შსს: ,,ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. და 1992 წელს დაბადებული ი.კ.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთის მოქალაქის - პ.ქ.-ის და ავსტრალიის მოქალაქის - ჯ.ფ.-ის სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს.

ლ.ი.-მ და ი.კ.-მ ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 16100 ლარს, ლეპტოპს, მობილურ ტელეფონებს და შემთხვევის ადგილიდან ჯ.ფ.-ის კუთვნილი ავტომობილით მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი მომხდარიდან მალევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მიტოვებული იპოვეს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.