გია ყანჩელს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა


გენიალური შემოქმედი გია ყანჩელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც მოახერხა და არა მარტო სამშობლოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც გაითქვა სახელი.

მას შექმნილი აქვს მუსიკალური ნამუშევრები ისეთი ცნობილი სპექტაკლებისთვის, როგორებიცაა „კავკასიური ცარცის წრე“, „ხანუმა“, „შერეკილები“ და „მიმინო“. მისი კომპოზიციების ალბომები კი, იქნება ეს „ქარის მერე” თუ Themes from the Songbook, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებებიც. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

გამორჩეული ქართველი შემოქმედი გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს თბილისში დაიბადა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.

1972-1990 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება:

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება ოპერა „და არს მუსიკა“ (1983 წ.), ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ — ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის „არ დაიდარდო", „ქვევრი", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”, „არაჩვეულებრივი გამოფენა", „მიმინო“, „ქინ-ძ-ძა“, „შერეკილები", „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”, „როცა აყვავდა ნუში" და სხვა.

არაჩვეულებრივი გამოფენა

1967 წელს ელდარ შენგელაია “არაჩვეულებრივი გამოფენის” გადასაღებად ემზადებოდა. მუსიკას იგი თავის პირველივე ფილმებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მას სჭირდებოდა კომპოზიტორი დრამატურგიული, მონტაჟური აზროვნებით. “არაჩვეულებრივ გამოფენაზე” მუშაობა თითქმის დაწყებული იყო, როცა ელდარ შენგელაიამ თავისი თაობის ხელოვანის, გია ყანჩელის, პირველი სიმფონია მოისმინა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ გია ყანჩელის მუსიკა “კინემატოგრაფიულია”. აქედან დაიწყო მათი შემოქმედებითი კავშირი, რომლის შედეგი უამრავ ლეგენდარულ და უკვდავ ნამუშევარში სამუდამოდ დარჩება.

შერეკილები

1974 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო ფილმი „შერეკილები“, რომლის მუსიკაც ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. მომღერალი ნანი ბრეგვაძე ფილმის მუსიკის შესახებ იხსენებს: „გია ყანჩელის მუსიკას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს - ომპოზიტორი თითქმის არასდროს იყენებს ფოლკლორს. ამ თვალსაზრისით ელდარ შენგელაიას გარკვეული პრობლემა შეექმნა „შერეკილებზე“ მუშაობისას. მთელი ეს ფილმი ხომ ფოლკლორული მოტივებისგან უნდა აწყობილიყო. ბოლოს გადაწყდა, ფილმის მუსიკა გია ყანჩელთან ერთად ჯანსუღ კახიძეს დაეწერა. ექსპერიმენტმა გაამართლა. მუსიკალური სიჭრელე ძალიან მოუხდა ამ ფილმ-ზღაპარს, მაყურებლის ხსოვნაში კი დარჩა გია ყანჩელის ვალსი, რომელიც მართლაც რომ ფრენის განწყობილებას უქმნიდა მაყურებელს. ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია“.

2015 წელის გია ყანჩელის 80 წლის აღსანიშნავი საიუბილეო კონცერტები ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში "კონცერტჰაუზში" შედგა.

28 სექტემბერს კი ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში ქართველი კომპოზიტორის იუბილე აღინიშნა. მას უამრავალი საერთშორისო პრემია აქვს მინიჭებული.

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა, ის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

დიდებული კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული ხელოვნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობისთვის. მას გარდაცვალების შემდეგ მიეძღვნა არაერთი საღამო და კონცერტი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.