24 წლის გოგო თვითმკვლელობისგან გადაარჩინეს – მან ბაჩალიაშვილის საქმის კოპირება სცადა


„ვერტერის ეფექტი“ – ასე უწოდებენ სპეციალისტები მოვლენეს, როდესაც სუიციდი გადამდები და მიმბაძველობითი ხდება.

ცნობილია, რომ გოეთეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“-ს გამოქვეყნებას თვითმკვლელობების მთელი ტალღა მოჰყვა და სწორედ აქედან მოდის ტერმინი „ვერტერის ეფექტი“.

ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სუიციდს ახასიათებს გადადების ეფექტი და თუ სხვა დაცვითი ფაქტორები არ მუშაობს, მსგავსი თემების აგრესიულმა გაშუქებამ შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

ფაქტი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, სწორედ ამის ნათელი დასტურია.

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, საკუთარი სახლიდან 24 წლის გოგო გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

გოგონას ახლობელი „პრაიმტაიმს“ უყვება, თუ სად და როგორ მიაგნეს მას.

აღმოჩნდა, რომ გოგომ თითქმის ერთი ერთში გაიმეორა ის სცენარი, რომელიც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ძირითად ვერსიად განიხილება.

მართალია ბაჩალიაშვილის ოჯახი ეჭქვეშ აყენებს თვითმკვლელობის ვერსიას, თუმცა ამ საკითხის საჯარო განხილვა, ხშირად უმნიშვნელო დეტალებამდეც კი, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს – მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? და თუ ეს მართლაც თვითმკვლელობა იყო, რატომ გაიარა ბაჩალიაშვილმა კილომეტრები და რატომ მოიკლა თავი მაინცდამაინც ტყეში?

კითხვები შესაძლოა ბევრი არსებობდეს, თუმცა, როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ძნელია იმის ახსნა, თუ რა ამოძრავებს იმ კონკრეტულ მომენტში ადამიანს, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი?

ზუგდიდში დაკარგულმა გოგომაც თითქოს ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული სცენარი გაიმეორა – ჩაჯდა საკუთარ მანქანაში, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, მივიდა ტყის პირას და თავის მოკვლის მიზნით წამლები დალია. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა და გოგონა გადაარჩინეს.

„პოლიცია ყველგან ეძებდა. დაიბარეს, მივიდნენ და გამოკითხეს ყველა, ვისაც შესაძლოა გოგოს შესახებ, ან მის მოსაძებნად საჭირო ინფორმაცია ჰქონოდა. მეგობარმა გაიყვანა პოლიცია კვალზე. წუთებზე მიუსწრეს და გადაარჩინეს” – ამბობს ახალგაზრდა გოგოს მეზობელი.

თვითმხილველების განცხადებით, გოგონას მეგობარმა, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, სამართალდამცველებს აცნობა ის ადგილები, სადაც შესაძლოა გაუჩინარებული გოგო ყოფილიყო.

რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად, ზუგდიდის მახლობლად ტყის პირას, დაუსახლებელ ადგილას გოგონას მანქანას პოლიციამ მიაკვლია.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელსაც აღმოჩნდა, რომ მედიკამენტები ჰქონდა მიღებული, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.

ფაქტის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით, სადაც მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვრცლად: პრაიმტაიმზე წაიკითხეთ