„მე მგონია, თუ ერთს შევიყვარებ, სიკვდილამდის დამრჩება” - ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურიდან


„ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს - ის მდგომარეობის მონაა“, - მარო მაყაშვილი.

მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული.

დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს.

19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.

ნაწყვეტები მარო მაყაშვილის დღიურიდან:

„ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერება ფულშია. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ამ ფულის დახარჯვა თავისზედ კი არა. ამ ფულით სხვას შეიძლება მოუტანო ბედნიერება და მაშინ თვითონაც იქნები ბედნიერი“.

„უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ... ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?“

მარო, სამშობლოსა და მის თავისუფლებაზე:

„ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ - „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!“. არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს.

„მე მგონია, თუ ერთს შევიყვარებ, ეგ უკვდავია. სიკვდილამდის დამრჩება. თუ ვინმე კითხვას დამისვამს, აკი გქონდა კიდეც გრძნობა ერთხელო, რა სისულელეა, ბავშვური, უბრალოდ ცელქობა, ახლა სრულიად მოსაზრებით ვიქცევი“.

„ნუთუ ყოველი კაცი ეგეთი ეგოისტია, გაშმაგებული ცხოველი, რომელსაც არსებობა უნდა მარტო პირადი სიამოვნებისთვის და ბედნიერებისთვის? ნუთუ არ ეყოფა მას ერთი, არამედ უნდა ორი, სამი და მეტიც. სად არის სამართალი. მერე მეუბნებიან, თითქმის ყოველი მამაკაცი მაგისთანააო. არ მჯერა. მაგალითად, თუ მე მომივიდა, ჩავვარდი ისეთ მდგომარეობაში, რას ვიზამდი? თუ შემემჩნია, რომ ჩემ ქმარს აღარ ვუყვარვარ, დეე, ახდილად მითხრას, მაგრამ თუ მალავს, ქურდულად იქცევა, ორპირობას სწევს, მე მგონია, მასთან აღარ დავრჩებოდი ან რამეს უზამდი“.

,,დედა, მამა, როგორ ხართ? ჩვენ ისევ ტაბახმელაში ვართ. ღამე სადღაც დუქანში გავატარეთ. მთელი ღამე არ გვეძინა. ჯერჯერობით, სროლა არ ისმის. აქ კარგ პიროვნებებთან ერთად ვარ. თქვენ თავს გაუფრთხილდით. ხშირ-ხშირად შალიკოს ამბები გამაგებინეთ. მოკითხვა ყველას. რეზიკოს უთხარით, ნუ გამიჯავრდება. ამ ერთ საათში ზევითკენ მივდივარ. შესაძლებელია, კოჯორში კი არ წავიდეთ, არამედ, დაბლა.”

ბოლო წერილი ფრონტიდან: „…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო".

მაროს გარდაცვალების შემდეგ ორ თვეში გაჩნდა მისი და, რომელსაც მარიამი დაარქვეს, მაგრამ ნუგეშას ეძახდნენ. ის 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მაროს ნივთები ლიტერატურის მუზეუმსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა.

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.