რომლებიც ჩვენ დიდი ხნის განადგურებული გვეგონა. გული ამიჩქარდა და თვალებზე ცრემლები მომადგა. გადავშალე და დავიწყე ფოტოების დათვალიერება. თითქოს წარსული გაცოცხლა. მახსენდებოდა ისტორიები რომლებსაც ბებო მიამბობდა და თითქოს მეც იმ ეპიზოდებში ვარსებობდი. თითქოს მშობლიური ცხინვალის ქუჩებში დავაბიჯებდი, რომელიც არასოდეს მინახავს. სიტყვებით ვერ აღვწერ ამ განცდებს“.

მარიამი მღელვარედ მიყვება ცხინვალის ომიდან, 27 წლის შემდეგ გამოგზავნილი ნივთების ისტორიას. მალინასაც, მისი ასაკის შვილიშვილი ჰყოლია, რომელმაც, მაისურაძეებისთვის, ბებიის შემონახული ნივთების გამოგზავნა მოახერხა.

“მას ელსა ჰქვია. არ ვიცი როგორ გაიგო ჩვენი მისამართი. გზავნილს წერილიც მოჰყვა, სადაც ბევრ რამეს გვიყვებოდა. ალბომებთან ერთად ასევე იყო, ფურცელში სუფთად გახვეული, გამომშრალი ყვავილები. ჩემი ოჯახი ცხინვალში, კოპწია სახლში ცხოვრობდა, პატარა ეზოთი, სადაც ყვავილების ბაღი ჰქონდათ გაშენებული. ბებოს განსაკუთრებით ყვარებია ერთი ყვავილი, რომელიც შემდეგ მალინამაც დარგო. ყოველ წელს თითოს ინახავდა. ახლა აქ 25 ცალია, მეტი აღარ უცოცხლი თურმე“- თეთრი, სიძველით ოდნავ ფერშეცვლილი ყვავილები მაჩვენა მარიამმა, მისი სახელი არცერთმა ვიცით. უდაოდ ლამაზია.

22 წლის მარიამ მაისურაძე სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული ოჯახიდანაა. ის დევნილობაში დაიბადა. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, მის მშობლებს გამგზავრება და სამსახურის შოვნა საზღვარგარეთ მოუხდათ. შვილიშვილს ბებია ზრდიდა. მას არასოდეს უნახავას ცხინვალი, თუმცა მშობლიურ ქალაქზე ძალიან ბევრი რამ იცის.

“ ჩემი ოჯახი ომამდე ბედნიერად ცხოვრობდა, შემდეგ იყო დევნილობის მძიმე წლები. მე ბებიას გაზრდილი ვარ. მისი გარდაცვალების შემდეგ მშობლებთან წავედი. პერიოდულად ჩამოვდივარ საქართველოში. მჯერა, ერთ დღესაც, პირდაპირ მშობლიურ ცხინვალში დავბრუნდებით. მანამდე კი, აუცილებლად დავუკავშირდები მალინა ქოქოევის ოჯახს. მათთვის მადლობა მაქვს გადასახდელი, ჩვენი ოჯახის წარსულის დაბრუნებისთვის. ელსას საქციელი მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ კონფლიქტის მეორე მხარეს მცხოვრები ახალგაზრდები სიძულვილით ცხოვრებაზე უარს ნელ-ნელა ამბობენ. მჯერა ადრე თუ გვიან, საერთო ენასაც გამოვნახავთ და ქართველებსა და ოსებს შორის შერიგების პროცესი დაიწყება“-ასე დაასრულა ამბის მოყოლა ჩემმა რესპოდენტმა.

მე და ჩემი რესპოდენტი პატარა მაგიდასთან ვსხედვართ, რომელიც აივანზე დგას. იქიდან კი, ძალიან ბევრი დევნილის, სახლის ფანჯარას ვხედავთ. ეს ოჯახები წლების განმავლობაში ნგრევად შენობებში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. ახლა კი, ყველა ერთად, რამდენიმე რვასართულიანი შენობის ბინადარი გახდა. 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა, “პატარა ცხინვალს“ დაემსგავსა.


“ეს ერთი შეხედვით უბრალო ნივთები, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გახდა. დედას წლებია თავისი ბავშვობის ფოტო არ უნახავს. ეგონა რომ ომმა, სახლთან და სხვა ნივთებთან ერთად გაანადგურა. სამწუხაროდ ბებია გარდაიცვალა და ვერ მოესწრო ამ ამბავს. რამდენიმე ფოტო ავარჩიე, რომელსაც ჩარჩოში ჩავსვამ და თვალსაჩინო ადგილს მივუჩენ“.


სულმოუთქმელად ჩამოვირბინე მარიამის სახლის კიბეები. მზერაგაყინული გავემართე რედაქციისკენ. სახელს ვერ ვარქმევ განცდას, რომელიც ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ გამიჩნდა. ვცდილობ წარმოვიდგინო ომი, რომელმაც დაანგრია შენობები, ერთმანეთს დააშორა ადამიანები, თუმცა ვერაფერი დაკლო ურთიერთობებს- ოსი და ქართველი ქალების მეგობრობას. ყურში ჩამესმის ფრაზა, მალინას წერილიდან:

“ცხინვალიდან წასვლის შემდეგ, მხოლოდ თქვენ არ გისწავლიათ ცხოვრება დანაკარგის გარეშე. ჩვენც ვსწავლობდით უთქვენოდ ცხოვრებას - ეს კი, მერწმუნე ჩემო თამარ, იმაზე მწარეა, ვიდრე წარმოდგენა შეილება“.

ძნელია შეფასება მოუძებნო ამ ფრაზას. იმდენად ბევრია ორ წინადადებაში ნათქვამი. და, კიდევ უფრო ძნელია წარმოიდგინო რა განიცადეს ადამიანებმა, რომლების მშვიდობიანი თანაცხოვრება, კონფლიქტმა დაასრულა.

ურთიერთობის აღდგენისკენ გადადგმულ ნაბიჯებს კი, ვფიქრობ, ვერც მავთულხლართები დააკლებს რამეს და ხელოვნურად შექმნილი სხვა სახის ბარიერებიც უფერულდება.

სტატიის ავტორი: თამარ გოგოლაძეскачать dle 12.1








0
თარიღი: 13-10-2018, 20:06
0
1 178

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх