დიაბეტი: ნიშნები, რისკფაქტორები, დიაგნოსტიკა


დიაბეტი იმდენად გავრცელებული დაავადებაა, რომ მის შესახებ მეტ-ნაკლები წარმოდგენა თითქმის ყველას აქვს.მსოფლიოში თითქმის ყოველ მეთორმეტე ზრდასრულ ადამიანს დიაბეტი აქვს და მათი უმრავლესობა სრულფასოვან ცხოვრებას ეწევა.

რა არის დიაბეტი? - დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში მომატებულია გლუკოზის რაოდენობა. მონელების პროცესში საკვების უმეტეს ნაწილს ორგანიზმი გლუკოზად გარდაქმნის, რომელსაც სხეულის ყველა უჯრედი იყენებს ენერგიის წყაროდ. უჯრედებში შესაღწევად გლუკოზას სჭირდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც პანკრეასში – კუჭქვეშა ჯირკვალში წარმოიქმნება.

დიაბეტი მაშინ ვითარდება, როცა ორგანიზმი ან ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ინსულინს, ან სათანადოდ ვერ იყენებს მას. ვერც პირველ, ვერც მეორე შემთხვევაში გლუკოზა უჯრედებში ვეღარ აღწევს და ჭარბად გროვდება სისხლში, ეს კი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. განასხვავებენ დიაბეტის ორ ტიპს – პირველსა და მეორეს.

დიაბეტის ნიშნები:

შიმშილის გაძლიერებული შეგრძნება

წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება

შარდვის გახშირება

წონის უმიზეზო კლება

დაღლილობა და ძილიანობა

მხედველობის დაბინდვა

ჭრილობებისა და წყლულების შეხორცების, სისხლჩაქცვების გაქრობის გაჭიანურება

ხელებისა და ფეხების დაბუჟება, ჩხვლეტა

კანის, ღრძილების, შარდის ბუშტის, საშოს ინფექციების ხშირი გამწვავება.

გართულებები

თუ სისხლში შაქრის შემცველობა დიდხანს დარჩა მაღალი, გართულებათა რისკი მოიმატებს. სახელდობრ: თვალების დაზიანებისა და მხედველობის დაქვეითებისა, თვით სიბრმავემდეც კი.

სტატისტიკა

დიაბეტიანებს გულის ინფარქტისა და ტვინის ინსულტის 2-3-ჯერ მაღალი რისკი აქვთ.

სიბრმავის შემთხვევათა 2.6% დიაბეტის წილად მოდის.

დიაბეტი თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

დიაბეტი საქართველოში

უკანასკნელ წლებში საქართველოში დიაბეტის ზრდის ტენდენციაა. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, 2018 წელს შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის ახალი შემთხვევების 1%-ი 15 წლამდე ბავშვებში დაფიქსირდა. არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის მონაცემებით, გლუკოზის მომატებული მაჩვენებელი 18-69 წლის მოსახლეობის 2%-ს აღმოაჩნდა, სისხლში შაქრის შემცველობის მაღალი მაჩვენებელი კი - 4.5%-ს