,,გამოვკეთდი და ისევ არ მომეშვნენ, იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა" - ინტერვიუ რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთან


ოჯახის, მეგობრების და საყვარელი სამშობლოს დატოვება ყველას განსხვავებული მიზეზის გამო უწევს. მართალია, უმრავლესობა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მიდის, მაგრამ არიან ისეთები, ვისთვისაც სამშობლოს დატოვება გადარჩენის ერთადერთი გზაა. დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი 30 წელია რუსეთში ცხოვრობს და თავის ისტორიას მოგვიყვება.

- ემიგრანტების უმრავლესობას ეკონომიკური პრობლემის გამო მოუხდა სამშობლოს დატოვება, მე კი სიცოცხლის გადასარჩენად. 25 წლის ასაკში საქართველოს დატოვება, ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. სკოლა რომ დავამთავრე თბილისში გადავედი საცხოვრებლად, უნივერსიტეტში მოვეწყვე. ჩემი კურსელი შემიყვარდა-ხათუნა. მისი მამა ბიზნესმენი იყო და, რა თქმა უნდა, უქონელი და პროვინციელი სიძე არ უნდოდა. იმ პერიოდში ახალ ბიზნესსაც იწყებდა და პარტნიორის ვაჟი იდეალურ ვარიანტად მიაჩნდა ქალიშვილისთვის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გავიპარეთ მე და ხათუნა. ერთი კვირა ვიმალებოდით, სოფლიდან სოფელში გადავდიოდით, მაგრამ გვიპოვეს. ხათუნა ძალით წაიყვანეს. შემდეგ იყო განშორება, ხათუნა გაათხოვეს.

3 წლის მერე ისევ გამოვჩნდი, შემთხვევით კურსელის დაბადების დღეზე მოვხვდით ერთად. ეს ამბავი ქმრის ყურამდე ცუდად და გადაკეთებულად მივიდა. სადარბაზოსთან დამხვდნენ, დამჭრეს. გამოვკეთდი და ისევ არ მომეშვნენ, იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა. მაშინ კიდევ სხვა დრო იყო, 30 წელი გავიდა მას შემდეგ.

- საქართველოს დატოვების შემდეგ როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?

- რუსეთში წავედი, მეგობართან ერთად. მუშაობა დავიწყეთ, კარგად ავეწყეთ. მატერიალურად მოვძლიერდი. მუშაობასა და კარიერას ვუთმობდი ყოველ წამს, ხათუნა ქმართან ცხოვრობდა ისევ, 10 წლის მერე გარდაიცვალა- სისხლის გათეთრება ჰქონია. ცოლი მეც მოვიყვანე, ხათუნას გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე, თუმცა მალევე გავშორდით, ერთი ვაჟი მყავს.

- ძალიან სევდიანი ისტორიაა

- ასეც ხდება ცხოვრებაში, მე მას შემდეგ არავინ მყვარებია, აწი აღარც შემიყვარდება. ვცადე ოჯახის აწყობა და არ გამოვიდა, სიყვარულია ოჯახის საყრდენი. ვაგრძელებ მუშაობას, შვილთან ერთად დისშვილებს ვუვლი, ერთ-ერთი აქ ჩამოვიყვანე.

- საქართველოში დაბრუნება არ გაქვთ გეგმაში?

- არა, არ მინდა საქართველოში, ღრმა სიბერეში დავბრუნდები. დიდ რუსეთში ჩემი ოჯახია პატარა საქართველოა.