გუშინ თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს არღვევდა - შსს


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს არღვევდა.

"გუშინ თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს არღვევდა, ამ ყველაფერმა კი ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პოლიციამ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მშვიდობიანი მიმდინარეობა უზრუნვლყო. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, ისინი ცდილობდნენ მოერღვიათ ჯებირები, ისროდნენ ბლაგვ საგნებს. ისინი ჯგუფურად ესხმოდნენ თავს სამართალდამცველებს და მათ არ ემორჩილებოდნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს სპეციალური საშუალება ფარი გასტაცეს. აქციის დროს დაზიანება მიიღო 14-მდე სამართალდამცავმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. პოლიციამ აქციის დროს, წესრიგისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე, 19 პირი დააკავა," - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.