მეტროს მემანქანეების დიდი ნაწილი კორონავირუსით ინფიცირებულია - ერთობა 2013


თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, ერთობა 2013-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია.

"ახლა არსებული სიტუაცია არის ურთულესი, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა. რამაც გამოიღო შედეგი და როგორც აღვნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო", აცხადებენ პროფკავშირში.

ისინი შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს აკისრებენ, რადგან მათ ვირუსთან პრევენციასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებები არ გაითვალისწინეს.

"სექტემბრის თვეში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, ერთობა-2013-ის გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება, რაც გულისხმობდა დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრაობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის მემანქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში. გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა", - განმარტავენ "ერთობა 2013"-ში.