ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, ქართული ოცნების კანდიდატს, ზაზა ლომინაძეს, პოლიტიკურ დებატებში იწვევს


ოთარ კახიძის თქმით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა ლომინაძის საპროგრამო სიტყვა არ პასუხობს ქუთაისის პრობლემებსა და საჭიროებებს.

ოთარ კახიძე ზაზა ლომინაძეს იწვევს პოლიტიკურ დებატებში და როგორც კახიძე ამბობს, ის მზადაა იდებატოს ნებისმიერ სატელევიზიო არხზე, ლომინაძისათვის სასურველ დროსა და ფორმატში.

„მე ვთავაზობ ბარტონ ზაზა ლონინაძეს, რომ გავმართოთ პოლიტიკური დებატები და ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც თქვენ საპროგრამო სიტყვაში იყო საუბარი. მე შემოგთავაზებთ ევროპული საქართველოს ხედვას და განვიხილოთ საჯაროდ, ქუთაისელების სამსჯელოდ, ჩვენი საარჩევნო პროგრამები.

მე გთავაზობთ ნებისმიერ ტელევიზიას ამ პოლიტიკური დებატებისათვის, როგორც ადგილობრივს, ისე ცენტრალურს, ასევე მზად ვარ ეს იყოს სახელმწიფო ტელეარხები.

მნიშვნელოვანია ამომრჩეველს ჰქონდეს წარმოდგენა, რომელ პოლიტიკურ გუნდს რა ხედვა აქვს. მე წარმოვადგენ ევროპული საქართველოს გეგმას, თქვენ წარმოადგინეთ თქვენი გეგმა. მსაჯული კი იქნება ამომრჩეველი, რომელიც საბოლოო ვერდიქტს, 31 ოქტომბერს გამოიტანს.“ - აცხადებს ოთარ კახიძე.