,,რკინის ლედი“ - გზა დახლიდარის ქალიშვილიდან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობამდე


,,არასდროს მძინავს დღე- ღამეში ოთხ-ხუთ საათზე მეტი. ჩემი ცხოვრება - ჩემი სამსახურია. ზოგი მუშაობს იმისთვის, რომ იცხოვროს, მე კი ვცხოვრობ იმისთვის, რომ ვიმუშაო"- წერდა პროვინციული გრანტჰემის მკვიდრი, დახლიდარის ქალიშვილი, მარგარეტ ჰილდა რობერტსი. ქალი, რომელიც მთავრობის მეთაური და ბარონესა სელფ-მეიდ-ვუმენი გახდა, ანუ, მან თავად შექმნა საკუთარი თავი.

მარგარეტის აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა მამამ, ყოფილმა დახლიდარმა. სწორედ მან ჩაუნერგა ქალიშვილს მიდრეკილება პოლიტიკისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობისკენ.

1979 წელს, ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, შეძლო ქვეყანის ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა. ბევრი ლანძღავდა, ბევრსაც სძულდა და ამის მიუხედავად, ხელისუფლების სადავეები მას XX საუკუნის ყველა პოლიტიკურ ლიდერზე მეტხანს ეჭირა.

პრემიერის პოსტზე ყოფნის დროს ტეტჩერმა კიდევ უფრო განიმტკიცა შეუდრეკელი და მტკიცე ნებისყოფის მქონე პოლიტიკოსის სახელი. მან მიზნად დაისახა, თავისი გავლენის ქვეშ მოექცია მინისტრთა კაბინეტი და უკომპრომისო ბრძოლა გამოეცხადებინა მოწონააღმდეგებისათვის. ის არასდროს ერიდებოდა მკაცრი და დაუნდობელი ტონით ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლების მხილებას. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც ტეტჩერს მეტ-მაკლებად გამოსდიოდა თანამშრომლობა, დედოფალი ელიზაბეთ მეორე გახლდათ.

1982 წლის გაზაფხულზე მარგარეტ ტეტჩერმა მყისიერი რეაქცია მოახდინა არგენტინული შენაერთების გადმოსხმაზე ფოლკლენდის კუნძულებზე და საკამათო არქიპელაგისკენ სამხედრო-საზღვაო ესკადრა გაუშვა. 14 ივნისს არგენტინამ კაპიტულაცია გამოაცხადა, ხოლო მარგარეტ ტეტჩერის ავტორიტეტმა არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

1987 წელს იგი XX საუკუნის პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა, რომელიც მესამე ვადით აირჩიეს. თუმცა, 1990 წელის ბოლოს ტეტჩერზე იერიში კოლეგებმა კაბინეტის იმ წევრებმა მიიტანეს, რომელთაც მართვის მისეული სტილი მეტისმეტად ავტოკრატული ეჩვენებოდათ და ტეტჩერი გადადგა.

,,რკინის ლედის 4 ყველაზე ცნობილი ციტატა:

1)საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად, ხანდახან გიწევს რამდენჯერმე მოიგო ერთი და იგივე ომი.

2) თავისუფლება შეუძლებელია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე.

3) ევროპა არასდროს გახდება ამერიკა, რადგან ევროპა ისტორიის ნაყოფია, ხოლო ამერიკა - ფილოსოფიისა.

4) 10 წამი საკმარისია იმისათვის, რომ შემექმნას შეხედულება პიროვნებაზე. როგორც წესი, პირველი შთაბეჭდილება იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე არასწორი.