წმიდა დიდმოწამე გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები -23 ნოემბერს მართმადიდებლური ეკლესია გიორგობას აღნიშნავს


გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაპადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში. იგი იყო დიდებული ოჯახის შვილი. მის მამას გერონტიოსი, დედას კი – პოლიხრონია ერქვა. დედამ წმინდა გიორგის შეასწავლა საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება.

წმიდა დიდმოწამე გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები

სარკინოზთა დასჯა

წმიდა გიორგის სასწაულთა რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებით და წყალობით. წმიდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსრვაზე მოგვითხრობს შემდეგი საკვირველებით აღსავსე სასწაული:

პალესტინაში, წმიდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმიდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, ერთ დროს სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს, იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიჰყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშს და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და დაუწყეს სროლა იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმიდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე თავის მოწინააღმდეგებს ამხილებს და ულმობელად მუსრავს მათ“. ურჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ, ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმიდა გიორგის ხატს, ბრწყინვალედ გამოსახულს და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილს, რომელსაც ერტყა ოქროს ქამარი, ხელში ეჭირა საბრძოლო შუბი და იყო თავზარდამცემი სანახავი თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და სტყორცნა წმიდანის დიდებულ ხატს. ისარი წამშივე უკუიქცა, მტყორცნელს გული გაუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია. დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმიდანის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცმული მეომრები გაიქცენენ. ვინც გადაურჩა მახვილით მოსრვას, მოუთხრობდნენ წმიდა გიორგის უძლეველ ძალაზე.

მეფის ასულის ხსნა

ხოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმიდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, იყო ერთი ქალაქი, რომელსაც ლასია ეწოდებოდა. ამ ქალაქში მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, ურჯულო, კერპთმსახური, შეუბრალებელი და ულმობელი ქრისტიანების მიმართ. თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა უზარმაზარი გველი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა მეფე დაადანაშაულეს, რომ იგი არ ეძებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისათვის შესაწირად და როდესაც ჯერ მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული იყო გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით პატარძალივით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისათვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინიოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმერთის განგებულებით, დიოკლეტიანე მეფემ დაითხოვა ჯარი და სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმიდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და რა იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმიდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო კიდეც. მაშინ ქალმა მოუთხო თავისი გასაჭირის შესახებ. წმიდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდა მამამისი და მისი ქვეშევრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“, - უპასუხა ქალმა. როდესაც წმიდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მცეხისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრება, ჰყავ რაჲცა გნებავს, მე შენთანა ვარ“.

უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა „აქაურობას გაეცალეო“. ხოლო წმიდა გიორგი ვეშაპის შესახვედრად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“. როგორც კი ეს თქვა, სულიწმიდის შეწევნით და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი დაეცა წმიდანის ფეხებთან. წმიდა გიორგიმ უბრძანა ქალს, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისათვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლად ძლიერი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს, რომ მან არ დაგხოცოთ თქვენ“.

მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშევდრომებმა: „გვწამს, მამა და ძე და სული წმიდა“. წმიდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მეფეს დაუბრუნა. ქალაქის მაცხოვრებლების დაემხნენ წმინდანის წინ და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს. მაშინ წმიდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთმა ათასმა კაცმა ნათელ იღო. მეფემ ააშენა ძვირფასი ტაძარი ჭეშმარიტი ღმერთის სადიდებლად. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.

სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმიდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომელიც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმიდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებაზე და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

შავნაბადას წმიდა გიორგი

წმიდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესია. მის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას.

მუსულმანის მოქცევა

დიდი ხნის წინ, როდესაც თურქებმა სირია დაიპყრეს, ეკლესიაში წმიდა გიორგის ხატის წინ ერთი მღვდელი ლოცულობდა. ამ დროს ეკლესიაში შევიდა დიდგვაროვანი თურქი თავისი ამალით, დაუწყო დაცინვა მღვდელს და ხატს ისარი ესროლა, მაგრამ ისარი, ღმერთის ნებით, ხატს ასცდა და დიდგვაროვანს მოხვდა ხელში. შეშინებულმა თურქმა მიმართა მღვდელს თხოვნით, რომ დახმარებოდა მას დასიებული ხელის მორჩენაში. მღვდელმა აუხსნა ურწმუნო ადამიანს, რომ ჩვენ ხატთან წმინდანის წინაშე ვლოცულობთ, და ხატებს პატივს ვცემთ არა როგორც ღმერთებს, არამედ როგორც ღმერთის მსახურთა გამოსახულებებს, რომლებიც ხატის საშუალებით სასწაულებს ახდენენ. ერთ-ერთი სასწაულის თვითმხილველი თვითონ დიდგვაროვანიც გახდა.

თურქმა წაიღო სახლში წმიდა გიორგის ხატი, აუნთო მთელი ღამით კანდელი და დილას ნატკენი ხელი დაიზილა კანდელის ზეთით. მოხდა აღუწერელი სასწაული: ხელი მაშინვე შეუხორცდა. გაოგნებულმა მუსულმანმა წამოიძახა: „შეთხოვე შენს ღმერთს ჩემი ხსნა და მე ვიქნები მისი მონა“. შემდეგ ჩაუვარდა ფეხებში მღვდელს და ითხოვა მონათვლა. მართლაც, ღამით ჩუმად მოინათლა მუსულმანი. მეორე დილას კი მოედანზე გავიდა და საქვეყნოდ აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც მუსულმანების ბრბომ ჩაქოლა.

გატაცებული ყმაწვილის დაბრუნება ოჯახში

მოგეხსენებათ, ჩვენში ერთ დროს ძალიან იყო გავრცელებული ყმაწვილების მოტაცება და გაყიდვა უსჯულოებზე. ასე მიჰყიდეს ერთი ბიჭი ფაშას, რომელმაც იგი დაიყენა თავისთან. ყოველ ღამით ბიჭს მასთან შემოჰქონდა თასით წყალი და ფეხს ბანდა. ბიჭი მორწმუნე ოჯახში იყო გაზრდილი და ისე არ დაწვებოდა, რომ არ ელოცა. ერთხელაც წააწყდა წმიდა გიორგის ხატს და ძალიან გაიხარა. წმიდა გიორგის მთელი მისი ოჯახი სცემდა თაყვანს და ოჯახის მფარველადაც მიაჩნდათ. ბიჭს მისდამი ცოცხალი რწმენა ჰქონდა. იგი მთელი გულითა და არსებით შეევერდა ხატს დახმარებოდა და ოჯახში დაებრუნებინა. და მოხდა საოცრება: საღამოს, როცა წესისაებრ იგი ფაშას ოთახისაკენ თასით ხელში გაეშურა, უეცრად საკუთარ სახლში, მამამისის ფეხებთან აღმოჩნდა. ასე აუსრულა წმიდა გიორგიმ გულისწადილი ბიჭს.