ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ახალი სიცოცხლე - იხილეთ ფოტოები


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ვანის ახლადრეაბილიტირებული არქეოლოგიური მუზეუმის შენობა და მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიცია დაათვალიერა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცე. მუზეუმში უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

ვანის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა.