,,საქართველოში ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია, ზურგში დანას ჩაგარტყამენ და გეტყვიან - დაიმსახურეო“ - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი საბერძნეთიდან


ოჯახის, მეგობრების და საყვარელი სამშობლოს დატოვება, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის ძნელია. ყველას განსხვავებული მიზეზი აქვს და ყველა რთულ გზას გადის მაშინ, როდესაც ქვეყნის საზღვარს კვეთს.

ჩვენმა რესპოდენტმა 5 წლის წინ დატოვა სამშობლო და საბერძნეთში გაემგზავრა, ,,საქართველოში ახლობლებისგან მოყენებულ ჭრილობებს, დღემდე ვიშუშებო“ -ამბობს და თავის ისტორიას dianews.ge -ს უყვება.

ქობულეთიდან თბილისში სასწავლებლად ჩავედი, უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და შემართებით დავიწყე სწავლა. მასწავლებლობა მინდოდა ძალიან, წარმოდგენილიც კი მყავდა ჩემი მომავალი კლასი და მოსწავლეები. ვგეგმავდი მომავალს, რომელიც მხოლოდ ჩემს პროფესიას უკავშირდებოდა, მაგრამ ,,კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო,“ ხომ გაგიგიათ, ჰო და მეც ასე დამემართა. 18 წლის სასწავლებლად ჩამოსული რამდენიმე თვეში გავთხოვდი და ჩემი ბედნიერებაც ნელ-ნელა ჯერ გაიცრიცა, შემდეგ კი დასრულდა.

- რა მოხდა გათხოვების შემდეგ თქვენ ცხოვრებაში?

- პირველი თვე ,,ყურებამდე“ შეყვარებული ვიყავი და კარგად ვერ ვაცნობიერებდი, როგორ ვკარგავდი ყველა ჩემს ოცნებას. ქმარი უნივერსიტეტში სიარულს და სწავლას მიშლიდა, ამბობდა მატერიალურად არ მიჭირს და შენ სახლში უნდა იყო, დიასახლისობა გევალება მხოლოდო. უნივერსიტეტში რომ დავდიოდი კურსლებზე ეჭვიანობდა და ყოველ საღამოს, ჩვენი სახლიდან, მისი ყვირილის ხმა გადიოდა. შემდეგ დავიღალე ჩხუბით და სწავლას თავი დავანებე.

თუმცა ეჭვიანობა ამით არ დასრულებულა, როგორც კი სადმე გავიდოდი, იწყებოდა ჩხუბი და აურზაური, ,,შეხედე გიყურებს, იცნობ და მიმალავ ხომ?“ და ასე დაუსრულებლად. ამ ჩხუბში გავიდა 3 წელი, ბავშვი არ გვიჩნდებოდა, ქმარი დაუსრულებლად ეჭვიანობდა და ნასვამი თუ ბრუნდებოდა, მცემდა. მიზეზი ხან რა იყო, ხან რა. მაგალითად, გუშინ მაღაზიაში 15 წუთი რას ვაკეთებდი. მოკლედ ჩავაბარგე და მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი. ამ დროს ჩემს ძმას უკვე ცოლ-შვილი ყავდა და მულის სახლში დაბრუნება, რძალს, რა თქმა უნდა, არ გაუხარდა.

სამაგიეროდ, მე დავისვენე ცოტა ხნით, არც ჩხუბი იყო ირგვლივ, არც ყვირილი და თავისუფლად სუნთქვა შემეძლო. ძმისშვილებზე გადავერთე, ვსეირნობდი, თავისუფლებით ვტკბებოდი, სახეზე ბედნიერების ელფერი დამიბრუნდა.

ხოდა მოგეხსენებათ, ქართველებს უბედური ხალხი რომ გვიყვარს, სანამ ცუდად ვიყავი, თავს მევლებოდნენ, მერე კი დაიწყო: ქმარს იმიტო გაშორდი რომ აქა-იქა ხეტიალი გინდოდა? ისე 15 წუთი მაღაზიაში, მართლა, რას აკეთებდი? როდემდე უნდა იცხოვრო რძალთან, აბა შენთან მოსულიყო მული, გაგიხარდებოდა?

რძალი ბავშვებს ჩემთან ყოფნას უშლიდა, მშობლები ვერაფერს ამბობდნენ, შენი ძმა გვინახავსო.

ხალხმა ჭორაობა დაიყწო, თბილისიდან ჩამოსულ განათხოვარ გოგოს არავინ გაახარებს პატარა ქალაქში. საქართველოში ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანია, ზურგში დანას ჩაგარტყამენ და გეტყვიან - დაიმსახურეო, შენს ცხოვრებაში ისე ჩაერევიან, თითქოს მათია და არ გაგახარებენ.

თურმე, თავისუფლად სუნთქვა, რომ მინდა და ათასი ჭორი, ღვარძლი და ბოროტება მივიღე- დამიმსახურებია.

- თქვენი ქმარი არ გამოჩენილა?

- როგორ არა, პერიოდულად ჩამოდიოდა, ბოდიშებს მიხდიდა და პატიებას მთხოვდა, სახლში მეუბნებოდნენ, ოჯახს ნუ ანგრევო, დაუბრუნდიო. ჰოდა ჩავალაგე ბარგი და ათენში ჩამოვედი. მალევე ყოფილმა ქმარმა ცოლი მოიყვანა, მე მუშაობა დავიწყე.

დღეს წარმატებული ვარ, ჩემი პატარა კაფე მაქვს, თუმცა ჯოჯოხეთური 5 წელი გავიარე აქ, მაგრამ ის მაინც ვიცოდი, ზურგში დანას ახლობელი რომ ვეღარ ჩამარტყავდა და გულს არ დამისერავდა სიტყვებით.

ისიც ზუსტად ვიცი, რომ რძალს ახლა ძალიან ,,ვუყვარვარ“ და თურმე გულიც დასწყდა რომ ჩამოვედი. თუმცა ვის ჯერა? იქ რომ ვიყავი ყველას ცუდი ვეგონე, თავისუფლებისთვის ოჯახი დაანგრიაო, ეგ რა ქალიაო და არც ვიტყვი, იმ სისაძაგლეებს, რასაც ამბობდნენ.

- საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავთ?

- რა თქმა უნდა, აუცილებლად, პატარა ბინის ყიდვა მაქვს გეგმაში და მერე აუცილებლად ჩაომოვალ, ცოტა ხნით, აქ ჩემს პატარა ბიზნეს ვერ დავტოვებ.

- რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

-თავისუფლების ფასი არაფერი არ არის, უარი არ თქვათ თქვენ ოცნებებზე და არ გაჩერდეთ იქ, სადაც ბედნიერი არ ხართ. ნუ მოუსმენთ ხალხს - იბრძოლეთ იმისთვის რომ ბედნიერი იყოთ.