პოლიციამ ხელვაჩაურში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 3 პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ს., 1996 წელს დაბადებული გ.ნ. და 1995 წელს დაბადებული რ.პ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის საათს, საფულეს და ცეცხლგამძლე სეიფის გასაღებს. ამავდროულად საცხოვრებლის პატრონს -1969 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს, სახის არეში დაზიანება მიაყენეს და ნაქურდალი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.