ზურაბ ჯაფარიძე: ,, გადავწყვიტე, გირჩის სახელით, კენჭი ვიყარო“


ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს, - ამის შესახებ მან საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

რამდენიმე კვირის წინ, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოთიშოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით, გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე.

მე საჯაროდ დავუჭირე მხარი ევროპული საქართველოს კანდიდატს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, - ელენე ხოშტარიას და ვრჩები ამ გადაწყვეტილების ერთგული. ამავე დროს, იმის გამო, რომ დროში გაიწელა, თბილისის 6 ოლქის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაერთოს მაჟორიტარულ არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჩემი აქტიური ჩართულობა გირჩის წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით, რთულად წარმომიდგენია გირჩის მონაწილეობა მაჟორიტარულ არჩევნებში ისე, რომ მე არ ვიყო კანდიდატი რომელიმე მაჟორიტარულ ოლქში. ამიტომ, გადავწყვიტე, გირჩის სახელით, კენჭი ვიყარო თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში.

წინასწარი კონსულტაცია მქონდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან, რომლებმაც დამიდასტურეს საკუთარი კეთილგანწყობა ჩემს ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. იმედი მაქვს, ეს კეთილგანწყობა გადაითარგმნება პოლიტიკურ მხარდაჭერაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საბჭოთა საქართველოზე ოცნებიდან ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იქნება -ნი გია ვოლსკი, რომელსაც ამ წუთიდან ვიწვევ საჯაროდ სასაუბროდ ქვეყნისთვის საჭირბოროტო ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ იქნება ეს დეოკუპაცია, მისთვის მისაღებ ნებისმიერ მედია პლატფორმაზე, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.